ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი პრეზიდენტ ბაიდენს ესკალაციის პროვოცირებაში ადანაშაულებს


ე.წ. "ატაკმსების" სატესტო გაშვება, 2021 წ.
ე.წ. "ატაკმსების" სატესტო გაშვება, 2021 წ.

კრემლი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უკრაინაში მიმდინარე ომის გამწვავებისთვის ხელის შეწყობაში ადანაშაულებს. მედიაში, მათ შორის საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თეთრი სახლი გასულ უქმეებზე დათანხმდა, უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული შორი რადიუსის იარაღით რუსეთის სიღრმეში დარტყმაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას. თუმცა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას ეს ნაბიჯი საჯაროდ ჯერ არ დაუდასტურებია.

ამ გადაწყვეტილებას კიევი თვეების განმავლობაში აქტიურად ითხოვდა. პრეზიდენტი ზელენსკი ამ საკითხს დასავლელ ლიდერებთან არაერთ შეხვედრაზე განიხილავდა. ამერიკა და ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოები კიევს არ აძლევდნენ უფლებას, კონკრეტულ რადიუსზე შორს, რუსეთის სიღრმეში, მათი გადაცემული იარაღით მიეტანა იერიში.

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა 18 ნოემბერს თქვა, რომ ამ ლიმიტის შესაცვლელად ნაბიჯის გადადგმა დაძაბულობის ახალ რაუნდს შექმნის და უკრაინაში ომში "ამერიკის ჩართულობას გააღრმავებს".

"ნათელია, რომ ვაშინგტონში ადმინისტრაცია, რომლის ვადაც უკვე სრულდება, აპირებს იმ ნაბიჯების გადადგმას, რაც მიმართულია ცეცხლზე ნავთის დასხმის გაგრძელების და დაძაბილობის მეტი ესკალაციის პროვოცირებისკენ", - თქვა პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სექტემბერში თქვა, რომ [ამგვარ ნაბიჯს] რუსეთმა შესაძლოა ბირთვული იარაღით უპასუხოს, თუკი ის კონვენციური რაკეტების სამიზნე გახდება და მოსკოვი ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნის მიერ მხარდაჭერილ ყველა შესაძლო იერიშს, განიხილავს როგორც [მათ] ერთობლივ თავდასხმას.

XS
SM
MD
LG