დიდი შვიდეულის შეკრებაზე, სამხრეთ კორეას და იაპონიას ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება სურთ. ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს სამდღიან სამიტზე შეხვდებიან, რომელიც სტარტს 19 მაისს, იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაში აიღებს.
იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას და სამხრეთ კორეის პრეზიდენტ იუნ სუკ იოლს შორის შეხვედრა კვირას, 21 მაისს იგეგმება, დიდი შვიდეულის სამიტის ფინალურ დღეს. მართალია, სამხრეთ კორეა დიდი შვიდეულის ჯგუფის წევრი სახელმწიფო არ არის, მაგრამ ის სხვა ქვეყნებთან ერთად, იაპონიის პრემიერმა დამკვირვებლის სტატუსით მიიწვია.
ორ ლიდერს შორის ეს რიგით მესამე შეხვედრა იქნება. ტოკიო და სეული აცხადებენ, რომ ქვეყნის შიგნით არსებული გარკვეული წინააღმდეგობების მიუხედავად, ორივე სახელმწიფოს სურვილია, გაიზარდოს ურთიერთთანამშრომლობა უსაფრთხოების და ეკონომიკის მიმართულებით. 1910-1945 წლებში იაპონიის ოკუპაციის გამო, სამხრეთ კორეას და იაპონიას დიდი ხნის უთანხმოება და გარკვეული დაპირისპირება დღემდე აქვთ.
თუმცა, მათ შორის ურთიერთობის დინამიკა იცვლება. ორივე შეერთებული შტატების სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მოკავშირეა, რამაც შესაძლოა ჩრდილო-დასავლეთ აზიაში უსაფრთხოების ლანდშაფტი შეცვალოს, მითუმეტეს რეგიონში ჩინეთის მზარდი გავლენის და აგრესიული ქმედების, თუ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბირთვული არსენალის გაფართოების ფონზე.
Facebook Forum