ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარგველაშვილი საპარლამენტო არჩევნებში არ ჩაერთვება


საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის აღდგენის 25-ე წლისთავზე, ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური მეცნიერებების და საერთაშორისო ურთიერთობების რამდენიმე ასეულ სტუდენტს ამერიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამის - ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში ხვდება, სადაც წლების წინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი სწავლობდა.

მარგველაშვილის პარალელურად ქალაქში 50-მდე ქვეყნის ლიდერია, ისინი პრეზიდენტ ობამას ბირთვული უსაფრთხოების ბოლო სამიტს ესწრებიან.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ადგილი ევროპის კავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციაშია და მივილტვით ამისკენ
გიორგი მარგველაშვილი

ბირთვულ უსაფრთხოებაზე გამართულ დისკუსიაში მონაწილეობამდე მარგველაშვილი საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კურსზე საუბრობს და მის საჯარო სიტყვას, რომელსაც რეგიონით დაინტერესებული სტუდენტები და ჟურნალისტები ესწრებიან, რეფერენდუმის მნიშვნელობაზე საუბრით იწყებს:

„ამ რეფერენდუმმა აჩვენა, რომ 3000 წლიანი ისტორიის მქონე ქვეყანა მზად იყო გამხდარიყო საერთაშორისო ოჯახის დამოუკიდებელი წევრი... ეს დამოუკიდებლობა თავისუფლებაში უნდა გადაიზარდოს.“

ქვეყნის ორიენტაციაზე საუბრისას პრეზიდენტმა ყურადღება საქართველოს ევროპულ და დემოკრატიულ იდენტობაზე გაამახვილა:

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ადგილი ევროპის კავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციაშია და მივილტვით ამისკენ. ეს ჩვენი საზოგადოებისთვის და პოლიტიკოსებისთვის რთული გზა იყო... ახლა ჩვენ შედარებით ფუნქციონირებადი დემოკრატია ვართ, ვართ დემოკრატია, სადაც მთავრობა არჩევნებით იცვლება.“

პრეზიდენტმა სტუდენტებს საქართველო დაუხასიათა, როგორც ქვეყანა, რომელმაც ევროპის კავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ქვეყანა, რომელსაც ნატოს სტანდარტებთან თავსებადი ჯარი ჰყავს, სადაც კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და ბიზნესის კეთება ადვილია.

ქვეყნის ნომერ პირველ გამოწვევად კი ოკუპაცია დაასახელა: „ჩემი ქვეყანა ძალიან ძლიერი მეზობლის მიერაა ოკუპირებული. ქვეყნის 20 პროცენტი რუსეთის ფედერაციის რეგულარულ დანაყოფებს აქვთ ოკუპირებული, მოსახლეობის 15 პროცენტი საკუთარ ქვეყანაში დევნილობაშია, მათ ჩამორთმეული აქვთ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები - როგორიცაა საკუთარ სახლებში დაბრუნება.“

კოალიცია ყველა წევრმა დატოვა. ეს პოლიტიკური გარემოს საინტერესო განვითარებაა
გიორგი მარგველაშვილი

მარგველაშვილისთვის ვაშინგტონში ეს მეორე ოფიციალური ვიზიტია პრეზიდენტის დარგში. გასული წლის შემოდგომაზე ის კონგრესის წარმომადგენლებს, რეგიონის მკვლევარებს და საქართველოს გულშემატკივრებს შეხვდა. მისი თქმით, ვიზიტის მიზანი ამერიკელი და დასავლელი პარტნიორების უფრო ინტენსიურ თანამშრომლობაში ჩართვაა. „რათა ვაჩვენოთ ნატოს, ევროპას და შეერთებულ შტატებს, რომ ჩვენ არა მხოლოდ საერთო ღირებულებები გვაქვს, არამედ თანამედროვე სამყაროს წინაშე მდგარი გამოწვევების გადალახვა საქართველოს მსგავსი ქვეყნების ჩართვის გარეშე ვერ გადაწყდება, იმ ქვეყნების გარეშე, რომლებმაც დასავლური არჩევანი გააკეთეს.“

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ საქართველოში მმართველი კოალიცია დაიშალა. ჩვენს კითხვაზე უნდა ველოდეთ თუ არა ყოფილი კოალიციელების ახალ პოლიტიკურ დაჯგუფებას მისი მონაწილეობით, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის არჩევნებში არ ჩაერთვება, რადგან მას „თავისუფალი, დემოკრატიული კონსტიტუციური პროცესის ერთ-ერთი მთავარი გარანტორის როლი აქვს“.

„როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, პარტია „ქართული ოცნება დამოუკიდებლად იყრის კენჭს, ეს ნიშნავს, რომ კოალიცია ყველა წევრმა დატოვა. ეს პოლიტიკური გარემოს საინტერესო განვითარებაა... თუ წარსულში პოლიტიკური სცენაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთმანეთის დემონიზებას ცდილობდა, ახლა ბევრად უფრო მდიდარი პოლიტიკური გარემო გვაქვს, რადგან ერთდროულად რამდენიმე პარტია გვყავს და ამომრჩეველს უეცრად არჩევანი არა თეთრსა და შავს შორის, არამედ ბევრად უფრო ფერად პალიტრაში უხდება. “

პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის არაპარტიულ აქტორად დარჩება, რომელიც მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობაში დარწმუნებას და „თავისუფალი-დემოკრატიული საარჩევნო პროცესის“ უზრუნველყოფას ეცდება.

XS
SM
MD
LG