კორონავირუსით ინფიცირების ერთ დღეში დადასტურებული შემთხვევების კიდევ ერთი, ახალი რეკორდი დამყარდა ინდოეთში. ინფიცირების ზრდასთან ერთად, იზდება მოთხოვნა სასუნთქ აპარატებსა და ჟანგბადის ნიღბებზე. სააგენტო "ასოშიეთიდ პრესის" ცნობით, მოთხოვნა ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან აპარატებზე ქვეყანაში 7-ჯერაა გაზრდილი. პარალელურად კი, ხელისუფლებას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ საზღვარგარეთიდან მიღებული დახმარების განაწილება საავადმყოფოებში ძალიან ნელა მიდის. ინდოეთის მთავრობა ამ ბრალდებებს უარყოფს.
ახალი მონაცემებით, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 412,262 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ახლა ინდოეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 21 მილიონს სცდება. ჯანდაცვის სამინისტრო,ასევე ავრცელებს ინფორმაციას გარდაცვლილთა შესახებ. მათი თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 3,980 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის, სულ ქვეყანაში კოვიდ-19-მა 230,168 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
თუმცა, ექსპერტები თვლიან, რომ ორივე მაჩვენებელი გაცილებით მაღალია და სინამდვილეს არ შეესაბამება. ინდოეთში არც საავადმყოფოებში და არც მორგებსა და კრემატორიუმებში ადგილები აღარ არის. ამის გამო, ექსპერტები თვლიან, რომ რეალური მაჩვენებელი ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა შესახებ, არ არსებობს.
ქვეყნის დახმარებას ცდილობენ საერთაშორისო საზოგადოების წევრები. ამერიკამ, გერმანიამ და ბრიტანეთმა, ასევე რამდენიმე სხვა ქვეყანამ, ინდოეთში კოვიდ-19-ის ტესტერები, ჟანგბადის ნიღბები, დამცავი სამედიცინო აღჭურვილობა, ვაქცინების კომპონენტები და სხვა საჭირო სამედიცინო ნივთები გააგზავნეს. ამერიკა, ასევე მხარს დაუჭერს, კოვიდ-19-ის ვაქცინაზე ინტელექტუალური საკუთრების მოხსნის საკითხს, რათა ქვეყანამ ადგილზე შეძლოს ვაქცინის წარმოება და უფრო სწრაფად წავიდეს ვაქცინაციის პროცესი წინ.
Facebook Forum