ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"სირიის საკითხში რუსეთს დიდი როლი ექნება"


ინტერვიუ აშშ-ის უშიშროების საბჭოს ყოფილ ხელმძღვანელთან გენერალ სკოუკროფტთან

"ამერიკის ხმა" შეერთებული შტატების პრეზიდენტების-ჯერალდ ფორდისა და ჯორჯ ჰერბერტ ბუშის ადმინისტრაციების დროს უშიშროების საბჭოს მეთაურს ბრენტ სკოუკროფტს ესაუბრა.

კითხვაზე, თუ როგორ უნდა შეუწყოს ხელი ამერიკამ სირიაში მიმდინარე კრიზისის დაძლევას, ბატონი სკოუკროფტი თვლის, რომ ეს რთული საკითხია. სირია მნიშვნელოვანი სახელმწიფოა და ლიბიასთან შედარებით იქ შექმნილი მდგომარეობა ისტორიიდან, ეთნიკური შემადგენლობიდან და გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ბევრად განსხვავებულია. ლიბიაში, საზოგადოება ნათლად ხედავდა ალტერნატივას კადაფის დამხობის შემდეგ. სირიაში კი, როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მრჩეველი ამბობს, ალტერნატივა ცხადი არ არის. გაურკვეველია, რამდენად დაცხრება კონფლიქტი თუ ასადი ჩამოშორდა თანამდებობას. შესაბამისად, სირიის კონფლიქტის კომპლექსურობიდან გამომდინარე, ამერიკა და სირიის მეზობელი ქვეყნები უფრო რთული პრობლემის წინაშე არიან. სკოუკროფტს, ამასთან მიაჩნია, რომ ვაშინგტონმა ყველანაირად უნდა მოინდომოს და ბრძოლის შეწყვეტა უზრუნველყოს. „რუსეთს აქ დიდი როლი ექნება. თუმცა ძნელია იმის თქმა, მოხდება თუ არა რუსების დარწმუნება, რომ აღნიშნული სცენარით მოვლენების განვითარება მათივე ინტერესებშია,“ -ამბობს სკოუკროფტი.

მიმდინარე კვირას ამერიკის სენატი ორ მნიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობაზე-კერძოდ სახელმწიფო და თავდაცვის მდივნების პოსტზე ორ კანდიდატს ამტკიცებს. როგორია ჯონ კერისა და ჩაკ ჰეგელის სკოუკროფტისეული შეფასება.

ამერიკის ყოფილი უშიშროების საბჭოს მდივანი იმედმოცემულია ორივე ნომინანტის შერჩევით. ორივე მათგანი ღრმად არის ჩახედული ამერიკის საგარეო პოლიტიკის საკითხებში. ორივე მათგანს საღი გადაწყვეტილებების მიღების უნარი გააჩნია და ისინი ერთად კარგად იმუშავებენ. სკოუკროფტი მიესალმება პრეზიდენტ ბარაკ ობამას ამ ორი ნომინაციის შეერჩევას. დამტკიცების პროცესი კი სენატის პრეროგატივაა, აცხადებს ის.

კითხვაზე თუ თანამშრომლობის რა გზები არსებობს ამერიკასა და თურქეთს შორის ირანის ბირთვული პროგრამის საკითხში- სკოუკროფტი ამბობს, რომ ორივე ქვეყანას ამ სფეროში თანამშრომლობის უნარი შესწევს. ამასთან, ირანი რთული ფენომენია, ეს არის ბირთვული ამბიციის ქვეყანა და პარალელურად, უძველესი სპარსული კულტურის სახელმწიფო არაბულ სამყაროში. სუნიტურ გარემოცვაში, ირანი შიიტური ქვეყანაა. რთულია უსაფრთხოების ფონიც.
„მაგრამ თუ ამერიკა გააგრძელებს ირანთან მოლაპარაკების მცდელობას, ნათელი გახდება, რომ ირანს პრობლემები აქვს უსაფრთხოების საკითხებში. ირანისთვის ბირთვული იარაღის განვითარება პრობლემას ვერ გადაჭრის. ეს კიდევ უფრო ართულებს მთელი რეგიონის მდგომარეობას და არც ირანის უსაფრთხოებას დაეხმარება. ამერიკა აცნობიერებს იმასაც, რომ შესაძლოა ირანის ხელისუფლების სათავეში რთული მდგომარეობაა შექმნილი. არიან მოლები, მთავრობა, სამხედროები. ამ ფონზე, ამერიკისთვის სასარგებლო იქნება თურქეთთან ერთად ირანის პრობლემის დარეგულირება, რათა ირანი რეგიონის ღირსეული და უსაფრთხო წევრი გახდეს.“

თანამედროვეობისთვის არაბული გაზაფხულის მნიშვნელობის ხაზგასმისას, სკოუკროფტმა ინტერნეტის ფაქტორი გამოყო: „თანამედროვე კომუნიკაციების წყალობით, არაბულ სამყაროში გაჩნდა საშუალება დაფიქსირებულიყო საზოგადოებრივი უკმაყოფილება, რაც მასობრივი დემონსტრაციებით გამოიხატა".

„ეს, ადამიანების მზარდი მოთხოვნით იყო განპირობებული მათივე ქვეყანაში დაცული იყოს ადამიანური ღირსება. ამერიკა ამაზე მეტს ვერაფერს გააკეთებდა. ეგვიპტური საზოგადოება ახლაც გამოხატავს თავის შეშფოთებას მიმდინარე პროცესებით. ეს რეგიონის ევოლუციის ნაწილია, დაწყებულია ახალი განვითარების პროცესი და ამერიკა ამას უნდა მიესალმოს,“ -აღნიშნა გენერალმა სკოუკროფტმა.
XS
SM
MD
LG