შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა დღეს მკაცრი განცხადება გააკეთა თურქეთის მისამართით, რომელიც სახმელეთო ძალებით სირიაში შეიჭრა. ჯიმ მატისის თქმით, „ძალადობამ აფრინში სირიის შედარებით სტაბილური რეგიონი არია. ეს აფერხებს დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების საერთაშორისო ძალისხმევას, რაც შესაძლოა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ და ალ-ყაიდამ [თავის სასარგებლოდ] გამოიყენოს“.
მატისმა განცხადება ინდონეზიაში შეკრებილ ჟურნალისტებთან გააკეთა. თურქეთმა გააძლიერა იერიშები ამერიკის მოკავშირე ქურთი დაჯგუფებების წინააღმდეგ, რომლებიც სირიაში ქალაქ აფრინის ტერიტორიას აკონტროლებენ. ანკარა უკმაყოფილოა იმით, რომ შეერთებული შტატები ქურთ მებრძოლებს ეხმარება და ამ კვირაშიც მოუწოდა ამერიკას, შეწყვიტოს მათი მხარდაჭერა.
სირიის ტერიტორიაზე თურქეთის ქმედების კრიტიკას ამერიკასთან ერთად გერმანია და საფრანგეთი შეუერთდა. დასავლეთი თურქეთს მოუწოდებს, ყურადღება მეტად გაამახვილოს დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაზე.
Facebook Forum