ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი სამხედრო წვრთნებისას განსხვავებულ დრონებს გამოცდის


ირანმა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნა დაიწყო. ირანული მედიის ცნობით, წვრთნებისას ქვეყნის შიგნით წარმოებული მრავალფეროვანი დრონები წარმოადგინეს. ეს წვრთნა ამერიკის მიერ გასულ წელს ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის წლისთავს ემთხვევა, ოპერაციას, რომელიც სწორედ ამერიკული დრონიდან, ერაყში მოხდა.

ირანი და სხვა რეგიონული ძალები, რომლებსაც ის მხარს უჭერს და ზურგს უმაგრებს, ბოლო დროს განსაკუთრებით აქტიურად იყენებენ დრონებს იემენში, სირიაში, ერაყსა და ჰორმუზის სრუტეში.

ირანის შეიარაღებული ძალები აპირებს გამოსცადოს საბრძოლო დრონები, რომლებიც სხვადასხვა მიზნით გამოიყენება, მათ შორის, დაზვერვის მიზნით ან როგორც ბომბდამშენები თუ სხვა. მათ ასევე შეუძლიათ სხვადასხვა შეიარაღებული თავდასხმის, მათ შორის, ე.წ. "კამიკაძე" თავდასხმების განხორციელება, როდესაც ასაფეთქებელი საშუალებებით დატვირთული დრონი შესაძლოა სამიზნეს შეეჯახოს. ორდღიანი წვრთნები სემნანის პროვინციაში მიმდინარეობს.

ირანი აქტიურად აწარმოებს საკუთარ იარაღს. არაერთი საერთაშორისო ემბარგო და სანქცია მას იარაღის იმპორტირებას უკრძალავს. დასავლელ სამხედრო ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ ირანი ხშირად გადაჭარბებულად აფასებს და აცხადებს საკუთარი შეიარაღების შესაძლებლობების შესახებ. თუმცა ქვეყნის მიერ ბირთვული პროგრამის გააქტიურება ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, რომ ვაშინგტონმა 2015 წელს გაფორმებული ე.წ. "ბირთვული შეთანხმება" დატოვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG