სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება, კორუფცია და პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში, ანგარიშვალდებულების ნაკლებლობა სამართალდამცავ უწყებებში, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საგამოძიებო უწყების არარსებობა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომლებიც ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" საქართველოში დააფიქსირა და რის გამოც ქვეყანაში კორუფციის აღქმის ინდექსი გაუარესდა.
საქართველოში ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ბერლინის სამდივნოს კვლევაშია საუბარი. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველო მსოფლიოს მასშტაბით 56 ქულით 44-ე ადგილს იკავებს. კვლევაში 180 ქვეყანაა წარმოდგენილი. რეიტინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა - ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს.
რეგიონის ქვეყნებიდან, 2019 წლის ინდექსში, 2018 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სომხეთისა და აზერბაიჯანის შედეგები.
წლიური მაჩვენებლების გამოქვეყნებასთან ერთად, ორგანიზაციამ კონკრეტული ქვეყნების მთავრობებს რეკომენდაციებითაც მიმართა:
- ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის უზრუნველყოფა
- ძირითადი სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და მათი გაძლიერება
- სამართალდამცავი ორგანოების დაცვა არაჯეროვანი პოლიტიკური ზეგავლენისგან
- თავისუფალი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა
- ქმედითი რეაგირება პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წესების დარღვევებზე
- ხელისუფლების პოლიტიკურ ოპონენტებსა და განსხვავებული აზრის მქონე სხვა ჯგუფებზე თავდასხმების შეწყვეტა
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციისკენ მიმართული კამპანიების შეწყვეტა
- კორუფციის (მათ შორის, მაღალი დონის კორუფციის) შემთხვევებზე რეაგირების ქმედითი მექანიზმის - დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" ანგარიშს კორუფციის აღქმის ინდექსის შესახებ ყოველწლიურად ამზადებს.
Facebook Forum