ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კეზერაშვილი BBC-ზე გამოქვეყნებული მასალის პასუხად განცხადებას აქვეყნებს


დავით კეზერაშვილი
დავით კეზერაშვილი

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ტელეკომპანია "ფორმულის" საკონტროლო პაკეტის მფლობელი დავით კეზერაშვილი აცხადებს, რომ არ აქვს კავშირი ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან. ასე პასუხობს იგი BBC-ზე გამოქვეყნებულ მასალას.

"აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არასდროს მიმიღია მონაწილეობა მსგავს სქემებში, ამიტომ არ ვაპირებ, უყურადღებოდ დავტოვო ის ზიანი, რასაც ეს მასალა მე მაყენებს..." - აცხადებს კეზერაშვილი.

ამავე განცხადებაში წერია, რომ აპირებს BBC-ის წინააღმდეგ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას.

"გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის პლატფორმაზე გასულ მასალაში ჩემთან დაკავშირებული როგორც ფაქტების უზუსტობა, ასევე მათი არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად მიღებული დაშვებების სიმცდარე დავადასტურო და ამას დიდი დრო არ დასჭირდება", - წერს კეზერაშვილი ფეისბუკზე.

იგი ამბობს, რომ მზადაა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე სამართალდამცავებთან თანამშრომლობისთვის.

"ყოველთვის გამოვთქვამდი მზადყოფნას და დღესაც მზად ვარ, ე.წ. ქოლ ცენტრების თემაზე ევროპული ქვეყნების საგამოძიებო სტრუქტურებთან თანამშრომლობისთვის, მით უმეტეს, რომ ჩემი, როგორც პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი პირის, საცხოვრებელი ადგილი სწორედ დიდი ბრიტანეთია, რომლის მართლმსაჯულების სისტემის სანდოობაში ეჭვი არავის ეპარება", - ამბობს ის.

დღეს, 12 აპრილს, BBC-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა მასალა ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით, სახელწოდებით "მილიარდიანი თაღლითობის უკან მდგომ ბიზნესმენებზე ნადირობისას". სტატიაში საუბარია სქემაზე, რომელშიც ჩართული პირები, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის პენსიონერებს, ფულს სძალავდნენ. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ამ საქმესთან არის დაკავშირებული დავით კეზერაშვილიც.

რას წერს BBC

საგამოძიებო სტატიაში, დავით კეზერაშვილის გარდა, ფიგურირებს ხუთი პირი: დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. BBC-ის მიერ მიკვლეულ საჯარო დოკუმენტებში, ისინი კომპანია Milton-ის სავაჭრო პლატფორმების, ანდა დამხმარე ტექნიკური კომპანიების ხელმძღვანელებად არიან მითითებული.

ხუთიდან ოთხი - ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი - BBC-მ 2016 წელს გაჟონილ „პანამის დოკუმენტებშიც“ (Panama Papers) აღმოაჩინა, როგორც Milton group-მდე არსებული ჯგუფის ოფშორული კომპანიების, ანდა მათი შვილობილი კომპანიების ხელმძღვანელი პირები.

ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, ვერ მიაგნეს საჯარო დოკუმენტებს, რომლებიც Milton-ამდე არსებულ ქსელთან კეზერაშვილის კავშირს დაადასტურებდა; მაგრამ როგორც ტექსტშია აღნიშნული, Panama Papers-ში მისი გვარი ხშირად მეორდებოდა, როგორც ქსელის მშობელი კომპანიების დამფუძნებელი, ანდა მსხვილი მეწილე.

კიდევ რა წერია კეზერაშვილზე?

BBC Eye-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში მითითებულია, რომ ვერ მიაკვლიეს საჯარო დოკუმენტებს უშუალოდ Milton-ის ჯგუფთან კეზერაშვილის კავშირის შესახებ და ასევე, არ არსებობს მტკიცებულებები, რომ მას ამ ქსელთან „პირდაპირი ფინანსური ინტერესი“ აკავშირებს.

თუმცა, Milton-ის ჯგუფის რამდენიმე ყოფილი თანამშრომლის მიერ კონფიდენციალურად მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ტექსტში აღნიშნულია, რომ მათი ცოდნით, კეზერაშვილი ამ ჯგუფში იყო ჩართული.

ტექსტის თანახმად, ასევე:

  • დავით კეზერაშვილი „არეკლამებდა თაღლითურ სავაჭრო პლატფორმებს თავის პერსონალურ ანგარიშებზე სოციალურ მედიაში“, „ბიზნეს სოციალურ ქსელ LinkedIn-ზე ის თავის ანგარიშს იყენებდა თითქმის მხოლოდ Milton-თან დაკავშირებული კომპანიების ვაკანსიების რეკლამირებისთვის და პოსტების გასაზიარებლად“.
  • კეზერაშვილის რამდენიმე კომპანია იყენებდა ელექტრონული ფოსტის კერძო სერვერს, რომელსაც მხოლოდ Milton-ის ჯგუფის კომპანიები იყენებდნენ.
  • მისი კომპანია Infinity VC ფლობდა იმ კომპანიების ბრენდინგისა და ვებ დომენებს, რომლებიც უზრუნველყოფდნენ სავაჭრო პლატფორმის ტექნოლოგიას თაღლითებისთვის.
  • კეზერაშვილს ეკუთვნის შენობა კიევში, რომელშიც ფუნქციონირებდა როგორც თაღლითური ქოლცენტრი EverFX, ასევე საპროგრამო უზრუნველყოფის მიმწოდებელი ტექნოლოგიური ფირმები, „სადაც პოლიციამ რეიდი მოაწყო ნოემბერში“. „მას ასევე ეკუთვნის საოფისე შენობას თბილისში, სადაც განთავსებული იყო ზოგიერთი ასეთივე ტექნოლოგიური კომპანია“.

BBC წერს, რომ შეამოწმა Milton-ის ჯგუფის მაღალი რანგის ოთხი წარმომადგენლის ანგარიშები სოციალურ ქსელებში და მათ შორის - ქორწილისა და სხვა წვეულებების ფოტოებით დაადასტურა, რომ „ყველა მათგანს ახლო სოციალური კავშირი აქვს კეზერაშვილთან“ და „კეზერაშვილის ფეისბუკმეგობარია Milton-ის ჯგუფის თაღლითობასთან დაკავშირებული, სულ ცოტა, 45 ადამიანი“, ხოლო „BBC-ის მიერ იდენტიფიცირებული ოთხი მაღალი რანგის პირიდან ერთ-ერთი მისი ბიძაშვილია“.

გამოძიების თანახმად, BBC მივიდა კეზერაშვილის 18 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეფასებულ სახლამდეც და მასთან საუბარიც ითხოვა, მაგრამ შეხვედრა ვერ შედგა. ტექსტში აღნიშნულია, რომ კეზერაშვილმა BBC-ს ადვოკატების დახმარებით შეატყობინა, რომ „მტკიცედ უარყოფს Milton-ის ჯგუფში ყველანაირ ჩართულობას, ანდა თაღლითობის გზით ფინანსური სარგებლის მიღებას“.

BBC-ს თაღლითურ სქემებში მონაწილეობა არც სხვა ფიგურანტებმა დაუდასტურეს.

ზარი სავარაუდოდ საქართველოდან

BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება იწყება სცენის აღწერით - თუ როგორ ცდილობს ქოლცენტრის თანამშრომელი შვედი პენსიონერის დაყოლიებას - დააბანდოს თანხა თაღლითურ სქემაში, ვითომ ფინანსური მოგებისთვის, რაც საბოლოოდ მისი ფულის მოპარვით უნდა დასრულდეს.

75 წლის კაცი ჯერ სასტიკ უარზეა, თანამოსაუბრეს ეუბნება, რომ - ერთხელ უკვე გახდა თაღლითური გარიგების მსხვერპლი. მაგრამ მის დაყოლიებას ოპერატორი მაინც ახერხებს მას შემდეგ, რაც მას არა მხოლოდ მომავალ მოგებას, არამედ მანამდე დაკარგული, დაახლოებით 80 000 ფუნტ სტერლინგის მიკვლევა-დაბრუნებასაც ჰპირდებიან. ამის სანაცვლოდ, თანამოსაუბრე პენსიონერს საბანკო ინფორმაციასა და 250 ევროს გადახდას სთხოვს.

BBC-ის საგამოძიებო სტატიაში წერია, რომ შვედ პენსიონერს Solo Capitals-ის ოფისიდან დაურეკეს და რომ ეს არის სავარაუდოდ კრიპტოვალუტით მოვაჭრე კომპანია, რომელიც საქართველოშია დაფუძნებული.

ეს კომპანია, BBC-ის ცნობით, ერთ-ერთია უკვე იდენტიფიცირებული 152 კომპანიიდან ქსელში, რომელსაც პოლიცია Milton group-ის (2020 წლამდე მოქმედი) სახელით იცნობს. სწორედ ამ სახელს იყენებდა თაღლითური ქსელი 2020 წლამდე. ინვესტორების მიზანში ამოღება და მათთვის ათასობით, ზოგჯერ კი - ასიათასობით ფუნტ სტერლინგის წართმევა - ასე აღწერს BBC თაღლითურ ქსელში ჩართული კომპანიების საქმიანობის სქემას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG