ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანგარიში: ისრაელის ტანკმა, ჟურნალისტებზე სასიკვდილო თავდასხმის შემდეგ, „სავარაუდოდ“ მათ ტყვიამფრქვევიდან ესროლა


ფოტო არქივიდან: სამუშაო აღჭურვილობა, რომელიც "როიტერის" ჟურნალისტ ისამ აბდალას ეკუთვნოდა, გამოფენილია ბეირუთში, "საერთაშორისო ამნისტიისა" და "ჰიუმან რაითს უოჩის" პრესკონფერენციაზე.
ფოტო არქივიდან: სამუშაო აღჭურვილობა, რომელიც "როიტერის" ჟურნალისტ ისამ აბდალას ეკუთვნოდა, გამოფენილია ბეირუთში, "საერთაშორისო ამნისტიისა" და "ჰიუმან რაითს უოჩის" პრესკონფერენციაზე.

ნიდერლანდების გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების ორგანიზაციის (TNO) მიერ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ისრაელის სატანკო ეკიპაჟმა, ოქტომბერში, ლიბანში საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ჟურნალისტი მოკლა. ანგარიშის მიხედვით, სატანკო ეკიპაჟმა, აშკარად იდენტიფიცირებული ჟურნალსტების ჯგუფს, ორი ჭურვი ესროლა, შემდეგ კი, „სავარაუდოდ“ მათ მძიმე ცეცხლი გაუხსნა, ტყვიამფრქვევიდან.

TNO-მ, რომელთანაც 13 ოქტომბერს მომხდარი მოვლენების ანალიზისთვის, კონტრაქტი საინფორმაციო სააგენტო „როიტერმა“ დადო, ანგარიში ხუთშაბათს გამოაქვეყნა. 13 ოქტომბრის თავდასხმის შედეგად, ჟურნალისტი ისამ აბდალა დაიღუპა. ანგარიში ამბობს, რომ, თავდასხმის დროს, სატანკო ეკიპაჟმა, 120 მმ-იანი, ორი ჭურვი ესროლა. პირველმა ჭურვმა მოკლა 37 წლის აბდალა და მძიმედ დაიჭრა Agence France-Presse (AFP) ფოტოგრაფი, 28 წლის კრისტინა ასი.

„სავარაუდოდ მიჩნეულია, რომ „მერკავას“ ტანკმა ორი სატანკო გასროლის შემდეგ, ასევე გამოიყენა ავტომატური იარაღი, ჟურნალისტების ადგილსამყოფელის მიმართულებით“, - ნათქვამია TNO-ს ანგარიშში. ანგარიშში დაზუსტებულია, რომ „ამ უკანასკნელის დარწმუნებით დასკვნა შეუძლებელია, რადგანაც (ტყვიამფრქვევის) სროლის მიმართულება და ზუსტი მანძილი ვერ დადგინდა“.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ დამოუკიდებლად ვერ შეძლო დაედგინა, იცოდა თუ არა ისრაელის სატანკო ეკიპაჟმა, რომ ჟურნალისტებს ესროდა, ასევე, ესროლა თუ არა მათ ავტომატური იარაღით და თუ ასეა, რატომ. ინციდენტის დროს იქ მყოფ „როიტერის“ გადარჩენილ ორ ჟურნალისტს, ასევე „ფრანს-პრესის“ ჟურნალისტს, არ შეუძლიათ გაიხსენონ, იყო თუ არა გასროლა ავტომატური იარაღიდან. თითოეული მათგანი ამბობს, რომ მომხდარის დროს შოკურ მდგომარეობაში იყო.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, რომ მუშაობენ ინციდენტის შესახებ „როიტერის“ კითხვებზე პასუხზე. დეკემბერში TNO-ს წინასწარი დასკვნების შესახებ კითხვაზე პასუხად, IDF-მა თქვა: „ჩვენი სამიზნე არ არიან ჟურნალისტები“. „როიტერის“ გამოძიების გამოქვეყნებიდან ერთი დღის შემდეგ, IDF-მა განაცხადა, რომ ინციდენტი აქტიურ საბრძოლო ზონაში მოხდა.

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი კრძალავს ჟურნალისტებზე თავდასხმას, რადგან მედიის წევრები დაცულნი არიან მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის ფარგლებში და არ შეიძლება ჩაითვალონ სამხედრო სამიზნეებად.

XS
SM
MD
LG