ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინის და კადიროვის ურთიერთობის დასასრული?


რამზან კადიროვი, რომელიც 10 წლის წინ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მმართველად დანიშნა, ის პიროვნებაა, რომელიც პოპულარობით მოსკოველ პოლიტიკოსებსა და ცნობილ სახეებსაც კი უსწრებს.

ჩეჩნეთის მმართველი რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ მედია-ვარსკვლავი გახდა. კადიროვის ექსცენტრული საჯარო გამოსვლები სოციალური და ტრადიციული მედიის ინტერესის საგანია. ჩეჩნეთის ლიდერი საჯარო ყურადღების ცენტრშია. რუსეთის გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა და ქვეყნის საერთაშორისო იზოლაცია კი ჩრდილში ექცევა. რთული სათქმელია, მოსწონს თუ არა მოსკოვს კადიროვის ყურადღების ცენტრში ყოფნა, ან მოჰყვება თუ არა კადიროვის მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს (მას მკვლელობებში ადანაშაულებენ), კრემლში მისი პოზიციების შესუსტება.

რუსეთის ოპოზიციისა და დამოუკიდებელი მედიისთვის, კადიროვი კორუმპირებული დიქტატორია, რომელსაც მასიურად ლახავს ადამიანის უფლებებს და თავისუფალ მედიას ებრძვის. მათი მოსაზრებით, კადიროვი კარგავს პუტინის მხარდაჭერას და მალე მას რუსეთის პრეზიდენტი სხვა კანდიდატით ჩაანაცვლებს. ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, კადიროვის მიმართ ანტიპატიას კრემლის მაღალჩინოსნებიც იზიარებენ.

მიუხედავად ამისა, რუსული მედია განაგრძობს კადიროვის გაშუქებას, როგორც მშვიდობისმყოფელის, რომელმაც დანგრეული ჩეჩნეთი გარდაქმნა ადგილად, სადაც გაბრწყინებული მაღალსართულიანი შენობები და ევროპაში ყველაზე დიდი მეჩეთია.

რუსეთი და ჩეჩნეთი

ბოლო ხანს, კადიროვი საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ცდილობს. სექტემბრის არჩევნებამდე (სადაც ის98%-იანი მხარდაჭერით მესამე ვადით აირჩიეს) ცოტა ხნით ადრე მან სატელევიზიო პროექტი წამოიწყო. რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია „როსია 1“-ის ეთერში გავიდა შოუ „კომანდა“, სადაც 16 მონაწილიდან კადიროვის თანაშემწეს არჩევდნენ. გადაცემის წამყვანმა ერთ-ერთ მონაწილეს ჰკითხა: „რას გააკეთებთ რამზანისთვის?“ „ყველაფერს“, -მიიღო პასუხად.

არჩევნების მოგების შემდეგ კადიროვმა ჩეჩენ ქალთა დღე აღნიშნა და ცერემონიაზე შუასაუკუნეების რაინდული აღკაზმულობით, ხანჯლით და აბჯრით გამოცხადდა. აბჯრიანი კადიროვის ამბავი ყველა მედიასაშუალებისყურადღების ცენტრში აღმოჩნდა და მალაიზიური ავიახაზების რეისი MH17-ის კატასტროფის შესახებ ჰოლანდიური გამოძიების შედეგები გადაფარა. გამოძიების თანახმად, MH17 პრორუსი სეპარატისტების ტერიტორიიდან გასროლილმა რუსულმა რაკეტამ ჩამოაგდო.

სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლისა და რუსეთის საკითხების მკვლევარის, პოლ გობლის განცხადებით, კადიროვი თავისი ქმედებებით ვლადიმირ ჟირინოვსკის ჰგავს. დუმის დეპუტატი ჟირინოვსკი ეპატაჟური გამოსვლებითა და განცხადებებით, ასევე კრემლისადმი ლოიალობითაა ცნობილი.

„ვფიქრობ, კადიროვი ყველაფერს აკეთებს, რათა ყურადღება მიიქციოს ქმედებებით, რომელიც არავის ვნებს. ის, ნაწილობრივ, ჟირინოვსკის მსგავსად იქცევა, ბევრს აღიზიანებს, მაგრამ პუტინთან მისი კავშირები არ ზიანდება,“ - განაცხადა გობლმა.

ჩეხეთის კარლოვის უნივერსიტეტის პროფესორის, ემილ ასლან სულეიმანოვის თქმით, „კადიროვი თანამედროვე ორიენტალიზმის განსახიერებაა, რომლისაც ეშინიათ და მოსწონთ, რომელიც აშინებს და აცინებს ხალხს და არსებითი პრობლემებისგან მათი ყურადღება გადააქვს.“

მიუხედავად იმისა, რომ საშუალო სტატისტიკური რუსის საცხოვრებელი პირობები უარესდება, ჩეჩნეთისთვის სუბსიდიები არ წყდება. სუბსიდიების ნაწილი კი კადიროვის ოჯახის და წრის კეთილდღეობას ხმარდება და მოსახლეობამდე არ აღწევს.

მკვლელობა და ძალადობა

კადიროვს და მის მოკავშირეებს ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების შელახვასა და ოპონენტების მკვლელობაში ადანაშაულებენ. კადიროვს ბრალს სდებენ პუტინის ოპონენტ ბორის ნემცოვის მკვლელობაშიც. ეჭვობენ, რომ კადიროვი ცნობილი ჟურნალისტის ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში მონაწილეობდა. ანა პოლიტკოვსკაია, ჟურნალისტი, რომელიც რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს ააშკარავებდა და აქტიურად მუშაობდა ჩეჩნეთში, მოსკოვში, საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს.

გარდაცვალებამდე ანა პოლიტკოვსკაიამ "რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ იმედი ჰქონდა, ოდესმე კადიროვს განსასჯელის სკამზე ნახავდა. პოლიტკოვსკაია ამ ინტერვიუდან რამდენიმე დღეში, 2006 წლის 7 ოქტომბერს, პრეზიდენტ პუტინის დაბადების დღეს დაიღუპა. მისი კოლეგები კადიროვს სდებდნენ ბრალს. მიუხედავად იმისა, რომ ხუთი ადამიანი მკვლელობის მუხლით გაასამართლეს, გამოძიებას არ დაუდგენია, ვინ დაუკვეთა დანაშაული.

პოლიტკოვსკაია „ნოვაია გაზეტაში“ მუშაობდა. „ნოვაია გაზეტა“ ერთ-ერთია იმ თითზე ჩამოსათვლელ დამოუკიდებელ გამოცემებს შორის, რომლებიც რუსეთში ჯერ კიდევ ახერხებენ კრიტიკული სიტყვის თქმას. პოლიტკოვსკაიას დაღუპვამდე „ნოვაია გაზეტამ“ კადიროვის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც გამოთქვამდა ვარაუდს, რომ კრემლი კადიროვის მოშორებას აპირებდა და მას მისივე გარემოცვა მოკლავდა. რამდენიმე დღეში პოლიტკოვსკაია მოკლეს.

კადიროვი და უშიშროების ფედერალური სამსახური

ჰარვარდის უნივერსიტეტის ცივი ომის პროგრამის დირექტორის, მარკ კრეიმერის თქმით, მითქმა-მოთქმა იმაზე, რომ კადიროვი, შესაძლოა, აღარ იყოს პუტინის ფავორიტი, უშიშროების ფედერალურ სამსახურსა (FSB) და ჩეჩნეთის ლიდერს შორის ძალაუფლებისათვის ბრძოლის შედეგია.

„ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც კადიროვმა შინაგან სამინისტროსა და FSB-ის თანამშრომლების შევიწროება დაიწყო და უსაფრთხოების სამსახურები ჩეჩნეთში პირად კონტროლზე აიყვანა. ამ ქმედებებმა და კადიროვის გარემოცვის მიერ მოსკოვში განხორციელებულმა თავხედურმა მკვლელობებმა კადიროვს ფედერალური უსაფრთოხების სამსახურებთან ურთიერთობა გაურთულა.

ბრიტანელი ჟურნალისტის, ოლივერ ბულოუს თქმით, „კადიროვის თითქმის ყველა მოწინაღმდეგე მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მოკლეს. რა თქმა უნდა, არავის უკვირს, რომ FSB-ს ის სძულს“.

ჟურნალისტისა და ბლოგერის, ოლეგ კაშინის თქმით, FSB-ს თანამშრომლებს არ აქვთ პირდაპირი წვდომა პუტინთან და პუტინი ერთადერთია, ვისაც კადიროვის გადაყენება შეუძლია.

ვარაუდობენ, რომ კადიროვს მოწინააღმდეგეები ჰყავს რუსეთის სახელისუფლო წრეებშიც. მათ შორისა იგორსეჩინი. სეჩინი სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტის“ ხელმძღვანელია და პუტინის მერე „მეორე ყველაზეგავლენიან კაცად“ ითვლება.

„სეჩინი ცდილობდა, ჩეჩნეთში ნავთობის მოპოვება „როსნეფტის“ კონტროლის ქვეშ მოექცია,“ - ამბობს მარკ კრეიმერი. თუმცა, როგორც ჩანს სეჩინმა კადიროვთანბრძოლა წააგო. ეს ნათელი გახდა იანვარში, როდესაც პუტინმა ჩეჩნეთის ნავთობის რეზერვები რესპუბლიკის განკარგულებაში დატოვა.

„კადიროვმა იცის, რომ თუ მას პირველი კაცის მხარდაჭერა ექნა, შეუძლია, თავი უსაფრთხოდ იგრძნოს, თუმცა თუპუტინი კადიროვის მოშორებას გადაწყვეტს, ამის გაკეთება რუსეთ-ჩეჩნეთის მესამე ომის დაწყების გარეშეც შეეძლება,“ - ამბობს მარკ კრეიმერი. თუმცა მისივე თქმით, პუტინს ეშინია, რომ კადიროვის შეცვლით დესტაბილიზაციის შესაძლებლობას მისცემს იმ ისლამისტებს, რომლებიც სირიიდან შინ ბრუნდებიან.

მომზადებულია "ამერიკის ხმის" ახალი ახალი ამბების რედაქციის ჟურნალისტის ფატიმა ტლისოვას მიერ.

XS
SM
MD
LG