ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრაჩი: ახლა ამერიკა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის "ბიზნეს გეგმა" უნდა შეიქმნას


კით კრაჩი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეკონომიკური განვითარების, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მიმართულებით
კით კრაჩი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეკონომიკური განვითარების, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მიმართულებით

"საქართველო ამერიკის არჩვეულებრივი პარტნიორია და ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს ეს პარტნიორობა შემდეგ საფეხურზე გადავიყვანოთ. [...] ეს ფაქტობრივად ნიშნავს ამერიკა-საქართველოს ბიზნეს გეგმის შედგენას," უთხრა "ამერიკის ხმას" აშშ-ის სახემლწიფო მდივნის მოადგილემ.

საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მეხუთე თაობის ინტერნეტის, იგივე 5G-ის, უსაფრთხოების შესახებ, 14 იანვარს ურთიერთგანგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. ხელმოწერა ონლაინ რეჟიმში შედგა და მას ხელი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებში, კით კრაჩმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მოაწერეს.

მემორანდუმზე ხელმოწერიდან მალევე, "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში სახელმწიფო მდივნის მოადგილე კრაჩმა თქვა, რომ 5G ქსელის უსაფრთხოება და „სუფთა ქსელის“ წევრობა "ღია სიგნალს უგზავნის ამერიკაში კერძო სექტორს" და ასევე „სუფთა ქსელის“ წევრი ქვეყნების კომპანიებს.

კრაჩის თქმით, შეერთებულ შტატებს ამ მიმართულებით დაფინანსების გამოყოფის შესაძლებლობებიც აქვს, „განვითარების დაფინანსების კორპორაციის“ (DFC) ფარგლებში. ის ამბობს, რომ საქართველოში DFC-ის ოფისის გახსნა განიხილება.

ბატონო კრაჩ, დიდი მადლობა ჩვენთვის დრო რომ გამონახეთ. საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა დღეს ძალიან მნიშვნელოვან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც მეხუთე თაობის ინტერნეტის ქსელის უსაფრთხოებას ეხება. რას მოიცავს ეს მემორანდუმი?

პირველ რიგში ია, მინდა ახალი წელი მოგილოცოთ და ბედნიერება და ჯანმრთელობა გისურვოთ და მადლობა თქვენ, რომ მოხვედით. ასევე ვულოცავ და ვაფასებ მინისტრ თურნავას მიერ საახალწლო სეზონზე დროის გამონახვას. მემორანდუმი ეხება “სუფთა ქსელს.“ ეს ყოვლისმომცველი მიდგომაა მონაცემების გრძელვადიანი, ადამიანის უფლებების, უსაფრთხოების მიმართ, რომელიც თანამშრომლობას აყალიბებს იმ საფრთხეების წინააღმდეგ, რომლებსაც ჩინეთის კომუნისტური პარტია, რუსეთი და სხვა ბოროტად განწყობილი ქვეყნები ქმნიან. ეს არის კოალიცია, რომელშიც ახლა უკვე 60 ქვეყანა, ორასზე მეტი ტელესაკომუნიკაციო კომპანია და ინდუსტრიაში ისეთი მსოფლიო ლიდერები შედის, როგორიცაა "სისკო," "ენ-ი-სი," "ფუჯიცუ," "ორაკლი," "სიმენსი" და სხვა.

5G მიმართულებით, მისი მიზანი მხოლოდ სანდო მომწოდებლების გამოყენებაა, და არა იმ კომპანიების, რომლებიც ისეთი ქვეყნებისაა, სადაც მონაცემთა დაცვა ეროვნული დაზვერვის აქტს უკავშირდება, როგორც ეს ჩინეთშია. ჩინეთის მთავრობა ნებისმიერ ჩინურ კომპანიას, სახელმწიფო საკუთრებაში იქნება ის თუ კერძოში, ავალდებულებს მონაცემების, ინფორმაციის, ტექნოლოგიის თუ ინტელექტუალური საკუთრების კომუნისტური პარტიისთვის გადაცემას, როცა კომუნისტური პარტია მათ ამას მოსთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ პასუხის გაცემა მოუწევთ. ასე რომ, საბოლოო ჯამში, სულ ესაა. ეს უსაფრთხოების ერთგვარი ქოლგაა უამრავი კომპანიისა და ქვეყნისთვის. ძალა ერთობაში, რაოდენობასა და სოლიდარობაშია.

ხშირად ისმის საუბარი იმაზე, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ახალი, ტექნოლოგიური ცივი ომი მიმდინარეობს. თქვენი აზრით, სადაა საქართველოს ადგილი ამ ტექნოლოგიურ დაპირისპირებასა თუ კონკურენციაში?

ამ საკითხს ყურადღებით რომ დავაკვირდეთ, ის არ არის ამერიკისა და ჩინეთის დაპირისპირება. ეს უფრო მეტად ავტორიტარიზმისა და თავისუფლების დაპირისპირებაა. ჩინეთის კომუნისტური პარტია მსოფლიოს გარშემო დემოკრატიებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ეს კარგად ჩანს “ერთი გზა ერთი სარტყელის პროექტის” გაანალიზებით, იმით, რომ ისინი ყველას უთვალთვალებენ არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ მთელს მსოფლიოში. ისინი დიქტატორებს ქმნიან არა მხოლოდ ტექნოლოგიების, არამედ ფულის გამოყენებითაც.

სიახლის, ან მის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობის გამო, 5G ტექნოლოგიას ადამიანების ნაწილი სკეპტიკურად უყურებს. ხალხს ჯანდაცვასთან დაკავშირებული შეშფოთებები აქვს, ასევე არსებობს მონაცემთა დაცვის მხრივ შიშები. რა არის 5G და უნდა გვეშინოდეს თუ არა მისი?

ამაზე მინისტრ თურნავასაც ვესაუბრე. არ არსებობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არანაირი საფრთხე. ამ მხრივ ცნობადობის ამაღლებაა საჭირო და ჩვენ ამაში დახმარების გაწევა ნამდვილად შეგვიძლია. ეს ისეთი გამოწვევაა, რომელსაც ბევრ ქვეყანაში ვხედავთ, მაგრამ საზოგადოების განათლება ამ მხრივ ამ პრობლემას გადაჭრის. 5G ტექნოლოგიაში და ტელეკომუნიკაციებში კვანტური ნახტომია, რომელიც 4G-დან გაკეთდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი ძალიან, ძალიან ჩქარა იმუშავებს და ეს არ ეხება მხოლოდ სმარტფონებს. ეს ეხება წარმოებას, ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას, ელექტროენერგიის წარმოებისა და დისტრიბუციის ქსელს, სანიტაციას, ჯანდაცვის სექტორს.

ეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ესაა ყველაზე დიდი ასპექტი. ამ ტექნოლოგიის მომწოდებლებს ყველა გასაღები ექნებათ და საკითხი ძირითადად ნდობას უკავშირდება. ეს გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში არა ტექნოლოგიას, არამედ ნდობას უკავშირდება. ენდობი თუ არა შენს პროვაიდერს - მაგალითად, ორ სკანდინავიურ კომპანიას უფრო ენდობი, როგორიცაა "ნოკია" და "ერიქსონი," თუ ჩინურ კომპანიებს, როგორიცაა “ჰუავეი” და “ზი-თი-ი?“ საბოლოო ჯამში, ყველაფერი სწორედ ამას უკავშირდება.

თქვენ ნდობაზე საუბრობთ და ცხადია ტექნოლოგიურ სამყაროში დღეს ნდობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ თვალსაზრისით, საქართვლოს, ზოგ შემთხვევაში, უკვე აქვს ჩინური ინფრასტრუქტურა. მაგალითად, მობილური ტელეფონების, დაახლოებით, 10 პროცენტი "ჰუავეის" მოწყობილობებია, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტში დაახლოებით 200 ტაბლეტი ასევე "ჰუავეის" ტექნოლოგიაზე მუშაობს. რა მოხდება ამ არსებული ჩინური ინფრასტრუქტურის შემთხვევაში, როცა საქართველო პირობების შესრულებას დაიწყებს?

ეს სხვა ქვეყნებისგან დიდად არ განსხვავდება. მაგალითად, ბელგია კარგი მაგალითია. მიუხედავად იმისა, რომ ბელგია პატარაა, ის მნიშვნელოვანია ქვეყანაა, რადგან იქ ნატოსა და ევროკავშირის სათაო ოფისები მდებარეობს. ისინი “ჰუავეის” ბევრ სფეროში იყენებდნენ. ერთ დღესაც გააცნობიერეს, რომ “ჰუავეის” აპარატურა უნდა მოეშორებინათ. ეს საქართველოსთვისაც არ არის უნიკალური. ბევრ ქვეყანაში მსგავსი სიტუაციაა. ამიტომაცაა, რომ ქვეყნები, რომელთა რიცხვიც ამ დროისთვის 60-ია, ცდილობენ "სუფთა ქსელს" შეუერთდნენ. ამაში ნატოს წევრი 30 ქვეყნიდან 27, და ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნიდან 26 უკვე შედის. ამას ემატება სამი ზღვის ინიციატივის 12 წევრიდან 11 ქვეყანა და ისეთი ქვეყნები, როგორიცაა იაპონია, ინდოეთი, ტაივანი, ვიეტნამი, ახალი ზელანდია, ბრაზილია, ეკვადორი და სხვა.

რუსეთი?

რუსეთი და ჩინეთი ჩემი აზრით, ტოტალიტარული ტყუპები არიან. ისინი ამ თამაშში ერთად არიან. რუსეთსაც იგივე უნდა რაც ჩინეთს, გააგრძელონ თვალთვალი ყველა სფეროში და ამისთვის მათ სწორედ ეს ტექნოლოგია სჭირდებათ, რომელიც მათ ყველა ხელსაწყოს აძლევს.

მემორანდუმი საუბრობს იმაზე, რომ "სუფთა ქსელში" მონაწილეობა ამერიკულ და დასავლურ კერძო კომპანიებს წაახალისებს, საქართველოში მეტი ინვესტიციები ჩადონ. კონკრეტულად რას ნიშნავს ეს? რა პრაქტიკულ სარგებელს მოუტანს საქართველოს ამ ქსელში გაწევრიანება?

ეს ძალაინ დადებით სიგნალს გზავნის.  ამასთან,  გვაქვს დაფინანსების შესაძლებლობაც ჩვენი “განვითარების დაფინანსების კორპორაციის” ფარგლებში.  ჩვენ დი-ეფ-სის ოფისის საქართველოში გახსნას განვიხილავთ.

ეს ნამდვილად უგზავნის სიგნალს ამერიკის კერძო სექტორს და ასევე იმ ქვეყნების კერძო კომპანიებს, რომლებიც “სუფთა ქსელში” შედიან. როცა ეს კომპანიები საკუთარ ქსელებს აფართოებენ და როცა ისინი ახალ ქვეყნებში შედიან, მათ სურთ ჰქონდეთ სანდოობის მაღალი ხარისხი. 5G ტექნოლოგია არაკეთილსინდისიერად განწყობილ მოთამაშეებს საშუალებას აძლევს ადვილად მოიპარონ, მაგალითად, ინტელექტუალური საკუთრება. ამის გამო, ბევრი კომპანია, მათ შორის ისინიც, რომლებიც ჩამოვთვალე, თავს იკავებს ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობისგან, სადაც მეხუთე თაობის ინტერნეტს არ ენდობიან.

ასე რომ, ეს ძალაინ დადებით სიგნალს გზავნის. ამასთან, გვაქვს დაფინანსების შესაძლებლობაც ჩვენი “განვითარების დაფინანსების კორპორაციის” ფარგლებში. ჩვენ "დი-ეფ-სის" ოფისის საქართველოში გახსნას განვიხილავთ. მე კორპორაციის თავმჯდომარეც ვარ. ეს დამატებით კიდევ ერთ ძლიერი სიგნალი იქნება ინვესტორებისთვის. როცა "დი-ეფ-სი" ქვეყანაში შედის და კერძო სექტორთან ერთად ინვესტიციებს დებს იქ, ეს სხვა კომპანიებსაც წაახალისებს. გვსურს საქართველოში მოვნახოთ პროექტები, რომლებზე მუშაობაც შეგვეძლება. საქართველო ჩვენი არაჩვეულებრივი პარტნიორი და არაჩვეულებრივი მეგობარია და ჩვენ ამ პარტნიორობის შემდეგ ეტაპზე გადაყვანა გვსურს. ეს კი ამისთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა.

დი-ეფ-სის ოფისის საქართველოში გახსნა ეკონომიკური განვითარებისთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იქნება.

არაჩვეულებრივი იქნება. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ პროცესი დაწყებულია.

ჩვენ გვინდა საქართველოსთან ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გავაფართოვოთ. ეს უნდა იყოს მრავალ-სექტორული მიმართულების მქონე პარტნიორობა, რომელშიც არა მხოლოდ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა შევა, არამედ ის კერძო სექტორსაც ჩართავს. ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს ამერიკა-საქართველოს ბიზნეს გეგმის შედგენას.

შეერთებულ შტატებში ადმინისტრაცია მომავალ კვირას შეიცვლება. რამდენად განგრძობითი და თანმიმდევრული იქნება ეს პროცესი ახალი ადმინისტრაციის პირობებში?

პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ საკითხი - არის თუ არა ჩინეთი რეალური და დაუყოვნებელი საფრთხე - ყველაზე გამაერთიანებელი, ორპარტიული თემაა აქ, ვაშინგტონში. ამ საკითხში დემოკრატებს და რესპუბლიკელებს ერთმანეთისგან ვერ გაარჩევ. ადმინისტრაციების შეცვლით ეს მოცემულობა არ შეიცვლება. გარდა ამისა, “სუფთა ქსელი“ დემოკრატიული ქვეყნების ალიანსია, რაც მომავალი ადმინისტრაციის ფილოსოფიაში პირდაპირ ჯდება. ეს არაჩვეულებრივი ამბავია. მეორე თემას რაც შეეხება - "დი-ეფ-სის" საკითხი ასევე ორპარტიული თემაა, რომელიც კონგრესში ორპარტიული კანონპროექტით დაიწყო. ამ საკითხებში განგრძობითობა აუცილებლად იქნება.

თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატიების ეს ციფრული ალიანსი რეგიონის უსაფრთხოებისთვის?

ძალიან მნიშვნელოვანია. ცოტა ხნის წინ უკრაინის პრემიერ-მინისტრს ვესაუბრე. ისინიც ახლახან შემოუერთდნენ “სუფთა ქსელს.“ თუმცა, საქართველოსთვის ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანება უკიდურესად მნიშვნელოვანია. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ რამდენიმე თვის წინ მითხრა, რომ ალიანსს სუფთა 5G ნატოს ქსელი სჭირდება. არ შეიძლება ნატოს ზოგიერთ წევრს სანდო 5G აღჭურვილობა ჰქონდეს და ზოგიერთს არასანდო. სანდო სამოქალაქო ქსელი ალიანსს მშვიდობის დროსაც სჭირდება და ომის დროსაც. ევროკავშირიც ასე ფიქრობს. ამის გამო, რეგიონული გადმოსახედიდან, ეს საქართველოსთვის უკიდურესად სტრატეგიული ნაბიჯია.

თქვენი გადმოსახედიდან, რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ იმისთვის, რომ მემორანდუმში განხილული პირობებისთვის მომზადება და მათი შესრულება შეძლოს?

ახლა დროა ჩვენი გუნდები შეიკრიბონ. ჩვენ გვინდა საქართველოსთან ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გავაფართოვოთ. ამისთვის, მე ყოველთვის ეკონომიკური წინსვლის პარტნიორობის ჩამოყალიბების რეკომენდაციას ვიძლევი. ეს უნდა იყოს მრავალსექტორული მიმართულების მქონე პარტნიორობა, რომელშიც არა მხოლოდ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა შევა, არამედ ის კერძო სექტორსაც ჩართავს. ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს ამერიკა-საქართველოს ბიზნეს გეგმის შედგენას. ამის შემდეგ კი დავსხდებით და გადავწყვეტთ ვინ და როგორ უნდა შეასრულოს ეს გეგმა.

წარსულში ჩვენი გამოცდილება ასეთი იყო, რომ ქვეყნებს რეფორმების განხორციელებაში ვეხმარებოდით, იქნება ეს სასამართლო სისტემაში თუ სხვაგან. ეს ერთგვარი ჯაჭვური რეაქციაა და “სუფთა ქსელი“ ამ რეაქციის ერთ-ერთ კატალიზატორია.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG