ეს ადამ ბარტლია. ის ახლა თავისი წამლის მისაღებად მიდის. ის წლების განმავლობაში იძულებული იყო მედიკამენტი შავ ბაზარზე შეეძინა, ახლა კი უსაფრთხოდ და კანონიერად შეუძლია ამის გაკეთება.
„როცა მე ან სხვა პაციენტი აფთიაქში ვრეკავთ და მიღებაზე ვეწერებით, მათი თანამშრომელი მხვდება კართან და ნახულობს ჩემს მოწმობებს. როგორც ჩვეულებრივ, სახელმწიფოს მიერ გაცემულ პირადობის მოწმობას, ასევე ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ გაცემულ მოწმობას სამედიცინო მარიხუანის მისაღებად.“
ჯეფ კანი წამლის გასაცემი პუნქტის მფლობელია, რომელიც სულ ახლახანს გაიხსნა, ქალაქის სულ ოთხი ლიცენზიიდან ერთის მოსაპოვებლად სამწლიანი კონკურენტული ბრძოლის შემდეგ. ჯერჯერობით ბიზნესი სუსტია, მაგრამ კანი გულს არ იტეხს. მისთვის ეს ცხოვრების მიზანია.
„ჩვენ გვინდა , რომ ადამიანებმა იცოდნენ თუ რას ღებულობენ, რომ სწორი არჩევანი გააკეთონ, რომ ჰქონდეთ სწორი წამლის შერჩევის და მისი უსაფრთხოდ გამოყენების საშუალება.“
მარიხუანის მომხმარებელი ადამ ბარტლი ამბობს:
„ მე 23 წლის განმავლობაში ვიყავი იმუნო-დეფიციტის ვირუსის დიაგნოზით და აქედან ბევრი წლის განმავლობაში შიდსით ვცხოვრობდი. დიდი რაოდენობით წამლები მაქვს მიღებული. ბევრი წამალი იწვევდა კუჭის დისკომფორტს, უმადობას და გულისრევას.“
სამედიცინო მარიხუანა აქ, ვაშინგტონში კანონიერია, თუმცა ფედერალური კანონმდებლობით ჯერ კიდევ უკანონოა, ამიტომ ქალაქი ძალიან ფრთხილად იქცევა.
ჯეფ კანი ამბობს:
„სამედიცინო მარიხუანის პროგრამის ყველა ნაბიჯი კამერებით იწერება, ჩაკეტილია და სრულად აღინუსხება დათესვიდან გაყიდვამდე.“
სამედიცინო მარიხუანის მისაღები მოწმობის მოპოვება პოტენციური კლიენტებისთვის იოლი არ არის.
მარიხუანის პაციენტი ადამ ბარტლი ამბობს:
„ამისათვის საჭიროა ჯანდაცვის დეპარტამენტთან ელექტრონული და მხოლოდ ელექტრონული ფოსტით დაკავშირება. საჭიროა ჩამოტვირთოთ, ამობეჭდოთ და შეავსოთ დიდი განცხადება, წარადგინოთ დოკუმენტები და საპასპორტო ზომის ფოტოსურათი. განცხადების შესატანად 100 დოლარის ოდენობის გადასახადია დაწესებული.“
მაგრამ სანამ აქამდე მიხვალთ, უნდა გქონდეთ კიბო, იმუნო-დეფიციტის ვირუსი, შიდსი, გლაუკომა ან კუნთების მწვავე სპაზმები, რათა ამ პროგრამაში ჩართვის წინაპირობა დააკმაყოფილოთ. მერე ექიმმა უნდა შეავსოს კიდევ ერთი, დიდი ზომის ფორმა, რომლითაც თქვენ გაგიწევთ რეკომენდაციას. საკილიბა მაინსი ერთ-ერთია ქალაქის იმ მცირერიცხოვანი ექიმებიდან, რომლებიც ასეთ რეკომენდაციებს გასცემენ. ის ამბობს, რომ თავდაპირველად სიფრთხილეს იჩენდა.
„ჩვენ არ შეგვიძლია გავიმეოროთ ის, რაც სხვა შტატებში ხდება, როცა ექიმები მხოლოდ იმას აკეთებენ, რომ რეკომენდაციას გასცემენ და პაციენტს მთელი წლის განმავლობაში აღარ ნახულობენ. მე არ ვფიქრობ, რომ ეს კარგი მედიცინაა.“
ექიმმა რობერტ დიუპონმა ამ საკითხზე რამდენიმე ადმინისტრაციას მიმართა. ის ამბობს, რომ უკეთესი იქნებოდა მარიხუანის მოწევის ნაცვლად მისი წამლად გადაკეთება, თუმცა მისთვის მისაღებია ის ფორმა, რითაც ქალაქი ამ პროგრამას ატარებს.
„ვფიქრობ, შეზღუდული პროგრამა, რომელიც იმაში დარწმუნების გარანტიას იძლევა, რომ ადამიანები ნამდვილად ავად არიან და უკვე სცადეს სხვა სახის მკურნალობა, და რომ მიიღებენ მათთვის გონივრულად საკმარის მარიხუანას, რასაც სხვაზე არ გაყიდიან ან სხვას არ გადასცემენ, საკითხის ძალიან კარგი პოლიტიკური გადაწყვეტაა.“
ამჟამად მხოლოდ 28 პაციენტმა შეძლო ამ პროგრამის წინაპირობების დაკმაყოფილება და ეს ნამდვილად არაა საკმარისი სისტემის მხარდასაჭერად.
დღეს-დღეობით 10.5 გრამიანი დოზა დაახლოებით 200 დოლარი ღირს და დაზღვევა ამ ხარჯს არ ფარავს. მაგრამ ადამი კმაყოფილია იმით, რომ ადგილობრივ ეკონომიკას ეხმარება და თავის მარიხუანას კანონიერი გზით იძენს.