ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანია-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობები "ჰუავეიზე" გადის? 


"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, გერმანია ჩინურ კომპანია "ჰუავეის" ბაზარზე დაუშვებს. "ამერიკის ხმის" ჟურნალისტთან ნატალი ლიუსთან საუბრის დროს, შტატებში გერმანიის ელჩმა აღნიშნა, რომ "ეს გარდაუვალი გადაწყვეტილებაა".

ჩინეთის ტექნოლოგიურ გიგანტს აშშ-ში ინფორმაციის მოპარვაში ედავებიან და მას ბაზარზე შტატები არ უშვებს. მეტიც, ამერიკის შეერთებულ შტატებში კომპანია "ჰუავეი" შავ სიაშია შეყვანილი. დაუშვებს თუ არა გერმანია კომპანია "ჰუავეის" ბაზარზე? ამ გადაწყვეტილებას დღეს ელოდებიან.

ამერიკაში გერმანიის ელჩი, ემილი ჰარბერი ამბობს, რომ გადაწყვეტილება რომელსაც გერმანიის მხარე მიიღებს სანდოობაზე იქნება დაფუძნებული.

ჩინეთში გერმანული ინვესტიციების დაცვას განაგრძობს ანგელა მერკელი. გერმანიის კანცლერი აგრძელებს ოფიციალურ პეკინთან მოლაპარაკებებს. გერმანიის ბუნდესტაგის გავლენიანი საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კი კომპანია "ჰუავეის" უნდობლობას უცხადებს.

ნორბეტ როუტგენმა "ტვიტერზე" რამდენიმე დღის წინ დაწერა, რომ ის არ მიესალმება გერმანულ სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაში "ჰუავეის" ჩართვას. მეტიც, ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ გერმანიისთვის უკეთესი იქნება იმ ზომების მიღება, რაც იანვარში დიდმა ბრიტანეთმა მიიღო.

იანვრის ბოლოს, ბრიტანეთის მთავრობის განცხადების მიხედვით, მათ ჩინურ ტელეკომუნიკაციების კომპანია "ჰუავეის" უფლება მისცეს ქვეყნის 5G ქსელის შექმნაში მონაწილეობა მიიღონ, თუმცა არა მნიშვნელოვანი ნაწილების დამზადებაში.

კომპანიას წვდომა არ ექნება 5G სისტემის "ბირთვზე" და სენსიტიურ ნაწილებზე, მაგალითად ბირთვული და სამხედრო დაწესებულებების საიტებზე.

გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს გერმანია მიიღებს, ევროპული ქვეყნების სამომავლო გადაწყვეტილებებზე დიდ გავლენას მოახდენს.

ჩინური გიგანტი "ჰუავეი" ბრალდებებს, რომ ჩინეთის მთავრობას ინფორმაციას მალულად აწვდის, უარყოფს.

ოფიციალური ჩინეთი კი ამბობს, რომ თუ გერმანია პეკინისთვის არასასურველ გადაწყვეტილებას მიიღებს, ის "არ გაჩერდება". მეტიც, ჩინეთი გერმანიას საპასუხო ქმედებებით ემუქრება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG