ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიაში დემონსტრაციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს


იტალიის პოლიციამ, საპორტო ქალაქ ტრიესტეში გამართული დემონსტრაციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. ქუჩაში გამოსული მოსახლეობა კოვიდ-19-ის ვაქცინაციის დასტურის წარდგენის სავალდებულო წესს აპროტესტებდა.

ეს ქალაქი იტალიაში პროტესტის მთავარი კერაა. მოსახლეობას არ სურს, რომ მთავრობის ახალი წესი ამოქმედდეს. გასულ კვირას, იტალიაში ყველა დასაქმებულისთვის სავალდებულო გახდა სამუშაო ადგილზე ვაქცინაციის ცნობის, ნეგატიური ტესტის, ან იმ ცნობის წარდგენა, რომ კონკრეტულმა ადამიანმა კორონავირუსი გადაიტანა და გამოჯანმრთელდა.

მას შემდეგ, რაც რამდენიმე ასეულმა მოქალაქემ გზა გადაკეტა, პოლიციის სპეცრაზმმა დემონსტრატების დაშლა წყლის ჭავლით გადაწყვიტა. წყლის ჭავლთან ერთად, პოლიციამ დემონსტრანტების მთავარი ქუჩებიდან გადასაყვანად ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა.

"ისინი თავს დაგვესხნენ, სიტყვებიც არ მყოფნის, არ ველოდი ამას", - თქვა სტეფანო ფაზერმა, პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა. ფაზერი ამბობს, რომ დემონსტრანტები მშვიდობიანად აპროტესტებდნენ და კანონი არ დაურღვევიათ.

პანდემიასთან საბრძოლველად იტალია მკაცრ რეგულაციებს აწესებს და ითხოვს, რომ ყველა დასაქმებულმა ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან უარყოფითი ტესტის პასუხი წარადგინოს. გადაწყვეტილება იტალიის მთავრობამ მიიღო და ახალი წესი 15 ოქტომბრიდან ამოქმედდება.

იტალიის მთავრობის ეს გადაწყვეტილება კოვიდ-19-თან ბრძოლაში მსოფლიოში აქამდე მიღებულ რეგულაციებს შორის ყველაზე მკაცრია. ჯერჯერობით არცერთ სხვა ქვეყანაში ასეთი მკაცრი მოთხოვნები არ არსებობს.

პრემიერ-მინისტრის მარიო დრაგის კაბინეტში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლის შემცირებას ისახავს მიზნად. მთავრობა ასევე იმედს გამთქვამს, რომ არავაქცინირებული ადამიანები დაფიქრდებიან და გადაწყვეტილებას შეცვლიან. ამ დროისთვის იტალიაში 12 წელს ზემოთ მოსახლეობის 80% კოვიდ-19-ზე აცრილია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG