პარასკევს, 10 მარტს, შვიდწლიანი დაპირისპირების შემდეგ, ირანი და საუდის არაბეთი ურთიერთობების ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ. დაპირისპირება ორ ქვეყანას შორის, საფრთხეს უქმნიდა სტაბილურობასა და უსაფრთხოებას სპარსეთის ყურეში და ხელს უწყობდა კონფლიქტების გაღვივებას ახლო აღმოსავლეთში, იემენიდან სირიამდე.
შეთანხმება პეკინში მიმდინარე ოთხდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ გამოცხადა. საუბარი ორი ქვეყნის უსაფრთხოების მაღალჩინოსნებს შორის შედგა.
ირანის, საუდის არაბეთის და ჩინეთის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თეირანი და რიადი შეთანხმდნენ "აღადგინონ დიპლომატიური ურთიერთობები მათ შორის და გახსნან საელჩოები და მისიები არა უმეტეს ორი თვის განმავლობაში".
„შეთანხმება მოიცავს სახელმწიფოთა სუვერენიტეტის პატივისცემისა და შიდა საქმეებში ჩაურევლობის დადასტურებას“ - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. მხარეები ასევე შეთანხმდნენ 2001 წელს ხელმოწერილი უსაფრთხოების თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გააქტიურებაზე, ისევე როგორც სხვა ადრინდელი შეთანხმებების ამოქმედებაზე ვაჭრობის, ეკონომიკისა და ინვესტიციების კუთხით.
ორივე ქვეყანამ მადლობა გადაუხადა ჩინეთს, ასევე ერაყსა და ომანს, 2021 და 2022 წლებში მოლაპარაკებების მასპინძლობისთვის.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს ირანის უსაფრთხოების მაღალჩინოსანმა ალი შამხანმა და საუდის არაბეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა მუსაედ ბინ მუჰამედ ალ-აიბანმა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ არ უპასუხა ახალი ამბების სააგენტო „როიტერის“ მიერ კომენტარის მოთხოვნას.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა იცოდა შეთანხმების შესახებ და მიესალმება ნებისმიერ მცდელობას იემენში ომის დასრულებისა და ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის დეესკალაციისთვის.
ახლო აღმოსავლეთში ორი წამყვანი შიიტური და სუნიტური მუსლიმური ძალა წლების განმავლობაში უპირისპირდებიან ერთმანეთს და მხარს უჭერდნენ საპირისპირო მხარეებს იემენში, სირიაში და სხვაგან.
საუდის არაბეთმა ირანთან ურთიერთობა 2016 წელს გაწყვიტა მას შემდეგ, რაც თეირანში მისი საელჩოზე შტურმი მიიტანეს, რიადის მიერ შიიტი მუსლიმი სასულიერო პირის სიკვდილით დასჯის გამო, ორ ქვეყანას შორის დავის დროს.
ირანის უსაფრთხოების მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ პარასკევის შეთანხმებას მხარი დაუჭირა უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ.
Facebook Forum