ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში ავია-კატასტროფის მიზეზებს იკვლევენ


რუსეთის სამაშველო სამსახურები მოსკოვის შემოგარენში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნაწილებსა და დაღუპულთა ცხედრებს ეძებენ. თოვლით დაფარულ ტერიტორიაზე მუშაობენ გამომძიებლებიც.

გუშინ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 71 ადამიანი დაიღუპა. მათგან 65 მგზავრი, დანარჩენი კი ეკიპაჟის წევრები იყვნენ. რუსეთის შესაბამისი სამსახურების მიერ გამოქვეყნებული ცნობების თანახმად, დაღუპულთა ასაკი 5-დან 79 წლამდეა. მათი ეროვნების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, კატასტროფის ადგილას 400-მდე ადამიანი მუშაობს.

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელმაც უნდა დაადგინოს, რატომ ჩამოვარდა „ანტონოვ AN-148” მოსკოვის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე.

კატასტროფის შესაძლო მიზეზებს შორის, ამ კომისიის წევრების თქმით, განიხილება ეკიპაჟის მიერ დაშვებული შეცდომა, ტექნიკური გაუმართაობა და ამინდი. ტერორისტული აქტი სავარაუდო მიზეზებს შორის არ დასახელებულა.

სარატოვის ავიახაზების რეგიონული ავიალაინერი მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტიდან ორენბურგის რეგიონის ქალაქ ორსკისკენ მიემართებოდა. ის აფრენიდან მალევე მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან დაახლოებით 80 კილომეტრის დაშორებით, არგუნოვოსთან ახლოს ჩამოვარდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG