ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედვედევი ამბობს, რომ რუსეთი აღარ მიაწვდის საკვებ პროდუქტებს არამეგობარ ქვეყნებს


რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ამჟამად უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი მთლიანად შეწყვეტს საკვები და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდებას ე.წ. არამეგობრული ქვეყნებისთვის ანუ იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით.

როგორც მედვედევმა "ტელეგრამის" არხში დაწერა, საკვები რუსეთის "ჩუმი იარაღია", ვინაიდან მრავალი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება რუსეთის ექსპორტზეა დამოკიდებული.

მედვედევის თქმით, არსებული რუსული პროდუქცია საკმარისია შიდა მოთხოვნილებების სრულად დასაკმაყოფილებლად. ამავე დროს, მან ახსენა "ფასების კონტროლი". მისივე თქმით, რუსეთი საზღვარგარეთ საკვებ და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს მხოლოდ "მეგობრებს" მიაწვდის. "ჩვენ არ მივაწვდით ჩვენს პროდუქტებს და სოფლის მეურნეობის პროდუქციას ჩვენს მტრებს. ჩვენ კი მათგან არაფერს ვიყიდით", - წერს მედვედევი. მან აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნებიდან პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვები რუსეთში უკვე მოქმედებს 2014 წლიდან, მაგრამ მისი გაფართოება შესაძლებელია. "ჩვენ მტერს სადილს არ მივცემთ", - წერს მედვედევი.

მედვედევმა ტელეგრამის არხი შექმნა უკრაინაში ე.წ. სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ, როდესაც რუსეთში დაბლოკეს ფეისბუკი და ტვიტერი. ის ტელეგრამის არხით მკაცრად ილაშქრებს დასავლეთის ქვეყნების მისამართით, ემუქრება მათ გაზის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით და ღიად მიანიშნებს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ.

ოფიციალურად რუსეთს არ მიუღია "არამეგობრულ ქვეყნებისთვის" საკვების ექსპორტის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება. ასეთ ქვეყნებს შორისაა დაახლოებით 50 სახელმწიფო, მათ შორის შეერთებული შტატები და ევროკავშირის ქვეყნები.

2014 წლის აგვისტოში რუსეთის პრეზიდენტმა, დასავლეთის ქვეყნების სანქციების საპასუხოდ, აკრძალა მათგან არაერთი საკვები პროდუქტის იმპორტი. ამის შემდეგ, საბაჟოზე ამოღებული პროდუქტების განადგურება დაიწყო - მათ წვავდნენ და ბულდოზერებით ანადგურებდნენ.

დასავლეთის სახელმწიფოებმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად მოსკოვს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს. საქართველოს ხელისუფლება "ეროვნული ინტერესების" მოტივით სანქციებს არ შეუერთდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG