ლიეტუვა აცხადებს, რომ ბელარუსის საზღვარზე ბარიერის მშენებლობა დაიწყო, რადგან უკანონო მიგრანტების მიერ საზღვრის გადაკვეთის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა. ვილნიუსი ამბობს, რომ ბელარუსი ევროკავშირის სანქციებისთვის სამაგიეროს გადახდის გამო, ამის ორგანიზებას შეგნებულად ახდენს.
9 ივლისს, ლიეტუვის საზღვრის დაცვის სამსახურის პრეს-მდივანმა გედრუს მიშუტისმა თქვა, რომ სამხედროებმა საზღვრის გასწვრივ მავთულის ღობის გავლება დაიწყეს. ღობის ზოგიერთი ნაწილი ტყიან ადგილებზე გადის. ვილნიუსი ცდილობს მიგრანტების შედინების კონტროლი მოახდინოს და ამბობს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ქვეყნის საზღვარი ასობით მიგრანტმა გადაკვეთა.
მოსალოდნელია, რომ ეკლიანი მავთულხლართის ბარიერი დაახლოებით 30 კილომეტრიან მონაკვეთს დაფარავს. მისი სიმაღლე 1.8 მეტრი იქნება.
მინსკის მიერ თვითმფრინავის იძულებით დაშვების გამო დაწესებული სანქციების საპასაუხოდ, ლუკაშენკო დაიმუქრა, რომ მისი ქვეყანა მიგრანტებს თავის დასავლეთ, ევროკავშირთან საზღვრის, გადაკვეთას აღარ შეუზღუდავდა.
მაისში გაჟღერებული ამ მუქარის შემდეგ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ასობით ადამიანი, მეტწილად ერაყელი, საზღვარს უკანონოდ კვეთდა.
პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა სიმონაიტემ, დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც ლიეტუვაში მოხვედრილ სულ მცირე ერთ მიგრანტს აღმოაჩნდა, 7 ივლისს თქვა, რომ ბელარუსი მიგრანტებს მინსკში გადაფრენას სთავაზობდა.
შენგენის, თავისუფალი გადაადგილების ზონის წევრი ვილნიუსი აცხადებს, რომ ევროკავშირის მეზობელ სახელმწიფოებთან სასაზღვრო კონტროლის დაწესებას აპირებს, რათა ბლოკის დასავლეთ ქვეყნებისკენ მიგრანტების გადაადგილება შეზღუდოს.