ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის პრეზიდენტი ავიაკატასტროფამ იმსხვერპლა


ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი
ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი

დღეს, ირანის ისლამური რესპუბლიკის ოფიციალურმა პირებმა და სახელმწიფო მედიამ საბოლოოდ დაადასტურეს, რომ ერთი დღით ადრე, 18 მაისს დაიღუპა ქვეყნის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი. ვერტმფრენი, რომელშიც რაისი იმყოფებოდა, აზერბაიჯანის საზღვართან, მთებში, ცუდ ამინდში ჩამოვარდა და ოფიციალური ცნობების მიხედვით, მთლიანად დაიწვა.

63 წლის პრეზიდენტი რაისი ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის პოტენციურ მემკვიდრედ განიხილებოდა. კატასტროფის მომენტში მასთან ერთად ვერტმფრენში ქვეყნის სხვა ოფიციალური პირებიც იმყოფებოდნენ.

მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში მიმდინარე რამდენიმესაათიანი სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შემდეგ, რომელსაც ხშირი ნისლი და თოვა ართულებდა, გარდაცვლილად გამოცხადდა ეკიპაჟის ყველა წევრი და ბორტზე მყოფი ექვსივე მგზავრი. მათ შორის არიან: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი, ასევე ირანის პროვინციის, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის გუბერნატორი და ქალაქ თავრიზის იმამი.

ახალი პრეზიდენტის შესარჩევად, ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები 50 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს. პრეზიდენტის გარდაცვალების შემთხვევაში, მის მოვალეობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს. დღეს ირანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი მოჰამად მოხბერია. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას კი დროებით მისი მოადგილე შეასრულებს.

მკაცრი ისლამისტური კურსის გამტარებელმა იბრაჰიმ რაისმა პოსტი 2021 წლის აგვისტოში ჩაიბარა. პრეზიდენტობამდე ის ირანის სასამართლო ხელისუფლებას და გენერალურ პროკურატურას ხელმძღვანელობდა. ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, რაისს შეერთებული შტატების და ევროკავშირის მხრიდან სანქციები ჰქონდა დაწესებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG