ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანელი დიპლომატი ბრიუსელში ტერორიზმში დამნაშავედ ცნეს


ბრიუსელში ირანელი დიპლომატი, რომელსაც ბრალად ირანელი დისიდენტთა ჯგუფის აფეთქების დაგეგვმა ედებოდა, დამნაშავედ იქნა ცნობილი. მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ეს, 1979 წლის ირანის რევოლუციის შემდეგ, პირველი შემთხვევაა, როცა ირანელი ოფიციალური პირი ევროპაში ტერორიზმის ბრალდებით გაასამართლეს.

ასადოლა ასადი პარიზთან ახლოს, საფრანგეთში 2018 წლის ივნისში ირანის წინააღმდეგობის ეროვნული საბჭოს შეხვედრაზე ბომბის დამონტაჟების გეგმისთვის დააკავეს. ასადი ბელგიაში გაასამართლეს.

ასადი ვენაში ირანის საელჩოში რიგით მესამე მრჩეველი იყო. ის გერმანიაში დააკავეს და ბელგიაში გადაიყვანეს გასასამართლებლად. ფრანგი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ის ირანის სახელმწიფო სადაზვერვო ქსელს მართავდა და თეირანის ბრძანების მიხედვით მოქმედებდა.

ასადი საკუთარ სასამართლო მოსმენებს არ დასწრებია, რომლებიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. კომენტარი არც მას და არც მის ადვოკატს, არ გაუკეთებიათ. პროცესი უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებით ჩატარდა, შეირაღებული დაცვითა და ვერტმფრენების მონიტორინგის ფონზე.

გამოცემა „როიტერი“ წერს, რომ ასადი მარტში იმუქრებოდა შესაძლო პასუხზე, თუ მას ბრალს დაუმტკიცებდნენ.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ირანულ სახელმწიფოსთან დაკავშირებული, სტუდენტური ახალ ამბების სააგენტოს, 24 იანვარს განუცხადა, რომ ასადის საქმეში დიპლომატიური იმუნიტეტი დაარღვიეს და ის 'დასავლურ ხაფანში' გაება.

პროკურორმა ჟორჟეს-ანრი ბოტიემ სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა, რომ „ვერდიქტი ორ რამეს აჩვენებს: დიპლომატს, რომელსაც არ აქვს იმუნიტეტი კრიმინალურ ქმედებებზე... და პასუხისმგებლობას ირანის სახელმწიფოზე იმაში, რაც შეიძლება სასაკლაოდ ქცეულიყო“

გამომძიებლების თქმით, დამნაშავემ ასაფეთქებელი მასალა ირანიდან ავსტრიაში კომერციული რეისით ჩაიტანა.

ვერდიქტი დასავლეთის ქვეყნებსა და ირანს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე იქნა მიღებული. შეერთებულ შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი განიხილავს გააუქმოს თუ არა ირანის წინააღმდეგ, მისი წინამორბედის დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული სანქციები და დაბრუნდეს 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაში, რომელიც ტრამპმა 2018 წელს დატოვა.

ევროკავშირმა კი თეირანს ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა. თუმცა, ბრიუსელი ასევე ცდილობს ირანთან უფრო ახლო დიპლომატიური და ბიზნეს კავშირები დაამყაროს.

ბრიუსელი ასევე აცხადებს, რომ ტერორიზმზე თვალს ვერ დახუჭავს. ირანელებს ბრალი ედებათ ნიდერლანდებში ორი მკვლელობის და დანიაში მკვლელობის მცდელობაში.

გარდა ასადისა, დამნაშავედ კიდევ სამი მისი დამხმარე იქნა ცნობილი.

„დადასტურდა, რომ ირანის რეჟიმი იყენებს ტერორიზმს სახელმწიფო პოლიტიკის გზად და მასში ირანის რეჟიმის უმაღლეს ეშელონები არიან ჩართული“, - განაცხადა შაჰიინ გობადიმ, პარიზში დაფუძნებული ოპოზიციური „ხალხის მოჯაჰედინთა ირანული ორგანიზაციიდან“, რომელიც შემადგენელი ნაწილია წინააღმდეგობის მოძრაობისა.

ირანი ბრალდებებს უარყოფს და მათ ოპოზიციის მიერ შეთხზულად მოიხსენიებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG