მსოფლიოს ლიდერი ქვეყნების და ირანის წარმომადგენლებს შორის ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ამ კვირას განახლდება. ექსპერტების შეფასებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის ყველაზე დიდი ოპოზიციური ჯგუფების დამოკიდებულებაშიც კი ამ შეთანხმების მოტივაცია იგრძნობა. თუმცა არსებობს დამატებითი პრობლემებიც, რომელიც გადაჭრას მოითხოვს, მათ შორისაა ირანის მტკიცება იმის შესახებ რომ მას ურანის გამდიდრების უფლება გააჩნია. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ელ პესინი ლონდონიდან მოგვითხრობს.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იყო განწყობა რომ შეთანხმება ნოემბრის დასაწყისში, მოლაპარაკებათა ბოლო რაუნდის დროს მოხდებოდა, მაშინ როდესაც დიალოგში საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ. თუმცა, ეს ასე არ მომხდარა. ამ კვირაში დაგეგმილი მოლაპარაკების დროს ჩამტვრეული ხიდის აღდგენას უფრო დაბალი რანგის წარმომადგენლები შეეცდებიან.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი ფიქრობს, რომ მოლაპარაკებათა ეს რაუნდი მათთვის წარმატებული იქნება.
მოჰამედ ჯავად ზარიფი: ვფიქრობ, ყველას ერთნაირი განწყობა აქვს და ეს მნიშვნელოვანია, რადგან ეს მომავალი შეხვედრის წინ წინსვლის სტიმულს გვაძლევს, განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
არსებული პრობლემები საკმაოდ რთულად გამოიყურება. თუმცა, ექსპერტები აცხადებენ, რომ ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის შესახებ შეთანხმების შემთხვევაში პირველ ეტაპზე საპასუხო ნაბიჯი ეკონომიკური სანქციების შესუსტება გახდება. რაც ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ჰამეინის სურვილსაც წარმოადგენს.
ოქსფორდის კვლევის ჯგუფის წარმომადგენელი გებრიელ რიფკინდი: სულიერი ლიდერი სტრატეგიულ გათვლას აკეთებს ირანის ინტერესების სასარგებლოდ.
ოქსფორდის კვლევის ჯგუფში გებრიელ რიფკინდი ახლო აღმოსავლეთის საკითხებს კურირებს.
გებრიელ რიფკინდი: ირანის სულიერი ლიდერი ძალზედ გამჭრიახი პიროვნებაა. ძალიან მარტივი შეფასებაა , რომ ის მხოლოდ იდეოლოგიურად მტკიცე ლიდერია. ის გაცილებით შორსმჭვრეტელია, ვიდრე ჩანს.
როგორც აიათოლა ჰამეინიმ ირანში მოქმედ რადიკალურ ძალებს მოუწოდა, ირანის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ჰასან როჰანის მათ შანსი უნდა მისცენ, რომ საკითხი დიპლომატიური გზით მოგვარდეს. მთავარ მოტივაციას იძლევა პოლიტიკური ძალა, რომელმაც პრეზიდენტი როჰანი მოიყვანა ხელისუფლებაში. ეს არის სამოქალაქო ნება, რომ ირანი ეკონომიკური სანქციებისგან გათავისუფლდეს.
თუმცა ციურიხის უსაფრთხოების საკითხების ცენტრის მკვლევარი, როლანდ პოპი ამბობს რომ, დიდი ხანია ამ მოტივაციაზე მიდის მსჯელობა.
როლანდ პოპი: ისინი კომპრომისზე წასვლას შეეცდებიან, თუმცა არ დანებდებიან. ერთის მხრივ ირანში ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს ირანის ბირთვულ პროგრამას. ეს ეროვნული ღირსების დონეზეა აყვანილი. მეორე მხრივ, ხალხი საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობიდანაც მსჯელობს და პოლიტიკოსებისგან მოელიან, რომ ეკონომიკური სანქციები დასრულდება.
ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს ნიშნავს საჭირო ფორმულის მოძებნას, როგორ შეიძლება ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვა მოხდეს, რათა საერთაშორისო საზოგადოება გარანტირებული იყოს, რომ მათ წინააღმდეგ ახალი ბომბი არ მზადდება. ეს არ გულისხმობს პროგრამის შეწყვეტის მოთხოვნას, რაც ბუნებრივია ზოგიერთი ქვეყნის ინტერესებში შედის. უნდა მოხდეს ეკონომიკური სანქციების შესუსტება, რაც ირანისთვის მოკლე პერიოდში მისაღები გადაწყვეტილება უნდა იყოს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ირანის მხრიდან სხვა დათმობების მოტივაციაც უნდა შენარჩუნდეს.
გაბრიელ რიფკინდი: დიდი სანქციები, როგორიცაა ნავთობზე და ფინანსებზე არსებული შეზღუდვები, ამ ეტაპზე არ გადაიხედება და მათი შემსუბუქების ან გაუქმების პირობა არ იგულისხმება.
მაგრამ სწორედ ეს არის რასაც ირანი ითხოვს პროცესის ბოლოს, დაახლოებით ექვს თვეში. და რამდენადაც რთული იყო ეს მოლაპარაკებები, მათი წარმატებისათვის ორივე მხრიდან რთული კომპრომისების გაკეთება იქნება საჭირო.