პასუხების მოსმენა იმ უამრავ მნიშვნელოვან და აქტუალურ კითხვაზე რაც გავრილოვის ღამის შემდეგ დაგროვდა, ქართულ საზოგადოებას ტელეკომპანია „იმედმა“ შესთავაზა, როდესაც 27 ნოემბერს, ინტერვიუ სახელისუფლებო გუნდის მთავარ დირიჟორთან, „ქართული ოცნების“ ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან დააანონსა.
პირისპირ საუბრის ფორმატში ამ უკანასკნელისთვის არაფერი უკითხავთ არც გავრილოვის ჩამოსვლის თაობაზე, არ ხსენებულა ზოგადად ის ფაქტი, რომ სამოქალაქო პროტესტი რუსი დეპუტატის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩაჯდომას მოჰყვა; არაფერი თქმულა ოკუპაციის მიმდინარე პროცესზე, ბორდერიზაციის უმწვავეს პრობლემაზე და როგორია ქვეყნის პოლიტიკური ამინდის შემქმნელის ხედვა, ამასთან დაკავშირებით; არავის უხსენებია ცხინვალის ციხეში ტყვედ მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ ერთი სიტყვაც კი, რომ არაფერი ვთქვათ მისი გათავისუფლების პერსპექტივაზე; ყურადღება არ შეჩერებულა რუსულ საფრთხეებზე (მიუხედავად იმისა, რომ გადაცემის ფორმატი საფრთხეების შეფასებასაც გულისხმობდა), უკრაინასთან, საქართველოს უახლოეს სამეზობლოსთან ურთიერთობებზე და სხვა და სხვა... თუმცა, კომუნიკაცია კორესპონდენტსა და რესპონდენტს შორის ნამდვილად შედგა.
ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა გატეხილი სიტყვის შესახებ, რამაც გამოიწვია ნოემბრის აქციები პარლამენტის წინ. „ეს არ ყოფილა ხელშეკრულების მსგავსი საზოგადოებასთან, ეს იყო ჩვენი კეთილი ნება (დაპირება საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ),რომელიც მოჰყვა 20 ივნისის მოვლენებს. ეს იყო პირადად ჩემი ინიციატივა, რომ გადავსულიყავით პროპორციულ არჩევნებზე. მაჟორიტარების შეხედულება თავიდანვე იყო ცნობილი, პარტიაში კონსენსუსს მივაღწიეთ... მაგრამ, სამწუხაროა, რომ ჩვენი დაპირება ვერ შევასრულეთ.
არ მახსოვს, რაიმე სერიოზული დაპირება დამედოს და არ შემესრულებინოს. რა თქმა უნდა, ამას განვიცდი, თუმცა, საკონსტიტუციო ცვლილებებზე არ იყო კონტრაქტი არავისთან. ეს იყო ცალმხრივი დაპირებაბიძინა ივანიშვილი
ყველა ადამიანი განიცდის, როდესაც რასაც ამბობს, ვერ აკეთებს და მერწმუნეთ, მეც განვიცდი... არ მახსოვს, რამე სერიოზული დაპირება დამედოს და არ შემესრულებინოს. რა თქმა უნდა, ამას განვიცდი პირადად და გუნდშიც განიცდიან. ის ხალხიც განიცდის, ვინც ეს წინადადება ჩააგდო. თუმცა, საკონსტიტუციო ცვლილებებზე არ იყო კონტრაქტი არავისთან. ეს იყო ცალმხრივი დაპირება,“- ამბობს ბიძინა ივანიშვილი.
20 ივნისის ამბის განხილვისას, ყველაზე მთავარი საკითხი ივანიშვილისთვის არის „პარლამენტში შეჭრის“ თემა და არა თავად ამ პრობლემის სათავე: გავრილოვის ჩამოსვლა, რომელსაც საერთოდ არც ახსენებს. „შიგვე ჩავიჭერდით პარლამენტში ყველას. რომ შეჭრილიყვნენ, ყველაზე დიდი, მიიღებდნენ ვადამდელ არჩევნებს და წააგებდნენ პირწმინდად“...
„ქართული ოცნების“ ლიდერი ამბობს, რომ საქართველოში ხელისუფლება ორჯერ შეიცვალა სახელმწიფო გადატრიელების საფუძველზე და რომ ამჯერადაც, ოპოზიციას პარლამენტში შეჭრა ამ მიზნით სურდა. ზოგადად, ოპოზიცია მისთვის მხოლოდ ერთი სახელწოდების არსებობს და ესაა „ნაციონალური მოძრაობა“. ამ ქოლგის ქვეშ ერთიანდება ყველა, ლეიბორისტია, თუ ევროპული საქართველოს წარმომადგენელი.
ბიძინა ივანიშვილი სწორედ ოპოზიციას მიიჩნევს მთავარ მაპროვოცირებლად „ურჩი“ დეპუტატების ჩამოყალიბებაში: „პლენარული სხდომების დროს ისინი შეურაცხყოფებს გვაყენებდნენ. ჩვენს გუნდში უკმაყოფილება გაიზარდა. წინასაწარ ვიმსჯელეთ და დავუშვით თავისუფალი კენჭისყრა. რა თქმა უნდა, არაფერი დრამატული არ მომხდარა. დავზიანდით, ვიღაცები გავიდნენ. ნახეთ ევროპის ქეყნები, პარტია არ არსებობს, არ ჰქონდეს შეუსრულებელი დაპირებები.“
9-წლიანი მმართველობის მიმოხილვა, რა თქმა უნდა, ინტერვიუს მნიშვნელოვანი ნაწილი გახლდათ. ერთ-ერთი არგუმენტი იმისთვის, თუ რატომ თქვა ოცნებამ უარი საკონსტიტუციო ცვლილებებზე, ისევ ამ 9-წლიან მმართველობაში ძევს: „რა, გამოდის, რომ ისინი 9 წლის განმავლობაში უსამართლოდ მართავდნენ ქვეყანას?“- კითხულობს ბიძინა ივანიშვილი და ამბობს, რომ თუკი იმ პერიოდში შერეული სისტემით ჩატარებული არჩევნები მიიჩნეოდა სამართლიანად, რა პრობლემაა, ახლაც ასე რომ იყოს? „მათთან (ნაციონალებთან) ჩვენ პასუხი გასაცემი არ გვაქვს - საზოგადოებასთან გვაქვს. ვერ შევასრულეთ, თუ არ შევასრულეთ, ამომრჩეველს შეუძლია არჩვევნებზე დაგვსაჯოს, მაგრამ ეს ხალხი (ნაციონალები) რა პირით ითხოვს სამართლიანობას?“- აცხადებს ივანიშვილი.
მან ყოფილი თანაგუნდელებიც შეაფასა: „კოალიციაში ვინც იყვნენ, თითი თითზე არ დაუდიათ, გამოეტანათ ეს ინიციატივა. იქნებ ვთანხმდებოდით? დღეს რომ გვლანძღავენ ჩვენი კოალიციის წევრები.“
ივანიშვილის პროგნოზით, „ქართული ოცნება“ არჩევნებზე ხმების 50-სა და 60 პროცენტს შორის თავისუფლად, "ძალდაუტანებლად" მიიღებს: „პარტიული სიით ჩვენ მივიღებთ მნიშვნელოვნად მეტს, ვიდრე 50 პროცენტს. შევინარჩუნეთ სტაბილური უმრავლესობა. ზოგი ჭირი მარგებელია. რა თქმა უნდა, ცუდი იყო, რაც მოხდა (იგულისხმება პარტიიდან წევრების გასვლა), მაგრამ გავაკეთოთ დასკვნები“.
წამყვანის შეფასებით, ოპოზიცია დაცლილია იდეალიზმისგან და პრაგმატიზმისგან, არც მემარცხენე არსებობს მასში, აღარც მემარჯვენეე. დარჩენილია მხოლოდ რადიკალიზმი. იგი კითხულობს: „არის თუ არა ეს ქართული პოლიტიკის სუსტი მხარე?“
ბიძინა ივანიშვილი ამ კითხვაზე პასუხად აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, ანუ მთელს ოპოზიციას, სამშობლო არ უყვარს: „აბსოლუტური უმრავლესობა, გაკოტრებული პოლიტიკოსები არიან. ქვეყანაზე ზრუნვის განცდა უნდა გქონდეს, სამშობლოს სიყვარული უნდა გქონდეს. სამშობლო, თუ სახელმწიფო? სამშობლო არის ემოციური ნაწილი, რაც გვიყვარს და სახელმწიფო ინსტიტუტები არის ის, რაც ამ ყველაფერს იცავს... ოპონენტებს სამშობლოს სიყვარული აღარ გააჩნიათ, ისინი გვანან ერთმანეთს, ერთნარი ხასიათი აქვთ. როგორც ეკონომიკურად ვართ ღარიბები, ისე პოლიტიკოსების მხრივ ვართ ძალიან ღარიბები. პოლიტიკოსებს აფინანსებენ ბიზნესები, ჩვენ ვართ ღარიბები, შესაბამისად, ღარიბ ქვეყანაში რთულია პოლიტიკური პარტიის არსებობა, რადგან მათ არ ექნებათ ფინანსები.“
ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუს დროს მისთვის „საყვარელი ორი თემა“ დაასახელა. მეორეა „აგრესია“, რადგან აინტერესებს „როგორ იცვლებიან ადამიანები“. პირველი კი გენდერი: „დარჩენილი წლები მინდა მოვახმარო ამ საკითხს, რომ ჩვილი ბავშვი უნდა აღზარდოს დედამ. გენდერული თანასწორობა კარგია, მაგრამ... ეს ჩემი საყვარელი თემაა.“
საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოს უმთავრეს პარტნიორთან, აშშ-სთან ურთიერთობის თაობაზე ივანიშვილმა ვრცლად ისაუბრა და ინტერვიუს დროს განსაკუთრებული შეტევა განახორციელა არასამთავრობო სექტორზე: „ამდენი ყოფილი მინისტრია ციხეში და პოლიტიკოსი დევნაში და უცხოეთში ამ ამბავს, ჩვენს მმრთველობას არავინ არ აყენებს ეჭვქვეშ. ნაციონალურ მოძრაობას აშშ მხარს აღარ უჭერს. ვერავინ ამბობს, რომ ჩვენ დემოკრატიული ჩარჩოები დავარღვიეთ და რამე ისეთი გავაკეთეთ.
ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ფულით დაფინანსებული ენჯეოები საქართველოში განიცდიან დევალვაციას. მე უკვე გეტყვით, რომ საზოგადოებას ეზიზღება ენჯეოები.ბიძინა ივანიშვილი
ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინსტიტუტები ჩვენს ქვეყანაში განიცდიან დევალვაციას, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს საერთო უნდობლობაში (საზოგადოების მხრიდან). ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ფულით დაფინანსებული ენჯეოები საქართველოში განიცდიან დევალვაციას. მე უკვე გეტყვით, რომ საზოგადოებას ეზიზღებათ, ენჯეოები. შეიძლება, აშშ კონგრესს, სენატს ან აშშ პრეზიდენტს მივმართო საჯარო წერილით და საჯაროდ ავუხსნა, რომ ამერიკის სახელმწიფო ინტერესებს აზიანებენ ცალკეული პოლიტიკოსები და ენჯეოები საქართველოში, ვინც ამერიკის საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებს. ჩვენი გუნდი განუხრელად იცავს ამერიკულ ინტერესებს.“
ბიძინა ივანიშვილს არ დაუმალავს, რომ უცხოელი ელჩები შეშფოთებული არიან უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს გამო, რომელიც ღრმავდება, თუმცა ამაში იგი კვლავ ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებს: „გაიხსენონ ჩემი დიქტატორული ქცევები, ვერცერთს ვერ გაიხსენებენ. მე ბუნებით დემოკრატი ვარ. მათ კი პირდაპირი მნიშნვნელობით, ყველაფერი გააკეთეს, რომ რუსული ჯარი შემოსულიყო. 4 მილიარდი ვისესხეთ მაშინ, რასაც დღემდე ვიხდით. ჩვენ მიერ ნასესხ თანხას კი განვითარებას ვახმართ... ეკონომიკა იქნება, ადამიანის უფლებები იქნება, ყველა მიმართულებით უკეთესი შედეგები გვაქვს. ვერცერთ მიმართულებას ვერ დამისახელებენ, რომ ჩვენ გავაუარესეთ მდგომარეობა.“
ბიძინა ივანიშვილი ნაციონალურ მოძრაობას ანალიზის გაკეთებას ურჩევს. იგი საუბრობს პროფესიონალიზმის დეფიციტის თაობაზე ყველა სფეროში და პოლიტიკაშიც: „პოლიტიკაში მოდის ის ხალხი, ვინც ხელმოცარულები არიან სხვა ყველაფერში.“
რუსთაველზე მდგარ ახალგაზრდებს ივანიშვილი „უშანსოებს“ უწოდებს: „შანსი არ აქვთ იმ ადამიანებს, ვინც რუსთაველზე დგანან. თავგანწირულად მიდიან, ერთი ჭკვიანი კაცი მაინც მივიდეს, ანალიზი გაუკეთოს, უთხრას, რომ არაფერი გამოუვათ. თავს ურტყამენ, ჩემთვის დასანანია მათი ტყუილად გადაყრილი ენერგია, ძალა.“
„ეკონომიკის დაწევა დემოკრატიაზე, ეგ არის თუ არა მთავარი შესაძლებლობა დღეს?“ - ეკითხება ივანიშვილს წამყვანი. „მართლაც, რა კარგად შემახსენეთ დემოკრატიული ინსტიტუტები, იგივე, საერთაშორისო კვლევებს თუ ნახავთ, ევროკავშირის 28 ქვეყნიდან საუკეთესო ოცეულში შევდივართ დემოკრატიული მაჩვენებლებით, მაგალითად კორუფციასთან ბრძოლით და სხვა ბევრით. ეკონომიკის საქმე გვაქვს რთულად. მთავარი პრობლემაა უმუშევრობა,“ - პასუხობს ივანიშვილი.
განსაკუთრებული სიურპრიზი, რაც ივანიშვილის ინტერვიუსგან მიიღო საზოგადოებამ, უკიდურესად მტკივნეული ეკონომიკური პროგნოზია, რის ფონზეც იგი ერთადერთ გამოსავალს ასახელებს: შრომით მიგრაციას. ამ ამბავში მოქალაქეებისთვის „სასიხარულო“ ის უნდა იყოს, რომ ხელისუფლება მიაღწევს ევროკავშირის ქვეყნებთან ლეგალური სამუშაოს თაობაზე შეთანხმებას. ივანიშვილმა აღიარა, რომ ოცნების მხრიდან პოპულიზმი იყო ნაციონალური მოძრაობის დადანაშაულება ქვეყნიდან მოსახლეობის გადინებაში. აღმოჩნდა, რომ იგი რამდენიმე ათეულ წელში ვერ ხედავს ეკონომიკური წინსვლის პერსპექტივას.
პროგნოზი ასეთია: მთავარია, იაფი ფრენები გვქონდეს ევროკავშირის ქვეყნებთან. ასეთ შემთხვევაში, თვეში ორჯერ ან ერთხელ, ღირსეულად, ისე, რომ საქართველოში დარჩენილი ოჯახების მონახულებაც არ გაჭირდეს, ჩვენი მოქალაქეები სამუშაოდ ევროპაში ივლიან. „2 მილიონ სამუშაო ადგილს ვერც 10 წელიწადში და ვერც 20 წელიწადში ვერანაირად ვერ შევქმნით. ჩვენ ილუზიებს თავი უნდა დავანებოთ. ჩვენი ემიგრანტები შემოვიდნენ, პასპორტები განაახლონ და სხვა ქვეყნებში წავიდნენ ისევ სამუშაოდ. იმუშაონ, მაგრამ იმუშაონ ღირსეულად. მოქალაქეობას ამ დროს იქ არ მისცემენ, და საბოლოოდ ისევ ჩვენთან დაბრუნდებიან,“- ასეთ პერსპექტივას სთავაზობს საზოგადოებას ივანიშვილი.
„მე არ ვადანაშაულებ (ნაციონალურ მოძრაობას) და არ ვამბობ, თუმცა პოლიტიკურად გვითქვამს, როდესაც ოპოზიციაში ვიყავით, რომ ამდენი ჩვენი თანამოქალაქე საშოვარზეა გადაკარგული და ნაცებს ვადანაშაულებდით, და ახლა ისინი ამას ჩვენგან ითხოვენ, მაგრამ რეალობა ესაა. მილიონ სამუშაო ადგილს ათწლეულები დასჭირდება ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ ორ-სამ წელიწადში ყველა დასაქმდება, ზოგი მიუნხენში იმუშავებს, ზოგი ქუთაისში. მე ამის იმედი მაქვს. თუ ორ-სამ წელიწადში ეს მოხერხდა, ღირსება აღუდგება ქვეყანას. უნდა გავამყაროთ სახელმწიფო ინსტიტუტები“,- აცხადებს ქართული ოცნების ლიდერი.
Facebook Forum