ლიბანის დედაქალაქის სამხრეთი გარეუბანი პარასკევს, 15 ნოემბერს, ისრაელის საჰაერო თავდასხმის სამიზნე გახდა. ისრაელის სამხედრო უწყებამ მანდამდე ბეირუთის მოსახლეობა მოსალოდნელ იერიშზე გააფრთხილა და ევაკუაციისკენ მოუწოდა.
სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული, ლიბანის ახალი ამბების ეროვნული სააგენტოს ცნობით, ისრაელის დრონმა ბეირუთის გარეუბან გობეირისკენ მანამდე ორი რაკეტა გაუშვა. საჰაერო ძალების „ძალიან მძიმე“ დარტყმამ მუნიციპალური ოფისების სიახლოვეს შენობები მიწასთან გაასწორა.
ევაკუაციის ბრძანება ისრაელის არმიის პრესმდივანმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა. განცხადებაში ისრაელმა ადგილობრივი მცხოვრებლები მოსალოდნელი იერიშის შესახებ გააფრთხილა და უთხრა, ადგილი რაც შეიძლება სწრაფად დაეტოვებინათ.
„სამხრეთის გარეუბნების ყველა მცხოვრებს, კონკრეტულად... გობეირის უბანში, თქვენ „ჰეზბოლასთან“ დაკავშირებული ობიექტების და ინტერესების სიახლოვეს იმყოფებით. თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების უსაფრთხოებისთვის, ამ და მათი მიმდებარე შენობებიდან დაუყოვნებელი ევაკუაცია უნდა მოახდინოთ“, - ნათქვამია შეტყობინებაში. აღნიშნული ცნობა ასევე შეიცავდა რუკას, რომელზეც ბუსტანის სკოლის სიახლოვეს მდგარი შენობები იყო მონიშნული.
ბეირუთის სამხრეთზე ისრაელის გამუდმებულმა საჰაერო დარტყმებმა, „ჰეზბოლას“ საყრდენი ადგილიდან სამოქალაქო მოსახლეობის მასიური გადინება გამოიწვია.
ახალი ამბების ეროვნული სააგენტო, სამხრეთის ქალაქ ნაბათიეზე გათენების წინ დარტყმების შესახებაც იუწყებოდა.
ისრაელის სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ იერიში მიიტანეს „ჰეზბოლას“ ელიტურ „რადვანის ძალებზე“ და რაკეტების სასტარტო დანადგარებზე, რომლებიც ხუთშაბათს ისრაელის წინააღმდეგ რაკეტების გასაშვებად გამოიყენეს. ისრაელის სამხედრო უწყების ცნობით, მათ გასული დღის განმავლობაში ლიბანის მთელ ტერიტორიაზე 120-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის - იარაღის საწყობებს, სამეთაური ცენტრებს და რაკეტების სასტარტო დანადგარების დიდ რაოდენობას.
ლიბანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გასული წლის ოქტომბრიდან, როდესაც „ჰეზბოლამ“ და ისრაელმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს, ქვეყანაში 3,380-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
მსოფლიო ბანკმა ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ კონფლიქტმა ლიბანს 5 მილიარდი დოლარის მოცულობის ეკონომიკური ზარალი მიაყენა. ფაქტობრივი სტრუქტურული ზიანი კი დამატებითი მილიარდების მოცულობისაა.