ისრაელის ლიბანზე დარტყმების შესახებ მსჯელობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 25 ოქტომბერს ქვეყნის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. იმავდროულად, ვაშინგტონი ბეირუთის მთავრობაზე წნეხს ახორციელებს, რათა მან „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ იმოქმედოს.
ახლო აღმოსავლეთის ტურნედან დაბრუნებისას, ბლინკენი ლონდონში ლიბანის პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ მიკატის შეხვდა, რომელიც ლონდონში წინა დღით პარიზიდან ჩავიდა, სადაც ლიბანის შესახებ კონფერენციაში მონაწილეობდა.
კამერების წინ ორივე ოფიციალური პირი იღიმებოდა, თუმცა კომენტარები არ გაუკეთებიათ.
ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიბანის ტერიტორიაზე დაბომბვების ერთი თვის შემდეგ, ისრაელის მთავარმა პოლიტიკურმა და სამხედრო მოკავშირე შეერთებულმა შტატებმა, დაუყოვნებლად ცეცხლის შეწყვეტის მოწოდება არ გააჟღერა, მაგრამ ბლინკენმა სწრაფი დიპლომატიური გადაწყვეტისკენ მოუწოდა.
შეერთებულმა შტატებმა ლიბანის ცენტრალურ მთავრობას, რომელიც დიდი ხანია არასტაბილურია, მოუწოდა გადაჭრით იმოქმედოს უსაფრთხოებისთვის და „ჰეზბოლას“ განიარაღებისთვის, რომელიც ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური მოძრაობაა და სინამდვილეში საკუთარი სამხედრო ძალები ჰყავს.
„ჰეზბოლა“ ისრაელს რაკეტებს უშენდა 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, რამაც ღაზაზე ისრაელის მასიური სამხედრო იერიში გამოიწვია.