ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონში ჯიმ მატისმა ლევან იზორიას უმასპინძლა


შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჯიმ მატისი ორშაბათს ვაშინგტონში საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას შეხვდა. პენტაგონში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს როგორც რეგიონული უსაფრთხოების თემაზე, ასევე ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობებზე უსაფრთხოების მიმართულებით. ჯიმ მატისმა და ლევან იზორიამ განიხილეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს მიმართ ამერიკის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის. მატისმა თავის მხრიდან განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს მონდომებას გააძლიეროს და მოახდინოს სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზება თავდაცვაზე გამოყოფილი, მშპ-ის 2,2 %-ით. მან ასევე მადლიერება გამოხატა საქართველოს მიერ ავღანეთში შეტანილი წვლილისთვის და თქვა, რომ საქართველო ამ მიმართულებით სანიმუშო ქვეყანაა - იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი.

"წელს საქართველოს და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლის იუბილეა. 2018-ში კი 10 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც ბუქარესტი საქართველოს ნატოს წევრობას დაპირდა. მას შემდეგ, რაც საქართველომ მეოთხედი საუკუნის წინ, დემოკრატიულ საზოგადოებაში გაერთიანება აირჩია, ჩვენი ქვეყნები ერთმანეთს მეგობრობით და სოლიდარობით გვერდში უდგანან" - განაცხადა ამერიკის თავდაცვის მდივანმა ჯიმ მატისმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან შეხვედრაზე.

მისასალმებელ სიტყვაში ჯიმ მატისმა კიდევ ერთ იუბილეზე ისაუბრა: მომავალ წელს 10 წელი შესრულდება რუსეთ-საქართველოს ომიდან. შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ "ამერიკა საქართველოს გვერდში უდგას" და რომ ორ ქვეყანას საერთო ფასეულობები აერთიანებს, ეს არის სუვერენიტეტი, ტერიტორიული ხელშეუხებლობა და კანონის უზენაესობა - ნათქვამია შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG