დღეს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ვაშინგტონში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტი აქვს. ის პრეზიდენტ ტრამპს თეთრ სახლში ხვდება. რამდენიმე დღის წინ შეერთებულ შტატებში სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
მიმომხილველების შეფასებით, თანმიმდევრული ვიზიტები არის გაერთიანებული მცდელობა ევროპელი ლიდერებისა, დაარწმუნონ პრეზიდენტი ტრამპი, რომ ამერიკამ არ დატოვოს ირანის ბირთვული შეთანხმება, ევროკავშირის წევრებს კი "მუდმივი გამონაკლისის" სტატუსი მიანიჭოს ფოლადისა და ალუმინის ახალ ტარიფებთან დაკავშირებით.
არსებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპს გერმანიის კანცლერთან არც ისე თბილი ურთიერთობა აქვს, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტთან.
"ჰერითიჯის ფონდის" მარგარეტ ტეტჩერის სახელობის ცენტრის დრექტორი ნაილ გარდინერი ამბობს, რომ მერკელს უფრო წინააღმდეგობრივი პოზიცია აქვს ტრამპის ადმინისტრაციასთან, ვიდრე საფრანგეთის პრეზიდენტს და გერმანელები გაცილებით უფრო კრიტიკულები იყვნენ ტრამპის საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ.
Facebook Forum