ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კერი: სნოუდენი მოღალატეა


დელი, ინდოეთი-24 ივნისი, 2013

ამერიკის ხმა: დიდი მადლობა ინტერვიუსთვის.

ჯონ კერი: მოხარული ვარ თქვენთან ინტერვიუს გამო.

ამერიკის ხმა: რა პრობლემას ხედავთ იმაში, რომ სხვა ქვეყნები ედვარდ სნოუდენს ეხმარებიან, მითუმეტეს, რომ ეს ქვეყნები, მათი განცხადებით, ამერიკას "ჩვენი დროის გამორჩეულად საშიშ მტრად" მოიაზრებენ?

ჯონ კერი: კანონი კანონია. საერთაშორისო კანონმდებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ურთიერთდაკავშირებულ მსოფლიოში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ჰონგ-კონგსა და ამერიკას შორის არსებობს ხელშეკრულება-მიმალვაში მყოფი ბრალდებულების ექსტრადირების შესახებ, და ეს დოკუმენტი დაცული უნდა იქნას.

ამერიკის ხმა: ვინ არის ბატონი სნოუდენი-ინფორმატორი თუ მოღალატე?

ჯონ კერი: მჯერა, რომ მან საკუთარ ქვეყანას უღალატა, იმიტომ რომ მანამდე მან ფიცი დადო, რომ საიდუმლოებებს არ გაამჟღავნებდა. მას ამ ფიცის გამო გასაიდუმლოებულ დოკუმენტებზე წვდომა ქონდა, მათი დაცვის პირობა მას დადებული ჰქონდა. ეს პირობა მან დაარღვია და ნდობაც დაკარგა. მან დენიელ ელსბერგის მსგავსი ქმედება კი არ ჩაიდინა, რომელმაც მთავრობა სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა ან არადა მიმდინარე მოვლენების შესახებ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა. სნოუდენმა უტყუარი ინფორმაცია გაასაჯაროვა, იმიტომ, რომ მას სჯერა იმ ფაქტებისა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ მან კონტრტერორისტულ ძალისხმევას საფრთხე შეუქმნა. მან ადამიანებს შეუქმნა საფრთხე. შესაძლოა ამას ადამიანების სიცოცხლე გადაყვეს, რადგან ტერორისტებმა უკვე იციან თუ რა უნდა აიცილონ თავიდან. ეს ცოდნა მათ სნოუდენის ქმედებამდე არ ქონდათ.

ამერიკის ხმა: რა მოლოდინი გაქვთ ირანში ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ?

ჯონ კერი: როგორც ყველას, მეც იმედი მაქვს, რომ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ირანი საღი აზრის ფარგლებში იმოქმედებს, აღიარებს, რომ [მოლაპარაკების] მაგიდას წინადადებებით უნდა მიუჯდეს. მან უნდა გაიაზროს შესაძლებლობა, რომ მსოფლიო სახელმწიფოების თანამეგობრობას მხოლოდ მაშინ შეუერთდება, თუ დაამტკიცებს, რომ ბირთვული პროგრამა მართლაც მშვიდობიანია. ეს რთული არ არის. ქვეყნებს, რომლებსაც მშვიდობიანი ბირთვული პროგრამა აქვთ, ამას ამტკიცებენ. ირანს ამ მხრივ ძალიან მკაფიო მოვალეობა გააჩნია. ჩინეთი, რუსეთი, გაეროს ყველა წევრი ამას ითხოვს. ეს არ არის მხოლოდ ამერიკის, არამედ ეს გლობალური მოთხოვნაა.

ამერიკის ხმა: თქვენ დოჰაში ვიზიტისას განაცხადეთ, რომ ძლიერი, შეიარაღებული სირიული ოპოზიცია პრეზიდენტ ასადის კარგი საპირწონე იქნება. ირანი და ჰეზბოლა ასადს ეხმარებიან. საინტერესოა, ნიშნავს, თუ არა ოპოზიციის შეიარაღება მეტ დაპირისპირებას სირიაში, სულ ცოტა მოკლე-ვადიან პერსპექტივაში მაინც?

ჯონ კერი: არა. მიზეზი მარტივია: ამერიკის გარეშე ყოველთვის იქნებიან ადამიანები, ვინც სირიელ ექსტრემისტებს დააფინანსებენ. დაპირისპირება გაგრძელდება. თუ ყველაფერს ექსტრემისტებს მივანდობთ, მაშინ გავზრდით ბევრად მასშტაბური ზიანის რისკს ლიბანის, იორდანიის, ისრაელისა და გრძელ-ვადიან პერსპექტივაში-მთელი რეგიონისთვის, განსაკუთრებით კი ეს გავლენას იქონიებს ქიმიური იარაღის უვნებელობის ძალისხმევაზე.

ამერიკის ხმა: მალიში, არჩევნების ჩასატარებლად თანხმობა მიღწეულია. მეამბოხეების მთავარი ქალაქებიდან განდევნის შემდეგ, ფრანგებს მალიდან გასვლა სურთ. როგორ დაიცავს საერთაშორისო თანამეგობრობა მალის ახალგაზრდა დემოკრატიას საჰელის რეგიონის ტერორისტული დაჯგუფებებისგან, რომლებიც არჩეულ მთავრობებს უკვე ემუქრებიან ნიგერიასა და ნიგერში?

ჯონ კერი: საერთაშორისო თანამეგობრობა ამას მალიში ჩართულობით მოახდენს, დაეხმარება და დაუჭერს რა მხარს ახალ და ახალგაზრდა მთავრობას. ჩვენ მალიში მიმდინარე მოვლენებში ჩართული ვართ. ასევე, ჩართულია საფრანგეთი. ამ ქვეყანას სხვა სახელმწიფოებიც ეხმარებიან. უნდა ვაღიაროთ, რომ მალი-მაღრებში ალ-ყაიდასთვის მიმზიდველი მაგნიტია. ამიტომაც, მალი ჩვენი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ვიცით, რომ მხოლოდ მალელებს არ ებრძვის ალ-ყაიდა არამედ რეგიონის მოსახლეობას. ეს დაჯგუფება არაბეთის ნახევარკუნძულზე მოღვაწე ალ-ყაიდასთან დასაკავშირებლად მზად არის, ისინი სხვაგან მოქმედ ტერორისტებსაც დაუკავშირდებიან და მათგან განსხვავებული მოსაზრების მქონე ნებისმიერ ადამიანს მიაყენებენ ზიანს.

ამერიკის ხმა: მოგზაურობას ბრუნეიში, ასეანის სამიტში მონაწილეობით დაასრულებთ. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ფიქრობენ, რომ თქვენი აქცენტი, ობამას ადმინისტრაციის აქცენტი მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში-ახლო-აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესზე და სირიაზეა გადატანილი, რაც მათი აზრით, აზიაზე ყურადღებას შეასუსტებს. ისინი ასევე ღელავენ, რომ ჩინეთის მზარდი აგრესია სამხრეთ ჩინეთის ზღვაში პასუხგაუცემელი დარჩება. რას ეტყვით თქვენს მოკავშირეებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არსებული მდგომარეობის შესახებ?

ჯონ კერი: რომ მე იქ ვარ, ბრუნეიში, და მე იქ ყოფნის მიზეზი მაქვს, რომ იაპონიში, სამხრეთ კორეაში, ჩინეთში ჩასვლისას ასევე კონკრეტული მიზეზი მქონდა. მალე ჩავალ ინდონეზიაში, ვიეტნამსა და სხვა ქვეყნებში, იმიტომ, რომ ყურადღებას ვაქცევთ აზიას. ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ ისეთ ქვეყანას, როგორი აშშ-ია, კარგად შეუძლია რამდენიმე კრიზისის მოგვარებაზე ერთდროულად მუშაობა, თუნდაც პლანეტის სხვადასხვა წერტილში. ამას ყოველთვის ვაკეთებდით. ჩინეთის პრეზიდენტთან ცოტა ხნის წინ მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა კალიფორნიაში. რეგიონში ჩავიდა აშშ ვიცე-პრეზიდენტიც. მეც მალე ვიმოგზაურებ. ამდენად, ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ჩვენ სერიოზულად აღვიქვამთ ამ რეგიონის მიმართ გაკეთებულ პირობას. თუმცა მსოფლიოს მასშტაბით იმ სხვა პარტნიორებსაც მივაქცევთ ყურადღებას, რომლებიც ამას საჭიროებენ.

ამერიკის ხმა: და ბოლოს ჩრდილოეთ კორეა: როგორ გააბათილებთ იმ არგუმენტს, რომელიც ამბობს-ვაღიაროთ ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ სახელმწიფოდ და გავაგრძელოთ ცხოვრება?

ჯონ კერი: ამერიკის, მოლაპარაკებებში მონაწილე ექვსივე ქვეყნის და მსოფლიოს უმრავლესი სახელმწიფოების აზრით-ჩრდილოეთ კორეა უნდა განიარაღდეს. ჩვენ მათ ცნობას-ბირთვულ სახელმწიფოდ-არ ვაპირებთ. ჩრდილოეთ კორეის განიარაღების გარეშე არ მოვისვენებთ. ეს ჩინეთის პოლიტიკაც არის. დანამდვილებით ვერ ვამბობთ რამდენად აქვს მას ბირთვული იარაღი. თუ ეს ასეა, მას სამხრეთ კორეა და იაპონიაც მიბაძავს. ამის შემდეგ კი ეს რეგიონი ბევრად უფრო საშიში გახდება. ამიტომაც არის ამ საკითხის მოგვარებაში ასე დაინტერესებული ჩინეთი. ჩინეთმა კალიფორნიაში შეხვედრებისას დაგვარწმუნა, რომ ფხენიანზე ჩვენს მოლაპარაკებებს გავლენა ექნებოდა და ქვეყნის ლიდერი უკეთეს გზას აირჩევდა.

ამერიკის ხმა: დიდი მადლობა

ჯონ კერი: გმადლობთ თქვენ.
XS
SM
MD
LG