ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კაცი, რომელმაც ბროლისფერი ჰორიზონტი დაგვანახა


ალპინიზმის ლეგენდა რაინჰოლდ მესნერი
ალპინიზმის ლეგენდა რაინჰოლდ მესნერი

მთამსვლელობის ლეგენდამ, რომელიც მეორე დღეა საქართველოში მოგზაურობს, საკუთარი ცხოვრებით ადამიანის შესაძლებლობებზე წარმოდგენა კარდინალურად შეცვალა. 72 წლის რაინჰოლდ მესნერის მხრებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით ურთულეს მწვერვალებზე, ასზე მეტი პირველი ასვლაა. გამორჩეული კვალი მან, მთამსვლელობის მექაში დატოვა.

იტალიის გერმანულენოვან რეგიონში - სამხრეთ ტიროლის ალპებში გაზრდილი, რაინჰოლდი პირველად, ჰიმალაებში, 1970 წელს, 26 წლის ასაკში გამოჩნდა და მომდევნო 16 წლის მანძილზე, „შეშლილი იდეა“, რომლისაც არავის სჯეროდა, ბოლომდე განახორციელა - დედამიწაზე პირველი, მსოფლიოს ყველა, თოთხმეტივე რვაათასიანზე ავიდა.

1980 წელს, ევერესტისკენ ეულად მიმავალი
1980 წელს, ევერესტისკენ ეულად მიმავალი

ამათგან, რამდენიმე მარშრუტი დღემდე ალპინიზმის მასტერ-კლასად მიიჩნევა: მსოფლიოს უმაღლესს მწვერვალ ევერესტზე, 1978 წლის ასვლა ჟანგბადის გარეშე; იმავე წელს, 8162 მეტრიანი - ნანგა პარბატის „დაპყრობა“, მარტო, მხოლოდ 15 კილოგრამიანი ზურგჩანთის ამარა და ორი წლის შემდეგ, ლეგენდარული სოლო ევერესტზე, მუსონების სეზონზე, ასევე, სრულიად მარტო, ჟანგბადისა და ტექნიკური აღჭურვილობის გარეშე.

მთამსვლელობის ცოცხალი ლეგენდის სანახავად გუშინ, ვერის პარკში მდებარე ალპურ კლუბში, უამრავი ადამიანი შეიკრიბა. ცნობილი ექიმი და მთამსვლელი ავთო ცინცაძე ამბობს, რომ მესნერმა ალპინისტების არაერთ თაობაზე უზარმაზარი გავლენა მოახდინა:

ეს არის კაცი, რომელმაც მოტივაცია მისცა მილიონობით ადამიანს რომ დაეწყოთ მთაში სიარული. ამ ადამიანმა შექმნა თანამედროვე ალპინიზმი და დაამკვიდრა უამრავი ახალი სტანდარტი. უდიდესი სახელი აქვს, როგორც ფეხბურთში არის - პელე, ისევე არის ალპინიზმში - მესნერი“
ავთანდილ ცინცაძე, მთამსვლელი

„ეს არის კაცი, რომელმაც მოტივაცია მისცა მილიონობით ადამიანს, რომ დაეწყოთ მთაში სიარული. ამ ადამიანმა შექმნა თანამედროვე ალპინიზმი და დაამკვიდრა უამრავი ახალი სტანდარტი. უდიდესი სახელი აქვს, როგორც ფეხბურთში არის - პელე, ისევე არის ალპინიზმში - რაინჰოლდ მესნერი.“

რაინჰოლდ მესნერი საქართველოს ასოციაცია "ქართული ღვინოს" მოწვევით, მთის კურორტების პოტენციალის შესასწავლად და რჩევების მისაცემად სტუმრობს. მან უკვე მოინახულა კახეთი, თუშეთი და სვანეთი, სადაც ქართული ალპინიზმის ლეგენდის მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი დაათვალიერა. ალავერდის მონასტრის მარანში კი ქვევრის საოცარი ღვინო დააგემოვნა.

72 წლის მესნერი თუშეთში
72 წლის მესნერი თუშეთში

მთის ტურიზმის კუთხით სახელგანთქმულ მთამსვლელს მდიდარი გამოცდილება აქვს. მესნერი გარემოს აქტიური დამცველია, 1999-2004 წლებში იტალიის „მწვანეთა პარტიის“ სიით ევროპარლამენტის დეპუტატიც იყო.

ათ წელზე მეტია, მშობლიურ სამხრეთ ტიროლში, იტალიის ალპებში მთის მუზეუმების ქსელს ავითარებს, რომლებსაც უამრავი მნახველი ჰყავს. აქ გამოფენილია მესნერის უნიკალური ექსპედიციების ამსახველი ნივთები, ინსტალაციები, წარმოდგენილია მთისა და ალპინიზმის ისტორია.

მას კურორტ სოლდეში აქვს იაკების ფერმა და ნატურალურ პროდუქტს აწარმოებს. თავად კი ვალ-ვენოსტას ულამაზეს ხეობაში, კასტელ იუვალის შუა საუკუნეების ციხე-კოშკში ცხოვრობს.

მესნერის მთის მუზეუმის ქსელი იტალიის ალპებში
მესნერის მთის მუზეუმის ქსელი იტალიის ალპებში

საქართველოს მთის კურორტების მონახულების შემდეგ, რაინჰოლდ მესნერმა, რომელსაც ათობით ნაშრომი აქვს გამოცემული მთის ბუნებრივი, თვითმყოფადი განვითარების შესახებ, კერძოდ აღნიშნა:

„საქართველოს მთებში უზარმაზარი შესაძლებლობებია. ადგილობრივი სოფლის მეურნეობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, ეროვნულ სამოსთან და ნაციონალურ სამზარეულოსთან უნდა გაერთიანდეს. უნდა დააინტერესოთ ტურისტები, რომლებსაც სურთ თხილამურით სრიალი და ცხენით ჯირითი"
რაინჰოლდ მესნერი

„საქართველოს მთებში უზარმაზარი შესაძლებლობებია. ადგილობრივი სოფლის მეურნეობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, ეროვნულ სამოსთან და ნაციონალურ სამზარეულოსთან უნდა გაერთიანდეს. უნდა დააინტერესოთ ტურისტები, რომლებსაც სურთ თხილამურით სრიალი და ცხენით ჯირითი.

თუ ამ გეგმას განახორციელებთ, ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა. ალპებში ამას მომთაბარეობას ვეძახით, როცა ადამიანები საზაფხულოდ ალპურ ზონაში ადიან საცხოვრებლად და ნატურალურ პროდუქტსაც ადგილზე აწარმოებენ. სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობის შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს აქვს შანსი ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე სამთო-ტურისტული ქვეყანა გახდეს“.

ნანგა პარბატის "წყევლა" - მესნერის ამპუტირებული თითები
ნანგა პარბატის "წყევლა" - მესნერის ამპუტირებული თითები

„მწვერვალზე ასვლა თავისებური გამოწვევაა, მაგრამ ხელოვნება ის კი არ არის სიკვდილი ვეძიოთ, არამედ ის, რომ ამ ორთაბრძოლიდან გამარჯვებული გამოვიდეთ“ - ეს სიტყვები ეკუთვნის ადამიანს, რომელმაც 1970 წელს, ნანგა პარბატზე, საკუთარი ძმა გიუნტერი დაკარგა, მას კი ფეხზე შვიდი გაყინული თითის ამპუტაცია დასჭირდა.

ამის მიუხედავად, რაინჰოლდ მესნერმა გაიარა წარმოუდგენელი გზა და ყველას დაგვანახა თუ რა ხდება „ბროლისფერი ჰორიზონტის“ მიღმა. (მისი წიგნი Хрустальный горизонт საბჭოთა საქართველოში ძალიან პოპულარული იყო).

აქტიური ალპინიზმის შემდეგ, მესნერმა ფეხით გადასერა ანტარქტიდა, გრელანდია, ტაკლა-მაკანისა და გობის უდაბნები, ჩრდილოეთი და სამხრეთ პოლუსები. „ახლა მე ნებაყოფლობით მივდივარ ჯოჯოხეთში“ - წერს იგი თავის ბოლო ავტოგრაფიულ წიგნში „ჩემი ცხოვრება შესაძლებლობების ზღვარზე.“

სამოთხე - ჯოჯოხეთამდე: მესნერის საცხოვრებელი სახლი იტალიაში
სამოთხე - ჯოჯოხეთამდე: მესნერის საცხოვრებელი სახლი იტალიაში

რაინჰოლდ მესნერის „შეშლილი იდეა“ - ჰიმალაის რვაათასიანები (1970-1986)

1970 - ნანგა პარბატი (8125) დაიღუპა ძმა გიუნტერ მესნერი

1972 - მანასლუ (8163) დაიღუპა მეწყვილე ფრენკ ეგერი

1975 - გაშერბრუმ-1 (8080)

1978 - ევერსტი(8848) და ნანგა პარბატი(8125)

1979 – K2 (8611)

1980 - ევერესტი (8848)

1981 - შიშა პანგმა (8027)

1982 - კანჩენჯანგა (8586), გაშერბრუმ-2 (8034), ბროუდ პიკი(8051)

1983 - ჩო ოიუი (8188)

1984 - გაშერბრუმ-1 (8080) და გაშერბრუმ-2 (8034)

1985 - ანაპურნა (8091) და დჰაულაგირი (8167)

1986 - მაკალუ (8485) და ლჰოცზე (8516)

1980 წელი, ევერესტზე
1980 წელი, ევერესტზე

Facebook Forum

XS
SM
MD
LG