პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირას ევროპის ორ ლიდერს
უმასპინძლა. საფრანგეთის პრეზიდენტის შემდეგ, ვაშინგტონში გერმანიის კანცლერი ჩავიდა. პრეზიდენტ მაკრონის ვიზიტის აღსანიშნავად თეთრ სახლში მარსელიეზას ფონზე სამხედრო მიღება ცერემონიალი გაიმართა. ხოლო გერმანიის კანცლერს ტრამპი ნაკლები ენთუზიაზმით, ცივად შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ მერკელის ვიზიტი ფორმატით და მასშტაბით მაკრონის ვიზიტისგან განსხვავდებოდა,ფრანგი კოლეგის მსგავსად გერმანიის კანცლერმა პრეზიდენტ ტრამპთან განსახილველად შეერთებული შტატების საერთაშორისო პოლიტიკაში ჩართულობა, ტრანსატლანტიკური უსაფრთხოება და ირანის ბირთვული შეთანხმება დააყენა.
პოლ ზაჟაკი ამერიკის წამოწყებათა ინსტიტუტიდან ამბობს, რომ მიუხედავად უთანხმოებებისა, საფრანგეთის და ამერიკის ლიდერებმა საერთო ენა გამონახეს.
"საინტერესოა ორ ლიდერს შორის დაახლოება, რადგან ისინი პოლიტიკური სპექტრის საწინააღმდეგო მხარეს არიან. თუმცა, ისინი ახერხებენ კარგი ურთიერთობის ქონას, რადგან ორივე მათგანი პოლიტიკური ელიტის გარეთ იყო და ორივემ პოლიტიკური სისტემა შეარყია", - თქვა მან.
მისი თქმით, ორი ლიდერი მართალია საპირისპირო პოლიტიკურ პოლუსზეა, მათ მსგავს გამოწვევებთან გამკლავება უწევთ.
"ასევე, ისინი მსგავს გამოწვევებს უმკლავდებიან. ისინი აირჩიეს პოპულიზმის და ნაციონალიზმის პერიოდში და მათ უწევთ ამ პრობლემებზე პასუხის გაცემა. რა თქმა უნდა, მათი მიდგომები განსხვავდება მაგრამ, ამის მიუხედავად კავშირის დამყარებას ახერხებენ. თუმცა მთავარი კითხვა არის, თუ რამდენად მოახერხებენ მაკრონი და მერკელი, ამ პირადი ურთიერთობის გამოყენებას მიზნების მისაღწევად, და დაიყოლიებენ თუ არა ტრამპს თანამშრომლობისთვის საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე", - ამბობს ზაჟაკი.
გასული წლის ვიზიტისგან განსხვავებით, პრეზიდენტმა ტრამპმა გერმანიის კანცლერი უფრო პოზიტიურად მიიღო და აღნიშნა, რომ მიუხედავად სპეკულაციებისა ორ ლიდერს კარგი ურთიერთობა აქვს.
ამერიკელი მიმომხილველები ამბობენ, რომ ორივე ევროპელი ლიდერის მიზანი პრეზიდენტ ტრამპის იმაში დარწმუნებაა, რომ შეერთებული შტატები დარჩეს ირანის შეთანხმების ნაწილად, რომელიც 2015 წელს იქნა მიღებული და რომლის მიხედვითაც, ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერების სანაცვლოდ, თეირანს დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ნაწილი მოეხსნა.
"პრეზიდენტი მაკრონი ახლა ევროპის მთავარი შუამავალია შეერთებულ შტატებთან. ობამას პრეზიდენტობისას ეს პოზიცია ანგელა მერკელს ეკავა... ტრამპი მერკელს კამპანიის განმავლობაში იმიგრაციის საკითხებზე პოზიციის გამო აკრიტიკებდა. პრეზიდენტი გერმანიით უკმაყოფილია სავაჭრო დეფიციტის და თავდაცვაზე ხარჯების გამო. ანგელა მერკელმა თავის მხრივ, ტრამპის პოზიციები ბევრჯერ გააკრიტიკა. მაშინ, როდესაც მაკრონი თავს იკავებს ღია კრიტიკისგან. მან გამოხატა საკუთარი უკმაყოფილება, თუმცა ისეთი ფორმით, რასაც ტრამპი აფასებს", - ამბობს კირჩიკი.
ჯეიმს კირჩიკი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად გადაითარგმნება ორ ლიდერს შორის დადებითი ურთიერთობა საქმეში.
"ამ ორ ლიდერს შორის კარგი ურთიერთობის დამყარება მოულოდნელი იყო, რადგან ისინი იდეოლოგიურად ძალიან განსხვავდებიან. ტრამპს უფრო ნაციონალისტური პოზიცია აქვს, მაშინ როცა მაკრონი კოსმოპოლიტია. თუმცა, რამდენად გადაითარგმნება მათი ეს ურთიერთობა გადაწყვეტილების მიღებისას თანამშრომლობაში ისეთ საკითხებზე, როგორიცა ირანის ბირთვული შეთანხმება, ვაჭრობა და კლიმატური პრობლემები, ჯერ ძნელი სათქმელია", - თქვა მან.
თუმცა ორმხრივი ურთიერთობა ევროპულ დედაქალაქებსა და ვაშინგტონს შორის, ევროპის ერთიანობისთვის საზიანოა, ამბობს სილია ბელინი "ბრუკინგსის ინსტიტუტიდან".
"მე ევროპული ერთიანობის საკითხი მაღელვებს. სიმბოლურად, არც თუ ისე კარგია, როდესაც ამერიკა-საფრანგეთს შორის ამ კვირაში სიყვარულის ფესტივალი ვიხილეთ, ტრამპსა და მერკელს შორის კი უფრო სამუშაო სახის შეხვედრა. ამიტომ, ვფიქრობ ეს შექმნილი ატმოსფერო უნდა შეიცვალოს, რადგან საფრანგეთს და გერმანიას ყველაზე ნაკლებად ის ჭირდება, რომ ამერიკა მათ შორის ჩადგეს. მერკელი და მაკრონი ამ საკითხს ფრთხილად მოეკიდნენ და მოახდინეს საკუთარი მესიჯების შეხვედრამდე კოორდინაცია. ამასთან, საფრანგეთის და ამერიკის ურთიერთობამ არ უნდა დაგვავიწყოს, რომ რეალურად ფრანკო-გერმანული კავშირი უფრო მეტად მნიშვნელოვანია [ევროპის სიმტკიცისთვის], - ამბობს ბელინი.
პრეზიდენტი ტრამპი ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას 12 მაისს გამოაცხადებს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ მიუხედავად ევროპელი პოლიტიკოსების მცდელობისა, ტრამპი სავარაუდოდ შეთანხმების ძალაში დატოვების გადაწყვეტილებას მიიღებს.
რამდენად მოახერხებენ ევროპელი ლიდერები პირადი სიმპათიებით თუ პოლიტიკური მცდელობებით ტრამპის დაყოლიებას ითანამშრომლოს ევროპასთან საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ჯერ-ჯერობით ღია საკითხია.