ორშაბათს ლიბიის გენერალურმა პროკურატურამ გამოაცხადა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთ ქალაქ დერნას მერი და სხვა ოფიციალური პირები დააკავეს. ისინი არასწორი მენეჯმენტის და გულგრილობის ეჭვის საფუძველზე დააკავეს, რაც ორი კვირის წინ ჯებირის ჩამოშლას და ქალაქის დატბორვას უკავშირდება.
გენერალურმა პროკურატურამ , რომელიც დედაქალაქ ტრიპოლიშია ბაზირებული, განაცხადა, რომ რვა ოფიციალური პირის დაკავების ორდერები გასცა. დაკავებულებს შორის ქალაქის მერი და წყლის რესურსებზე პასუხისმგებელი პირი არიან.
ქალაქის განრისხებულმა მცხოვრებლაბმა ჯებირების ჩამოშლა ხელისუფლებას დააბრალეს.
2007 წელს, ჯებირის აღსადგენი კონტრაქტი ვერ შესრულდა სამოქალაქო ომის გამო, რომელიც ნატოს მხარდაჭერილი აჯანყებით დაიწყო და 2011 წელს მუამარ კადაფის დამხობა გამოიწვია. 2019 წლამდე ქალაქ დერნას სხვადასხვა შეიარაღებული ჯგუფი, მათ შორის ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებდა.
გასულ კვირაში დემონსტრანტებმა მერ აბდულმენამ ალ-გაითის სახლი დაწვეს. ქვეყნის აღმოსავლეთის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მისი უფლებამოსილება შეჩერებული იყო და ქალაქის მთელი საბჭო დაითხოვეს.
წყალდიდობამ ათასობით ადამიანის დადასტურებული სიკვდილი გამოიწვია და კიდევ ათასობით ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. წყალმა მთლიანი შენობები ზღვაში ჩარეცხა. საერთაშორისო მაშველი ჯგუფები ქალაქის პორტში და ნანგრევებიდან ცხედრების ამოტანის ძალისხმევას აგრძელებენ.
წყალდიდობამ და სამაშველო ძალისხმევამ ასევე გამოააშკარავა დაპირისპირება ცენტრალურ მთავრობასა და მეტოქე ადმინისტრაციას შორის, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთს აკონტროლებს და ტრიპოლის ხელისუფლებას არ ცნობს.