„ვიკილიქსი“ აცხადებს, რომ მის დამფუძნებელს ჯულიან ასანჟს ამერიკის შეერთებულ შტატებში ბრალი წაუყენეს. ვებგვერდმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ბრალდების შესახებ ახალი ამბავი ამერიკაში „შემთხვევით" გამჟღავნდა.
როგორც ჩანს, ასანჟის წინააღმდეგ ბრალდების შესახებ ინფორმაცია შემთხვევით მოხვდა გენერალური პროკურორის თანაშემწის კელენ დუაიერის მიერ წარდგენილ საბუთებში, რომელმაც დოკუმენტაცია სულ სხვა საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით წარადგინა. დუაიერმა მოგვიანებით აღიარა, რომ ბრალდება არსებობს, თუმცა მისი დეტალები „საიდუმლოდ უნდა დარჩეს, სანამ ასანჟს დააკავებენ“.
ასანჟი პასუხისმგებელია ასობით ათასი საიდუმლო დოკუმენტის "ვიკილიქსის" ვებგვერდზე გამოქვეყნებაზე, რამაც მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მთავრობა განარისხა. გასულ წელს შეერთებული შტატების მაშინდელმა გენერალურმა პროკურორმა ჯეფ სეშენსმა განაცხადა, რომ ასანჟის დაკავება მისთვის "პრიორიტეტული" იყო.
Facebook Forum