პალესტინა გაეროს კულტურული სააგენტოს იუნესკოს სრულუფლებიანი წევრი გახდა. ოპონენტების თქმით, ამან შესაძლოა სამშვიდობო ძალისხმევას ხელი შეუშალოს. იუნესკო გაეროს პირველი სააგენტოა, რომელმაც პალესტინა თავის რიგებში გააწევრიანა, მას შემდეგ, რაც პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა გაეროს აღიარების თხოვნით მიმართა. იუნესკოს წევრობისთვის ამ ორგანიზაციის 193 წევრის ორი მესამედის თანხმობაა საჭირო. თუმცა, პალესტინელთა წარმატება პარიზს, შესაძლოა იუნესკოს საკმაოდ ძვირი დაუჯდეს, რადგან შეერთებული შტატების კანონის თანახმად ვაშინგტონი არ აფინანსებს გაეროს იმ სააგენტოებს რომელთა წევრიც პალესტინაა. ამჟამად იუნესკოს ყველაზე მსხვილი სპონსორი სწორედ შეერთებული შტატებია. ვაშინგტონი იუნესკოს ბიუჯეტის 22 პროცენტს აფინანსებს.
ამავდროულად დაძაბული მდგომარეობა შენარჩუნებულია ისრაელის და ღაზას სექტორის საზღვარზე შაბათს მომხდარი ძალადობის შემდეგ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მის ქვეყანას მოვლენების ესკალაცია არ სურს, თუმც ისრაელი პასუხს გასცემს პალესტინელთა მხრიდან რაკეტების სროლას.თავის მხრივ ისრაელი ძალადობაში დაადანაშაულა მოძრაობა ისლამური ჯიჰადის წარმომადგენელმა აბუ აჰმადმა.მისი თქმით, ისრაელი ღაზაზე დარტყმებს ახორციელებს და ისლამური ჯიჰადი საპასუხო ზომებს მიიღებს