ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქურთისტანის მუშათა პარტია აქციებით იმუქრება


ქურთისტანის მუშათა პარტიამ თურქეთის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის პროცესი შეწყვიტა

ქურთისტანის მუშათა პარტიამ ახალი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება გააკეთა: ისინი თურქეთიდან საკუთარი ჯარების გამოყვანის პროცესს დროებით შეაჩერებენ, რადგან ქურთისტანის მეამბოხეთა დაჯგუფების წარმომადგენლები თურქეთის ხელისუფლებას პრო-ქურთული რეფორმების გატარების შეწყვეტაში ადანაშაულებენ, თუმცა აცხადებენ იმასაც რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ დაარღვევენ. დორიან ჯონსი სტამბოლიდან მოგვითხრობს.


გადაწყვტილების შესახებ ქურთისტანის მუშათა პარტიამ იმ ვებ-გვერდის მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც შეიარაღებულ დაჯგუფებებთან არის დაკავშირებული. ამ განცხადების მიხედვით, მათ თურქეთის მოსაზღვრე ერაყის ტერიტორიიდან საკუთარი ძალების გაყვანის პროცესი დაასრულეს. შეიარაღებული დაჯგუფების განმარტებით, დამატებითი სამხედრო ძალების გაყვანის პროცესის შეჩერების მიზეზი თურქეთის ხელისუფლების მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმის ფარგლებში დემოკრატიული რეფორმების გატარების შეწყვეტა გახდა.


სამშვიდობო პროცესი ამ წლის დასაწყისში დაიწყო, როდესაც თურქეთი ინიციატივით გამოვიდა , მოლაპარაკებები დაეწყო ქურთისტანის მუშათა პარტიის ლიდერთან აბდულა ოჯალანთან. მაგრამ თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ რეფორმების პროცესი მას შემდეგ გაგრძელდება, როდესაც ქურთისტანის მუშათა პარტია თურქეთის ტერიტორიიდან ქურთისტანის შეიარაღებულ ძალებს სრულად გაიყვანს, რაც რაოდენობრივად დაახლოებით 3000 მებრძოლის გაყვანას გულისხმობს.


ქურთისტანის მუშათა პარტია აცხადებს, რომ ისინი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას შეასრულებენ. აჰმეთ თანი, პრო-ქურთული პარტიის „ მშვიდობის და დემოკრატიის“ პარტიის წარმომადგენელი პარლამენტში, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეა, აცხადებს, რომ თავიანთი მოთხოვნების შესრულებას ხელისუფლებას მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით აიძულებენ.


აჰმეთ თანი: იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელისუფლება თავის დანაპირებს არ შეასრულებს, ისინი ძალისმიერი მეთოდებით მაინც არ იმოქმედებენ. იარაღის გამოყენების ნაცვლად, ისინი საპროტესტო აქციებს და ბოიკოტს მოაწყობენ.


თურქეთის ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები შეექმნა ივნისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების დროს, რომელიც ძირითადად თურქეთის დასავლეთით მდებარე დასახლებებში გაიმართა. აქციის მონაწილეები თურქეთის პრემიერ-მინისტრს რეჯებ ტაიპ ერდოღანს ავტორიტარულ მმართველობაში ადანაშაულებდნენ. პოლიტიკური მიმომხილველები აცხადებენ, რომ ამის ფონზე რეჯებ ტაიპ ერდოღანს პრო-ქურთული რეფორმების გატარების მონდომება დაეკარგა.
მომავალ წელს თურქეთში ადგილობრივი და საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ბევრ სადავო საკითხს შორის, ქურთისტანის მუშათა პარტიის შეფასებით არის რეფორმებში გასათვალისწინებელი განათლების მიღება მშობლიურ ენაზე და საყოველთაო ამნისტია რომელსაც თურქეთის პრემიერ-მინისტრი ეწინააღმდეგება.


თურქული გაზეთის „მილიეთის“ ანალიტიკოსი ესლი ეუდინტაშბაში ამბობს, რომ საპროტესტო აქციების გამართვამ თურქეთის ხელისუფლებას შეიძლება საფრთხე შეუქმნას.


ესლი ეუდინტაშბაში: ქურთისტანის მუშათა პარტიამ აღმოსავლეთ თურქეთში რამდენიმე საპროტესტო გამოსვლა მოაწყო, და მიანიშნა თურქეთის ხელისუფლება თუ რის გაკეთება შეუძლიათ. რაც საკმარისი იყო იმისთვის, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ისევ დამსხდარიყვნენ. სტამბოლში და სხვა ქალაქებში გახსნილ რამდენიმე საპროტესტო ფრონტის ფონზე, ხელისუფლების ახალი ფრონტის გახსნა არ უნდა სურდეს.


ნაკლებ სავარაუდოა, რომ შეტაკებები ისევ განახლდეს. სტამბოლის კადირ ჰასის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა პროფესორის სოლი ოზელის განცხადებით, ზამთარში ქურთისტანის მუშათა პარტიის მებრძოლებისთვის ბრძოლების წარმოება რთული იქნება.


სოლი ოზელი: შეტაკებების დაწყება ოქტომბრის პირველ ნახევარისთვისაც კი უკვე დაგვიანებულია. შესაძლოა უფრო ხელსაყრელი პერიოდი ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის შემდეგ იყოს. თუკი ამის მერეც არ იქნა სერიოზული პროგრესი მიღწეული, შემდეგ უკვე დაპირისიპირების მოწმე ნამდვილად გავხდებით. თუმცა ამასთან დაკავშირებით, შემიძლია ვთქვა, რომ ბრძოლების განახლება სამშვიდობო პროცესს არ წაადგება, აცხადებს სოლი ოზელი.


ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული ყოველი წლის 21 მარტს აღინიშნება. ეს ქურთისტანის მუშათა პარტიის საომარ მოქმედებებზე გადასვლის ტრადიციული თარიღია. თუმცა ამ ეტაპზე ქურთისტანის მუშათა პარტიის ლიდერები მაინც მშვიდობიანი საპროტესტო აქციების გამართვის შესახებ საუბრობენ.
XS
SM
MD
LG