ჯორჯიის შტატის ოფიციალურ პირებს შორის, პირბადის ტარების საკითხზე დაპირისპირება გაჩნდა, რომელიც ძირითადად პარტიულ ხაზზე გადის.
ოთხშაბათს საღამოს, რესპუბლიკელმა გუბერნატორმა ბრაიან კემპმა გამოსცა ბრძანება და შეაჩერა ადგილობრივი რეგულაციები, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში “სახის საფარის, ნიღბების, პირსაბურავის ან ნებისმიერი სხვა პირადი დაცვის მოწყობილობის” გამოყენებას მოითხოვს.
ადგილობრივი მთავრობების ბრძანებაში ნათქვამია, რომ მოსახლეობას “დაბეჯითებით მოუწოდებენ” საზოგადოებრივ ადგილებში სახის საფარი გამოიყენონ. კემპმა კი, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რესპუბლიკური პარტიის წევრია, აღნიშნა, რომ ნიღბის სავალდებულო ტარების ნებისმიერი ბრძანება ზედმეტად შემზღუდველი იქნება.
ქალაქ სავანის დემოკრატ მერ ვენ ჯონსონს, რომელმაც ჯორჯიის ამ ქალაქში ნიღბის სავალდებულო ტარების ბრძანება 1 ივლისს გამოსცა, მყისიერი რეაქცია ჰქონდა. “ტვიტერზე” მან გამოაქვეყნა: “ეს ოფიციალურად ოფიციალურია. გუბერნატორ კემპისთვის ჩვენ არაფერს წარმოვადგენთ. ყველა კაცი და ქალი თავისთვის იღებს გადაწყვეტილებას. უგულებელყავ მეცნიერება და როგორც შეძლებ ისე გადარჩი.”
ქალაქ ატლანტის დემოკრატმა მერმა კეიშა ლანს ბოტომსმა, ჯორჯიის უდიდეს ქალაქში ნიღბის სავალდებულო ტარება 8 ივლისს დააწესა.
თვითონ ტრამპი, ჯანდაცვის საკუთარი ოფიციალური პირების რჩევებსაც ნაკლებად ითვალისწინებდა და პირბადით საჯაროდ მთელი ამ 5 თვის მანძილზე, მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა. მისი პარტიის წევრმა გუბერნატორებმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა მაგალითი მისგან აიღეს, თუმცა - არა ყველამ. ტეხასში, სადაც ინფექციების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, რესპუბლიკელმა გუბერნატორმა გრეგ ებოტმა, ორი კვირის წინ, საგრაფოების უმეტესი ნაწილის მოსახლეობას საჯარო ადგილებში პირბადის ტარება უბრძანა.
Facebook Forum