ალპინიზმის მთელი ისტორია ოცნებების დევნაა. მოექცე მწვერვალს თავზე, სადაც მანამდე ფეხი არავის დაუდგამს განსაკუთრებული ემოციაა, რომელსაც ვერაფერი შეედრება. მით უმეტეს, რომ მსოფლიოში აუსვლელი მთები და გაუვლელი ურთულესი მარშრუტები, არც ისე ბევრი დარჩა, მათ შორის, მთამსვლელობის მექაშიც.
ახალი თაობის ქართველი მთამსვლელები არჩილ ბადრიაშვილი, გიორგი ტეფნაძე და ბაქარ გელაშვილი ჰიმალაებში, პირველი ქართული გზის გასაკვალად, მწვერვალს დიდი ხნის მანძილზე არჩევდნენ. საბოლოოდ, ნეპალის ტერიტორიაზე მდებარე ლარკიაზე შეჩერდნენ.
მსოფლიოს რიგით მერვე მთის მანასლუს (8156) იგივე "სულის მთის" სიახლოვეს ამოზრდილმა მწვერვალმა ყველა პარამეტრი დააკმაყოფილა. სიმაღლე - 6425 მეტრი, კედელი - 700 მეტრი, სირთულე - 6A.
რაც მთავარია, ლარკია ხელუხლებელი და მიუდგომელი განძივით იყო, მასზე ადამიანს ფეხი არ დაედგა. მწვერვალისა და მისი ფერდობების შესახებ მთელი ინფორმაცია, სამიოდე შორი პანორამული ფოტოთი და სატელიტით მიღებული ზოგადი, მოძველებული ცნობებით შემოიფარგლებოდა.
ქართული ექსპედიცია ნეპალის დედალაქ კატმანდუში 8 სექტემბერს ჩაფრინდა. იქ მათ, მეოთხე წევრი, ევერესტზე სამჯერ ნამყოფი გია თორთლაძე შეუერთდა. შემდეგ იყო გრძელი და დამღლელი გზა საბაზო ბანაკისკენ, მანქანით, ფეხით და მძიმე ტვირთით, რომელიც ჯორებით გადაჰქონდათ.
4700 მეტრიდან მოულოდნელად უკან მოტრიალდა გია თორთლაძე. 18 სექტემბერს კი ბიჭებმა ულამაზეს და უკაცრიელ ხეობაში მოწინავე საბაზო ბანაკამდე მიაღწიეს, საიდანაც 9 დღიანი შტურმი დაიწყო.
აქედან, თითქმის ერთი კვირა (6 დღე) ლარკიას 700 მეტრიან, სამხრეთ-აღმოსავლეთ კედლის დაძლევას დასჭირდა, რომელიც იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე საქართველოდან ჩანდა.
27 სექტემბერს, საღამოს 8 საათზე, ისტორიული ოცნება ასრულდა. ჰიმალაებში პირველი ქართული გზა გაიჭრა და ბიჭები მთვარის შუქზე ლარკიას თავზე მოექცნენ. არჩილ ბადრიაშვილი, რომელიც პროფესიით ექიმია და მთაში სიარული მამის, ცნობილი ალპინისტის ზურაბ ბადრიაშვილის გავლენით დაიწყო, პირველი ასვლის ემოციას გვიზიარებს:
როდესაც პირველი მიდიხარ, არ იცი იქ რა გელოდება, შესაბამისად გამოცდაც, სირთულეც მეტია და მწვერვალზე ასვლისას, ემოციაც რა თქმა უნდა, უფრო ძლიერია. ღამით ავედით, ღამის ულამაზესი პანორამა მთვარის შუქზე და ემოციური პიკი პირდაპირ მწვერვალზე გვქონდა“არჩილ ბადრიაშვილი, მთამსვლელი
„როდესაც პირველი მიდიხარ, არ იცი იქ რა გელოდება, შესაბამისად გამოცდაც, სირთულეც მეტია და მწვერვალზე ასვლისას, ემოციაც რა თქმა უნდა, უფრო ძლიერია. ელემენტარულად, მეტ ძალისხმევას მოითხოვს ეს ყველაფერი.
ჩვენ, თან, შედარებით, უცნაურ პირობებში მოგვიწია ასვლა, არამდგრად ამინდში, ღამით ავედით, ღამის ულამაზესი პანორამა მთვარის შუქზე და ემოციური პიკი პირდაპირ მწვერვალზე გვქონდა.“
27 წლის არჩილ ბადრიაშვილისა და 28 წლის გიორგი ტეფნაძის წყვილი ნოვატორული ასვლებით აქამდეც გამორჩეული იყო. 2014 წლიდან, მათ ათამდე პირველი ქართული გზა და ახალი მარშრუტი დაუგროვდათ.
მათ შორის, ჭაუხებში ასათიანის სვეტზე, უშბაზე, ჯანღაზე, სინდაურაზე (აღმაშენებელზე), მყინვარწვერზე (გველეშაპის კლდე) , ჯავახიშვილზე, შხარაზე, ტიან შანის ალა-არჩას ხეობაში - კორონას სვეტზე, იქვე, ვაჟა-ფშაველასა და ხან-თეგრიზე, რომელიც არჩილისთვის - პირველი, ხოლო გიორგისთვის - მესამე შვიდიათასიანი იყო.
ზუსტად, ერთი წლის წინ კი ბიჭებმა 31 წლის ბორჯომელ ბაქარ გელაშვილთან ერთად, კავკასიონზე, 6A სირთულის, ჩათინის ჩრდილოეთ კედელიც დაძლიეს, სადაც ქართული ასვლა 1996 წლის შემდეგ აღარ განხორციელებულა.
ყველა პირველი ქართული გზა და ახალი მარშრუტი ოფიციალურად რეგისტრირებულია ავტორიტეტული American Alpine Club-ის მიერ, ხოლო ლარკიაზე პირველი ქართული ასვლა Himalayan Database-ის ყურადღების ცენტრში მოექცა. გიორგი ტეფნაძე გვიხსნის თანამედროვე ალპინიზმში პირველამსვლელობა პრესტიჟულად რატომ მიიჩნევა:
რა თქმა უნდა, 8000-ზე, მაღალ მთაზე რო ადიხარ, ბევრად განსხვავებული და სხვა ემოციაა, მაგრამ თუნდაც, ასეთი დაბალი, მაგრამ ტექნიკურად რთული მწვერვალი, სრულიად ახალი მარშრუტი, როგორიც ჩვენი იყო, ძალიან პრესტიჟულად ითვლება“გიორგი ტეფნაძე, მთამსვლელი
„ბევრად უფრო პრესტიჟულია ალპინიზმში ახალი მარშრუტის და გზის გავლა, ეს ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. არ იცი მთაზე რა შეგვხდება, როგორი ასვლა იქნება. რა თქმა უნდა, 8000-ზე, მაღალ მთაზე რო ადიხარ, ბევრად განსხვავებული და სხვა ემოციაა, მაგრამ თუნდაც, ასეთი დაბალი, მაგრამ ტექნიკურად რთული მწვერვალი, სრულიად ახალი მარშრუტი, როგორიც ჩვენი იყო, ძალიან პრესტიჟულად ითვლება.“
ქართული (და საბჭოთა) ალპინიზმის დასაბამად 1923 წელი მიიჩნევა, როცა მყინვარწვერზე გიორგი ნიკოლაძისა და ალექსანდრე დიდებულიძის ხელმძღვანელობით, ორი ქართული ექსპედიცია ავიდა, მათ შორის ექვსი ქალბატონი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა საქართველოს არაერთი ლეგენდარული მთამსვლელი ჰყავდა, მათი უმრავლესობისთვის, „რკინის ფარდისა“ და საბჭოთა ფუნქციონირების წყალობით, ჰიმალაებში მოხვედრა აუხდენელ ოცნებად დარჩა.
პირველი ქართველი მთამსვლელი, რომელმაც ეს მოჯადოებული წრე გაარღვია, რომან გიუტაშვილი იყო. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 7 თვის შემდეგ, მაშინ როცა სსრკ-ს დაშლამდე ორი თვე რჩებოდა, 54 წლის გიუტაშვილი ამერიკელ მეწყვილე დენიელ მაზურთან ერთად ევერესტზე ავიდა.
1991 წლის 10 ოქტომბერს დედამიწის უმაღლესს წერტილში პირველად საქართველოს შინდისფერი დროშა აფრიალდა, რომელიც კატმანდუში მცხოვრებმა ქართველმა ქალბატონმა თალიკო ყუბუსიძემ შეკერა.
მას შემდეგ, ჰიმალაების რვაათასიანებზე არაერთი საინტერესო ქართული ასვლა განხორციელდა, მათ შორის 1999 წელს, ევერესტზე ორი ქართული წარმატებული ექსპედიაციაც. 2017 წლის 27 სექტემბრიდან კი ალპინიზმის მექაში პირველი ქართული გზაც არსებობს.
Facebook Forum