ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საუდელ დოქტორანტს "ტვიტებისთვის" 34 წლით პატიმრობა მიუსაჯეს


საუდის არაბეთის სასამართლომ დოქტორანტ სტუდენტს „ჭორების“ გავრცელებისა და დისიდენტების „ტვიტების“ გაზიარებისთვის 34 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გმობენ.

აქტივისტებს და ადვოკატებს სალმა ალ-შეჰაბის, ორი შვილის დედის და ბრიტანეთის ლიდსის უნივერსიტეტის მკვლევრისთვის გამოტანილი განაჩენი, საუდის არაბეთში არსებული მართლმსაჯულების პრაქტიკისთვისაც კი შოკისმომგვრელად მიაჩნიათ.

სასამართლომ ამ გადაწყვეტილების პარალელურად, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს მუჰამედ ბინ სალმანს განსხვავებული აზრის ჩახშობაში სდებენ ბრალს. თუმცა სწორედ მისი მმართველობის დროს, ულტრაკონსერვატიულ ისლამურ ქვეყანაში ქალებს მანქანის ტარებისა და ზოგიერთი სხვა უფლება დართეს.

ვაშინგტონში დაფუძნებული უფლებადამცველი ჯგუფის, „თავისუფლების ინიციატივის“ თანახმად, ალ-შეჰაბი 2021 წლის 15 იანვარს, საოჯახო შვებულების დროს, ბრიტანეთში დაბრუნებამდე რამდენიმე დღით ადრე დააკავეს.

„ასოშეიტედ პრესის“ მიერ მოპოვებული იურიდიული დოკუმენტების თანახმად, ალ-შეჰაბმა მოსამართლეებს უთხრა, რომ მისი საქმის სასამართლოში გადაცემამდე, 285 დღის განმავლობაში განმარტოებულ საკანში ჰყავდათ. მოსამართლეებმა ალ-შეჰაბს ბრალი „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში“ და „სოციალური ქსოვილის დესტაბილიზაციაში“ დასდეს. ბრალდებები მხოლოდ სოციალურ მედიაში მისი აქტიურობას ეყრდნობოდა. მას ბრალად დასდეს რომ „ტვიტერზე“ დისიდენტების ანგარიშებს ადევნებდა თვალს, დისიდენტების გვერდებს აზიარებდა „ყალბ ჭორებს გადასცემდა“.

საგანგებო კრიმინალურმა სასამართლომ ქალს უჩვეულოდ მკაცრი, 34-წლიანი პატიმრობის და ამის შემდეგ, მოგზაურობაზე 34-წლიანი აკრძალვის განაჩენი საუდის კონტრტეროროზმისა და კიბერდანაშაულის კანონების საფუძველზე გამოუტანა. ეს განაჩენი მას შემდეგ გამოიტანეს, რაც ალ-შეჰაბმა თავდაპირველ, 6-წლიანი პატიმრობის შესახებ განაჩენი გაასაჩივრა.

საუდის მთავრობამ რიადში და ვაშინგტონსა და ლონდონში მისმა საელჩოებმა, ჟურნალისტების თხოვნა კომენტარის თაობაზე უპასუხოდ დატოვეს.

XS
SM
MD
LG