ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გოლდგაიერი: რთულია მოსკოვს სტრატეგიის შეცვლა აიძულო


როგორ აისახება რუსეთის მოქმედებები უკრაინაში ევრაზიის რეგიონზე და რა გავლენა ექნება მათ დასავლეთისა და რეგიონალური ქვეყნების პოლიტიკაზე? ამ საკითხების ანალიზს ამერიკის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთოებების სკოლის დეკანი ჯეიმს გოლდგაიერი აკეთებს. ის რუსეთის წარსულ მოქმედებებთან პარალელებს ავლებს და აცხადებს, რომ დიდი ქვეყნები ხშირად არღვევენ პატარა ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას:

„დიდი ქვეყნები არღვევენ პატარა ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას და პილიტიკურ სუვერენიტეტს. გვინახავს როგორ აშინებენ დიდი ქვეყნები პატარა მეზობლებს. ყირიმის შემთხვევაში ყველაზე კარგი მაგალითი ის არის, თუ რა აქვს გაკეთებული რუსეთს ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქვეყანაში, სადაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დაურღვევია იმის გამო, რომ მთავრობისთვის საკუთარი ქვეყნის სრულ ტერიტორიაზე კონტროლი შეეზღუდა. სწორედ ეს ხდება მოლდოვას დნესტრისპირეთის რეგიონში, სადაც რუსები მოლდოავას მთავრობას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნებაში ხელს უშლიან. ამისივე მაგალითია საქართველოში თუნდაც 2008 წლის ომამდე წარმოებული პოლიტიკა, როცა რუსეთმა დესტაბილიზაცია გამოიწვია და ომის შემდეგ კი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები დაიპყრო. ჩვენ არ ვიცით თუ რა არის საბოლოო მიზანი უკრაინაში, თუმცა ის ცხადია, რომ კიევი ბოლომდე ვეღარ აკონტროლებს საკუთარ ტერიტორიებს. რუსეთის მოქმედებები უკრაინის დასავლურ სწრაფვას აფერხებს, ისევე, როგორც ეს საქართველოსა და მოლდოვას შემთხვევაში მოხდა.“

გოლდგაიერი ამბობს, რომ პუტინი სისტემატურად იყენებს მის ხელთ არსებული ყველა საშუალებას, მათ შორის სამხედროსაც, საკუთარი მიზნების მისაღწევად. ის ნულოვანი ჯამის თამაშიდან აფასებს მსოფლიოს და მიაჩნია, რომ რაც სხვითვის წარმატებაა ის რუსეთის ინტერესებზე დარტყმაა:

„პუტინი აქტიურად იყენებს საკუთარი მეზობლების წინააღმდეგ დაშინების პოლიტიკას იმისთვის, რომ მათ ხელი შეუშალოს იმის მიღწევაში, რაც თავად პუტინს რუსეთის ინტერესების შელახვად მიაჩნია. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ისინი დასავლეთთან უფრო ახლო ურთიერთობის დამყარებას ცდილობენ, ეს პუტინს საკუთარ პრობლემად მიაჩნია. ის სამყაროს ნულოვანი ჯამის თამაშის პრიზმიდან უყურებს და მიაჩნია, რომ სხვისი წარმატება მისი დამარცხებაა და პირიქით. როგორც ვთქვი, ისტორიაში ბევრი მაგალითია იმის, რომ დიდი ქვეყნები მეზობლებს ცუდად ექცევიან. თუმცა, ამ შემთხვევაში კიდევ ერთი დინამიკა ემატება სიტუაციას. 1994 წელს რუსეთმა, ბრიტანეთმა, ამერიკამ და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც უკრაინამ ბირთვული იარაღი, რომელიც საბჭთა კავშირის დაშლის შემდეგ მემკვიდრეობით ერგო რუსეთს გადასცა, ხოლო სანაცვლოდ ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური სუვერენიტეტის გარანტია მიიღო. რუსეთის დღევანდელი მოქმედებები ამ შეთანხმების უდავო დარღვევაა. ეს კი გაცილებით დიდი მნიშვნელობის მატარებელი ფაქტორია - თუ ამერიკას სურს, რომ ქვეყნებმა უარი თქვან ბირთვულ პროგრამაზე და სანაცვლოდ ამერიკის გარანტიები მიიღონ, როგორ უნდა დაუჯერონ ამ ქვეყნებმა ამერიკის გარანტიებს უკრაინის მაგალითზე?! სავარაუდოდ, უკრაინას დღეს ბირთვული შეკავების საშუალება რომ ჰქონოდა, რუსეთი ასე ვერ იმოქმედებდა.“

გოლდგაიერი არ ეთანხმება ზოგიერთ ანალიტიკოსს, რომლებიც აცხადებენ, რომ ამერიკას არ აქვს რუსეთის კრიტიკის უფლება მხოლოდ იმის გამო, რომ 1991 და შემდეგ 2003 წლებში ერაყში ომი დაიწყო:

„ჩემი აზრით, თითოეული ეს შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს. მაგალითად, ერაყის ქუვეითში შეჭრის შემდეგ, 1991 წელს ამერიკამ საერთაშორისო კოალიცია შექმნა და შეატრიალა ერთი ქვეყნის მიერ მეორის ოკუპაცია. 2003 წელი საინტერესეო შემთხვევა იყო. თავდაპირველად ამერიკამ გადაწყვიტა გაეროს ნებართვის აღება სამხედრო ოპერაციის დასაწყებად, მაგრამ შემდეგ გაეროში ეჭვი გაჩნდა იმასთან დაკავშირებით თუ რა მოტივები ჰქონდა ამერიკას. ვაშინგტონი გაეროს თანხმობას აღარ დაელოდა, რომ არაფერი ვთქვათ იმ ქვეყნებზე, რომლებიც ერაყში ომის დაწყების წინააღმდეგი იყვნენ. ჩემი აზრით, ამ ომმა ამერიკას დიდი დიპლომატიური პრობლემები შეუქმნა. ჩვენ შეგვიძლია გავაკრიტიკოთ ამერიკის 2003 წლის ომი ერაყში და ამავდროულად ვთქვათ ისიც, რომ რუსეთის ახლანდელი მოქმედებები საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევაა და ვაიძულოთ მოსკოვი უკრაინაში დიპლომატიური გამოსავალი მონახოს. თუ რუსეთი ამერიკას აკრიტიკებს 2003 წლის ერაყის ომისთვის, რატომ აკეთებს თავად იგივეს უკრაინაში?“

სიტუაციის დასარეგულირებლად გოლდგაიერი შემდეგ გამოსავალს ხედავს:

„ცხადია ის, რომ რუსეთი ფიქრობს, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორია, მეზობელი ქვეყნები მას ეკუთვნის. მოსკოვი მათ საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევას ევრაზიის კავშირში გაწევრიანებით ცდილობს. ძალიან ძნელი იქნება რაიმე ისეთის გაკეთება, რაც რუსეთს ამ სტრატეგიას შეაცვლევინებს. ერთი რისი გაკეთებაც შეგვიძლია არის ის, რომ დახმარება აღმოვუჩინობთ უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას იმისთვის, რომ გავაძლიეროთ მათი შესაძლებლობები, განსაკუთრებით კი დემოკრატიული მმართველობის მხრივ.“
XS
SM
MD
LG