ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ლეგენდარული კალათბურთელი, NBA-ს ხუთგზის (2000, 2001, 2002, 2009, 2010) ჩემპიონი და 2008 წლის უძვირფასესი მოთამაშე კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. მასთან ერთად ვერტმფრენში 8 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო მისი 13 წლის ქალიშვილიც.
ამ დრომდე უცნობია მიზეზი თუ რის გამო განიცადა კატასტროფა ვერტმფრენმა, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
41 წლის ბრაიანტი 20 წლის მანძილზე "ლოს-ანჯელეს ლეიკერსის" ღირსებას იცავდა და ბრწყინვალე კარიერა 2016 წელს დაასრულა. "შავმა მამბამ" ყველა ვარსკვლავის მატჩში 18-ჯერ ითამაშა და ოთხჯერ NBA All-Star-ის MVP გახდა. ორჯერ მოიგო ოლიმპიური ოქროს მედალი, ჯერ 2008 წელს პეკინში, შემდეგ 2012 წელს ლონდონის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე.
დაღუპული სპორტსმენის ოჯახს უკვე მიუსამძიმრა ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. სამძიმრის განცხადება სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გაავრცელა ამერიკის 44-ე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამაც.
ცოტა ხნის წინ მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა NBA-ს ყოფილმა ქართველმა ვარსკვლავმა ზაზა ფაჩულიამ, რომელიც ამჟამად "გოლდენ სტეიტში" კონსულტანტად მუშაობს.
"ძალიან ადრე ... ძალიან სამწუხაროა. უამრავი გატეხილი გული, ცრემლი. მადლობა უამრავი მოგონებისათვის," წერს ზაზა ფაჩულია.
Facebook Forum