ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი და პალესტინელები მოახლოვებული მოლაპარაკებებისგან ბევრს არ ელიან


ისრაელი და პალესტინელები მოახლოვებული მოლაპარაკებებისგან ბევრს არ ელიან
ისრაელი და პალესტინელები მოახლოვებული მოლაპარაკებებისგან ბევრს არ ელიან

ისრაელისა და პალესტინური ავტონომიის ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ, რომ მოლაპარაკებები, რომელიც შეერთებული შტატების შუამავლობით უნდა გაიმართოს, უნაყოფო იქნება

ისრაელისა და პალესტინური ავტონომიის ოფიციალური პირები შიშობენ, რომ მოახლოვებული პირდაპირი მოლაპარაკებები, რომელიც შეერთებული შტატების შუამავლობით უნდა გაიმართოს, უნაყოფო იქნება.

მუსტაფა მურარი იერუსალიმის მახლობლად მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ქალაქ ელ ბირეში საღებავების მაღაზიის მეპატრონეა. ელ ბირე ებრაული დასახლებისკენ მიმავალ გზაზეა განლაგებული. ათი წლის წინ პალესტინური ამბოხების დროს გზატკეცილის ამ მონაკვეთზე შემზარავი შეტაკება მოხდა. შეტაკების შედეგად მუსტაფა მურარის ბიზნესი დაზარალდა.

მურარის თქმით, შვიდი წლის მანძილზე მისი ბიზნესი ფინანსურად წამგებიანი იყო. მხოლოდ ამ ბოლო დროს ამ რეგიონში მდგომარეობა გაუმჯობესდა და მისი ბიზნესი გამოცოცხლდა.

ბოლო სამი წლის მანძილზე შედარებითი სიმშვიდის ფონზე ისრაელის მიერ ოკუპირებული მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ეკონომიკური გამოცოცხლება შეინიშნებოდა. მურარმა დახლები სამომხმარებლო საქონლით შეავსო და, როგორც ჩანს, ბიზნესიც გამოცოცხლდა.

მისი თქმით, 2000 წელს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ახალ ამბოხებას არავინ ელოდა. მას მიაჩნია, რომ ახლა შექმნილი მდგომარეობა წარსულისგან ბევრად არ განსხვავდება.

მურარი აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებები და შეთანხმება მხოლოდ მაშინ იქნება წარმატებული თუ ისინი მშვიდობისკენ მიმართულ ნამდვილ მცდელობებს ეფუძნება. მაგრამ ისრაელთან პალესტინური გამოცდილების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ მოახლოვებული მოლაპარაკებები უნაყოფო იქნება, აღნიშნავს იგი.

ისრაელის ბევრი მოქალაქე იზიარებს ამ მოსაზრებას. მათ მიაჩნიათ, რომ დღევანდელი კონტექსტი მოლაპარაკებების წარმართვას შეაფერხებს. ათწლეულების მანძილზე დაპირისპირების შემდეგ დასავლეთ იერუსალიმში მცხოვრებ ებრაელ მამაკაცს მიაჩნია, რომ ნაყოფიერი დიალოგისთვის საჭიროა მხარეებს შორის საერთო პოზიციების არსებობა.

ამ ებრაელ მამაკაცს მიაჩნია, რომ მოლაპარაკებები წარუმატებელი აღმოჩნდება. მისი თქმით, კონფლიქტი ერთბაშად არ გადაწყდება და არსებული პრობლემების მოგვარებას დიდი დრო დასჭირდება. უწინარეს ყოვლისა ებრაელები და პალესტინელები ერთმანეთს უნდა შეეგუონ.

კონფლიქტი ათწლეულების მანძილზე გრძელდება და მხარეებს შორის ბევრი სხვაობა არსებობს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით როგორიც არის იერუსალიმის სტატუსი, პალესტინელი ლტოლვილების დაბრუნება, საზღვრების დემარკაცია, და ებრაული დასახლებები ოკუპირებულ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.

ისრაელის მთავრობა უსაფრთხოების გარანტიებს, დემილიტარიზებულ პალესტინურ სახელმწიფოს, და იერუსალიმზე სრულ და უპირობო კონტროლს ითხოვს. ისრაელს აგრეთვე სურს, რომ პალესტინელებმა აღიარონ ისრაელი როგორც ებრაული სახელმწიფო. ისრაელის ბევრი მოქალაქე ეწინააღმდეგება მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირიდან ასობით ებრაელის გაყვანას, რაც პალესტინელების უკომპრომისო მოთხოვნას წარმოადგენს.

ანალიტიკოსი მაჰდი აბდულ ჰადი აღმოსავლეთ იერუსალიმში მდებარე საერთაშორისო ურთიერთობების შესწავლის პალესტინური აკადემიური საზოგადოების თნამშრომელია. მისი თქმით ორი მხარე მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდება არა იმიტომ რომ ისინი დიალოგისთვის მზად არიან არამედ შეერთებული შტატების ზეწოლის გამო.

„ბოლო 20 წლის მანძილზე, მადრიდში გამართული მოლაპარაკებებიდან დღემდე, ანუ 19 წლის მანძილზე ჩვენ ებრელებთან ვერაფერს მივაღწიეთ. პირიქით, ჩვენ ტერიტორიას ვკარგავთ და ჩვენი დაქსაქსულობა იზრდება. პალესტინელები მმართველობის კრიზისს განიცდიან. ჩვენ ფაქტობრივად ისრაელის ოკუპაციის ქვეშ აპარტეიდული სისტემის პირობებში ვცხოვრობთ. ახლა ვაშინგტონი გვეპატიჟება? ისინი არ გვპატიჟებენ. ჩვენ მათ გამოგვიძახეს,“ აღნიშნავს ჰადი.

პალესტინური ავტონომიის ლიდერებს ძალადობის დაბრუნება არ სურთ.

მაგრამ იერუსალიმის ისრაელის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი იაკოვ ბარ-სიმანტოვი აღნიშნავს, რომ ძალადობის განახლების პოტენციალი კვლავინდებურად იგრძნობა.

„რასაკვირველია არიან ისინიც, ვინც ამბობს, რომ თუ პოლიტიკური თამაში, დიპლომატიური პროცესი წარუმატებელი აღმოჩნდა, მაშინ ძალის გამოყენება მიზანშეწონილი იქნება. ანუ სხვაგვარად, რომ ვთქვათ წარუმატებლობის შედეგად შეიძლება ძალადობის ახალი ტალღა აგორდეს,“ აღნიშნავს ბარ-სიმანტოვი.

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მცხოვრები სხვა პალესტინელები, შიშობენ, რომ თუ მოლაპარაკებები წარუმატებელი აღმოჩნდა, ოკუპაციით გამოწვეული უკმაყოფილება შეიძლება ძალადობაში გადაიზარდოს და შედეგად ყველაფერი ის რასაც მათ დღემდე მიაღწიეს განადგურდება.

XS
SM
MD
LG