ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორი რიში: ვისაც არჩევნების შედეგი არ მოეწონება მომავალი არჩევნებისთვის უნდა დაიწყოს მზადება


სენატორი ჯეიმს რიში, აიდაჰო (რესპუბლიკელი)
სენატორი ჯეიმს რიში, აიდაჰო (რესპუბლიკელი)

შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეების და დაზვერვის კომიტეტების წევრი, სენატორი ჯეიმს რიში "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ იმის გამო, რომ 2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგ რუსეთს დასავლეთმა სანქციები არ დაუწესა, დღეს რუსეთი გაცილებით აგრესიული ქვეყანაა. სენატორი ასევე ამბობს, რომ იმედს იტოვებს, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები ისეთივე თავისუფალი და სამართლიანი იქნება, როგორიც წინა იყო.

2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგ დასავლეთმა რუსეთს არანაირი დამსჯელი ზომები არ დაუწესა. ზოგიერთი ექსპერტი აცხადებს, რომ შეიძლება სწორედ ის იყო იმის მიზეზი, რომ რუსეთს გამბედაობა მოემატა და შედეგად დღეს ვხედავთ რუსეთის ძალადობას უკრაინაში და ოპერაციას სირიაში. თქვენ ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

ჩემი აზრით, თუ ვინმემ არასწორი მოქმედების გასწორება არ სცადა, მდგომარეობა უცვლელიდა რჩება. თუ კლასში ერთი მოსწავლე ცუდად იქცევა და მას გამოსწორებისკენ არ უბიძგეს, ისე ცუდ ქცევას გააგრძელებს. ამას ისტორია გვასწავლის. სწორედ ასე მოხდა მაშინაც და რუსეთს სანქციები არ დაუწესდა. ამის შემდეგ რატომ უნდა შეჩერებულიყვნენ ისინი ყირიმში, აღმოსავლეთ უკრაინაში, სხვაგან? განსაკუთრებით, ჩვენი ადმინისტრაციის პირობებში ისინი დაუსჯელი ბევრი რამის გამო დარჩნენ.

თქვენი აზრით, ამერიკის მოვალეობაა დამსჯელი ზომების მიღება?

ამერიკა მსოფლიოს პოლიციელი არ უნდა იყოს და ამერიკას ეს არ სურს. თუმცა, შეერთებულმა შტატებმა ბალანსის შენარჩუნება უნდა სცადოს ისეთი ქვენის საპირწონედ, რომელსაც დიდი რესურსები აქვს მეზობელი პატარა ქვეყნების დასაჩაგრად. ამ მხრივ, ამერიკამ უმნიშვნელო რეაგირებით ან საერთოდ უმოქმედობით მსგავს მოქმედებებზე ცალი თვალი არ უნდა დახუჭოს.

ახლოვდება ნატოს ვარშავის სამიტი. რაიმე მოულოდნელ სიახლეს ან გაბედულ ნაბიჯს ელოდებით ალიანსის მხრიდან? დამატებით გაფართოებაზე (მონტენეგროს გარდა) საუბარი იქნება?

ჩვენ უკვე გვაქვს „ღია კარის“ პოლიტიკა, რომლის თანახმადაც, ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ალიანსის მოთხოვნებს აკმაყოფილებს ნატოში გაწევრიანება შეუძლია. ჩემი აზრით, ეს თავისთავად დიდი ამბავია. მომდევნო სამიტიდან არ ველოდები რაიმე მოულოდნელ დიდ სიახლეს. საქართველოს რაც შეეხება, ჩემი აზრით, ქვეყანას ჯერ ისევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, განსაკუთრებით შიდა პოლიტიკის მიმართულებით.

საქართველოს ავღანეთის ნატოს მისიაში სხვა პარტნიორებთან შედარებით ყველაზე დიდი კონტინგენტი ჰყავს. ზოგიერთ ექსპერტს მიაჩნია, რომ ქვეყანა სამხედრო თვალსაზრისით ნატოში გაწევრიანებისთვის მზადაა. თქვენ ამბობთ, რომ ალისნსს შიდა პოლიტიკა აღელვებს?

შეიძლება მთელ ალიანსს არა, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანას უდავოდ. ჩემი პირადი გადმოსახედიდან, ჯერ ისევ არსებობს გარკვეული საკითხები. 21-ე საუკუნეში განვითარებული ქვეყნები პოლიტიკურ ანგარიშსწორებას არ აწარმოებენ. ჩემი აზრით, ყველა თანხმდება, რომ საქართველოში ზოგიერთ შემთხვევაში იყო ასეთი სასამართლო პროცესები. ის სხვა საკითხია იყო თუ არა ეს ფართომასშტაბიანი ძალისხმევა. მე 2012 წლის არჩევნებზე საქართველოში ვიყავი. მაშინ ნანახმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. არჩევნები ძალიან კარგად ჩატარდა, მაგრამ არჩევნების შემდეგ ანგარიშსწორების ნაბიჯებით იმედგაცრუებული ვარ.

ოქტომბერში მომდევნო საპარლამენტო არჩევნები მოდის. რა რეკომენდაციები, მოლოდინი, იმედი გაქვთ ამ არჩევნებზე?

მე რეკომენდაციები არ მაქვს - ეს ქართველი ხალხის საქმეა. იმედი კი მაქვს, რომ საქართველო პროგრესს გააგრძელებს. წელს ქვეყანა დამოუკიდებლობის 25 წლისთავს აღნიშნავს. ქართველებმა უნდა იამაყონ იმ მიღწევებით, რაც ამ დროის მანძილზე ჰქონდათ. წინა არჩევნები ძალიან მოქნილი, თავისუფალი და სამართლიანი იყო. იმედი მაქვს ეს წელსაც განმეორდება.

იმედია, ქართველები იმას გააკეთებენ, რასაც 21 საუკუნეში განვითარებული ქვეყნები აკეთებენ - მიიღებენ არჩევნების შედეგებს. თუ ვინმეს არჩევნების შედეგი არ მოეწონება, დაიწყონ მომზადება მომდევნო არჩევნებისთვის. მანამდე კი საზოგადოებამ ერთად, მშვიდობიანად ცხოვრება უნდა გააგრძელოს. ქართველებს ის სურთ რაც ნებისმიერ ერს - მათ საკუთარი ქვეყნისთვის ყველაფერი საუკეთესო უნდათ. ამ შედეგის მისაღწევად კი საუკეთესო გზა არჩევნების შემდეგ ერთად დაჯდომა და იმისი გადაწვყეტაა, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველო თქვენთვის, თქვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის უკეთესი ქვეყანა იყოს.

XS
SM
MD
LG