ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრიუმფალური დაბრუნება


ძალიან ბევრი ტაში – ეს გახლავთ ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება, რაც „ქართული ოცნების“ დღევანდელი ყრილობის შემდეგ შეიძლება დარჩეთ მოქალაქეებს. მხურვალე აპლოდისმენტები ქართული ოცნების წასული და უკან მობრუნებული დამაარსებლის სიტყვისას ყველაზე ხშირად ისმოდა. ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ცხოვრების წესით იმას ამტკიცებს, რომ შეუძლებელი არაფერია. ამ თვალსაზრისით მან გააბათილა ძველი ანდაზის სიბრძნეც, რომლის თანახმად, ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ. ივანიშვილმა ერთ მდინარეში სწორედ რომ მეორედ შეცურა და თანაც ძალიან ბედნიერი და გახარებული პუბლიკის თვალწინ.

საკუთარი გამოჩენით მიგვრილი სიამოვნების გარდა, თანაგუნდელებს სიხარულის მიზეზი იმის გამოც აქვთ, რომ ლიდერის განცხადებით, საკადრო ცვლილებები არ განხორციელდება. ივანიშვილის თანაგუნდელები ამბობენ, რომ მართალია, პარტიაში დაპირისპირება იყო, მაგრამ ივანიშვილის გამოჩენამ ის უბრალოდ გააქრო. მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ივანიშვილის ავტორიტეტი იმხელაა, დაპირისპირება თანაგუნდელებს შორის, ამოიწურა: „რაც შეეხება მცირე დაპირისპირებებს, გაუგებრობებს, რაც იყო პარტიის შიგნით, უმრავლესობის შიგნით, თქვენ ნახეთ, რომ როგორც კი გააკეთა ბატონმა ბიძინამ განცხადება პოლიტიკაში მისი დაბრუნების შესახებ, ეს პრობლემები მყისიერად მოგვარდა, რადგან ბიძინა ივანიშვილს აქვს შესაბამისი მაღალი ნდობა და პოლიტიკური წონა, რომ ასეთი პრობლემები ძალიან მარტივად გადაჭრას. ეს არის, რაც იქნება მნიშვნელოვანი კონკრეტულად ჩვენ პარტიულ ცხოვრებაში“.

თავად ბიძინა ივანიშვილის სიტყვაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პასაჟი გაისმა. ის, საკუთარ გუნდში არსებული დაპირისპირების გარდა, შეეხო მედიას, ოპონენტებსა და ეკონომიკას. მისი თქმით, საქართველოში დემოკრატია განვითარდა, მაგრამ ეკონომიკა ჩამორჩა, ოპონენტები კი ცდილობენ წარმოაჩნონ მდგომარეობა მხოლოდ ნეგატიურად, რაც უღირსი საქციელია, რადგან ეს სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებზე არასასურველ გავლენას ახდენს: „ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ დღევანდელ საქართველოს პოლიტიკურ პრობლემებს მნიშვნელოვნად ნაწილად ქმნის ის, რომ ერთის მხრივ გვაქვს თითქმის ევროპული დემოკრატია, რასაც, მეორე მხრივ, ბევრად ჩამორჩება ეკონომიკის განვითარების დონე. დემოკრატიისა და ეკონომიკის დონეებს შორის ასეთი დისპროპორცია იმდენად უნიკალური მოვლენაა, ძნელად თუ მოიძებნება რომელიმე სხვა ქვეყანა, სადაც ანალოგიური მდგომარეობაა.“

მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა და სოციალური ფონის მიზეზებზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა იმაზე უფრო შორეულ წარსულში გადაინაცვლა, ვიდრე 2012 წელი გახლავთ. მან არსებული მდგომარეობის გამომწვევ ფაქტორად 90–იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირებისა და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსული სამხედრო ჩარევები დაასახელა. დღეს არსებული სოციალური ფონის განსაზღვრისთვის რამდენად რელევანტურია 27 წლის წინ არსებული ვითარების მოყვანა, ამ კითხვაზე პასუხად შეიძლება მივიჩნიოთ შეფასებების გარეშე დარჩენილი უკანასკნელი წლების ეკონომიკური ეფექტიანობა: „ზედმიწევნით კარგად ვიცი, რა სირთულეების წინაშეა დღეს რიგითი მოქალაქე.

ჩვენ ხომ ჯერ კიდევ ვერ დავაღწით თავი იმ ეკონომიკურ სიდუხჭირეს, რაც დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე განვითარებული, მათ შორის სისხლიანი კატაკლიზმების შედეგად აღმოვჩნდით. ჯერ კიდევ არ გვქონდა მოშუშებული სამოქალაქო ომის იარები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში ჩავებით, რასაც რუსული ოკუპაცია და მასობრივი დევნილების ორი ტალღა მოჰყვა. სწორედაც რომ თანამედროვე სახელმწიფო მართვის ტრადიციის არქონის კვალდაკვალ დაწყებულმა ქაოსმა უმძიმესი სოციალურ–ეკონომიკური ვარდნა გამოიწვია ქვეყანაში და სიღარიბე მასობრივ მოვლენად აქცია. დღემდე მწვავეა უმუშევრობის, ხოლო დასაქმებულთათვის არასაკმარისი ხელფასის, აგრეთვე პენსიების პრობლემა. სამწუხაროდ, ძვირდება ცხოვრება,“– ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

ოპოზიციას ივანიშვილი ყოფს კონსტრუქციულ და დესტრუქტიულ ელემენტებად. გიგა ბოკერია, ევროპული საქართველოს წარმომადგენელი ამბობს: „მომავლის ხედვის შესახებ არანაირი განცხადება არ მოგვისმენია და არც იმის თაობაზე გაგვიგია რამე, როგორ უნდა წავიდეს ქვეყანა წინ, როგორ უნდა გამოვიდეს იმ ჩიხიდან, სადაც მისმა გუნდმა შეიყვანა. ამიტომ არაფერს სასიკეთოს არ ველით ამ ცვლილებისგან. ჩვენი ეროვნული ამოცანა უნდა იყოს მშვიდობიანი არჩევნების გზით ამ კაცისა და მისი გუნდის ჩამოცილება ხელისუფლებისგან.“

კახი კალაძე, თბილისის მერი ასევე ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებისთვის მნიშვნელოვანი ბიძგი პარტიის შიგნით არსებული დაპირისპირება აღმოჩნდა. შიდა პარტიული საკითხების დარეგულირება, დასტაბილურება ამ ეტაპზე ივანიშვილის მთავარი ამოცანა იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG