ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დეიმონ უილსონი: საქართველოს პრეზიდენტი მნიშვნელოვანი ხმაა


დეიმონ უილსონი
დეიმონ უილსონი

ვაშინგტონში მდებარე გავლენიან ატლანტიკურ საბჭოში დახურულ კარს მიღმა შეხვედრამდე, საქართველოს პრეზიდენტმა და საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა მედიისთვის მოკლე კომენტარები გააკეთეს.

დეიმონ უილსონი პრეზიდენტ მარგველაშვილს მიესალმა და აღნიშნა, რომ ატლანტიკური საბჭოს ექსპერტები მოუთმენლად ელიან პრეზიდენტის მოხსენებასა და მასთან საუბარს, აგრეთვე გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარებას საქართველოსთან. დეიმონ უილსონი მიესალმა აშშ-ში საქართველოს ელჩ არჩილ გეგეშიძესაც, რომელთანაც, მისი თქმით, ატლანტიკურ საბჭოს ნაყოფიერი ურთიერთობები აკავშირებს საქართველოს უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და რეგიონული პოლიტიკის კვლევის სფეროებში.

“ბატონო პრეზიდენტო, ბირთვული უსაფრთხოების წლევანდელ სამიტში თქვენი მონაწილეობა ხაზს უსვამს თქვენი ქვეყნის სტრატეგიულ მდებარეობას, რასაც ჩვენ "რეგიონულ გზაჯვარედინს” ვუწოდებთ. გვსურს, გესაუბროთ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე, განსაკუთრებით, ნატოს ვარშავის სამიტის წინ. დღეს ვუმასპინძლეთ პოლონეთის პრეზიდენტ ანჟეი დუდას, მომავალ კვირას ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გვეწვევა. როგორც ხედავთ, თქვენი ვიზიტი მნიშვნელოვან პერიოდს დაემთხვა. ამას გარდა, თქვენი საპარლამენტო არჩევნების წინ, გვინდა, ვისაუბროთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ, რაც ევროპაში დიდი გამოწვევებისა და აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე ვითარდება. ამ მაგიდის ირგვლივ შეკრებილი ადამიანები გიცნობენ, როგორც დამოუკიდებელ, მნიშვნელოვან ხმას, ხშირად მორალურ ავტორიტეტს იმ დებატებში, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, ხმას, რომელიც გამორჩეული წესიერებითა და კარგი იუმორით საუბრობს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბატონო პრეზიდენტო!”

მისასალმებელ სიტყვაში პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ წელს საქართველო ხელმეორე დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს ზეიმობს და ცდილობს, გაუმკლავდეს გამოწვევებსა და გახდეს ისეთივე თავისუფალი, როგორც აშშ. “ეს წელი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის: გვაქვს არაერთი მზარდი საფრთხე და რთული ვითარება რეგიონში, მაგრამ ვხედავთ იმასაც, რომ მდგომარეობა კომპლექსურია არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ პარიზშიც და ბრიუსელშიც. კაცობრიობა გამოწვევის წინაშე დგას და ასეა თვით ყველაზე მეტად დაცულ სამხედრო ალიანსსა და მასში შემავალ ქვეყნებში. ეს არის რეალობა, რომელიც ძალიან მძაფრად გამოიხატა მთელ მსოფლიოში. ამასთან, ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა მკაფიოდ აირჩია ევრო-ატლანტიკური და ევროპული ხედვა და ჩვენ უკვე ბევრი რამ გავაკეთეთ ამ ღირებულებების ერთგულებისთვის.”

XS
SM
MD
LG