ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ „რამდენიმე ათეული“ რუსული ბირთვული ქობინი ახლა მის ქვეყანაშია განლაგებული და დაახლოებით 30 ობიექტი „ორეშნიკ“ სარაკეტო სისტემების განლაგების შესაძლო ადგილად განიხილება. ამ სისტემის საბრძოლო გამოცდა ცოტა ხნის წინ, უკრაინაზე მასშტაბური იერიშის დროს მოხდა.
ლუკაშენკომ კომენტარი 10 დეკემბერს, ბელარუსის ქალაქ ბარისაუში ვიზიტის დროს გააკეთა. ეს მოხდა ოთხი დღის შემდეგ პუტინის განცხადებიდან, რომელშიც თქვა, რომ „ორეშნიკ“ სისტემები ბელარუსში სტრატეგიული სარაკეტო ძალების პარალელურად განთავსდება.
მოვლენების ასეთი განვითარება, რუსეთსა და ბელარუსს შორის სამხედრო სტრატეგიის და ურთიერთობების ახალ ფაზას ხსნის. ეს ასევე ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის სამხედრო ინტეგრაციის შემდგომ გაღრმავებას და აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების გაზრდას.
„ორეშნიკის“ კონკრეტული ტექნიკური მონაცემები გასაიდუმლოებულია, მაგრამ გავრცელებული ცნობების თანახმად, მისი დიზაინი რუსეთის ბირთვული არსენალის გადარჩენის უნარის და ეფექტურობის გასაზრდელადაა გათვლილი.
ბელარუსი ნატოს წევრ ქვეყნებს ესაზღვრება, მათ შორის ესტონეთს, ლატვიას, ლიეტუვას და პოლონეთს, რაც ამ ქვეყანას რუსული სამხედრო ძალების განლაგებისთვის მნიშვნელოვან წერტილად აქცევს, განსაკუთრებით დასავლეთთან გაზრდილი დაძაბულობის პირობებში, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანმა აგრესიამ გამოიწვია.