გაეროს ინსპექტორები დღეს ირანში ჩავიდნენ. ისინი ქვეყნის ბირთვულ პროგრამებს მათი სამხედრო დანიშნულების კუთხით შეისწავლიან და საერთაშორისო საზოგადოებას სათანადო დასკვნებს მიაწვდიან.
დელეგაციას ჰერმან ნაკაერტსი, საერთაშორისო ბირთვული ენერგიის სააგენტოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. ავსტრიის დედაქალაქ ვენიდან გამგზავრების წინ ის ჟურნალისტებს შეხვდა.
„იმედი გვაქვს წინ რამდენიმე ნაყოფიერი დღე გველოდება. ვიმედოვნებთ, რომ თეირანში ვიზიტს ამჯერად კონკრეტული შედეგი მოჰყვება. მთავარი პრიორიტეტი, რაღა თქმა უნდა, ირანის ბირთვული პროგრამების სამხედრო ასპექტის შესწავლაა. თუმცა, მსგავს მრავალგანზომილებიან საკითხში მხოლოდ ერთი მხრით ვერ შემოვიფარგლებით და ამას მეტი დრო დასჭირდება“ - აცხადებს ბირთვული ენერგიის სააგენტოს თავმჯდომარე.
საერთაშორისო ორგანიზაციის სურვილია მათი უკანასკნელი ანგარიშის შესახებ ირანის ოფიციალური პირებისგან სათანადო ახსნა-განმარტება მოისმინოს. საქმე იმაშია, რომ მათი დოკუმენტი ირანში ატომური ბომბის შექმნაზე მუშაობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს შეიცავს. ირანი აცხადებს, რომ ანგარიში ფალსიფიცირებულია და ის ყალბ მონაცემებს ეყრდნობა.