ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს ეკონომიკას გაურკვეველი პოლიტიკური ფონი ამძიმებს


საერთაშორისო სავალუტო ფონდის ლოგო
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ლოგო
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, განვითარებული ეკონომიკის მქონე ევროპული ქვეყნები სტაგნაციიდან გამოვიდნენ და ეკონომიკური წინსვლა დაიწყეს. მზარდ ბაზრებზე კი აქამდე არსებული წინსვლის მაღალი მაჩვენებელი წელს მნიშვნელოვნად შემცირდა.

სავალუტო ფონდის მთავარი ეკონომისტი ოლივერ ბლანშარდი ამბობს: „განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნები ნელ-ნელა ძლიერდებიან და ჩვენი პროგნოზები, ასე-თუ ისე, მართლდება. ამავე დროს, მზარდი ეკონომიკის მქონე ბაზრებზე წინსვლა იმაზე მეტად შენელდა, ვიდრე ჩვენ ივლისში ვვარაუდობდით.“

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2013 წელს რეგიონში მდებარე განვითარებადი ქვეყნების მსგავსად, შენელებულია. ამის მიზეზად სავალუტო ფონდი კერძო სექტორის მიერ გაკეთებული ინვესტიციების შემცირებას, სუსტ საკრედიტო ზრდას და საბიუჯეტო დანახარჯების შემცირებას ასახელებს. ვითარების გამოსწორების მიზნით გაკეთებული რეკომენდაცია მთავრობის მიერ ისეთი პოლიტიკის შემუშავებაა, რომელიც „მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად პროდუქტიულ დანახარჯებს ხელს შეუწყობს.“ ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ წელს სახელმწიფოს მიერ განაკვეთების შემცირება, სავარაუდოდ, ფასების დონის შემცირებას ანუ ფულის მსყიდველობითი უნარის გაზრდას შეუწყობს ხელს.

სავალუტო ფონდის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას არსებული პოლიტიკური ფონი ამძიმებს: “საჭიროა უახლესი პოლიტიკური გაურკვევლობის გადაჭრა ინვესტორების ნდობის აღსადგენად.“

სავალუტო ფონდი ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკოვნომიკური პროგნოზი 2013-2014 წლებისთვის ასეთია:

  • 2013 წელს მთლიანი შიდან პროდუქტი 2,5 პროცენტით გაიზარდა, მომავალი წლისთვის კი ზრდა 5 პროცენტს მიაღწევს; (ეს 2004 წლის შემდეგ ზრდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2008-2009 წლების მონაცემების გარდა, როცა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებლები 2,3 და -3,8 პროცენტი იყო.);
  • სამომხმარებლო ფასები, რომლებიც ინფლაციის დონის მაჩვენებელს განსაზღვრავს ივლისში გაკეთებულ პროგნოზრთან შედარებით მნიშვნელოვნად შეიცვალა. ფონდი ივლისში სამომხმარებლო ფასების ნეგატიურ ზრდას -0,3 პროცენტს ვარაუდობდა, უკანასკნელი პროგნოზი კი 2013 წელს 2 პროცენტია 2014-ში კი 5;
  • მიმდინარე ანგარიშების ბალანსის პროგნოზი წელს -6,5 პროცენტია, 2014 წელს კი -7,8;
  • სახელმწიფო სესხი, ანუ მთავრობის მიერ აღებული სესხებისა და გაცემული გარანტიების ჯამი წელს -2,2 პროცენტით გაიზარდა, 2014 წლის პროგნოზი კი 2 პროცენტია;
  • უმუშევრობის მაჩვენებელი შარშანდელ 19 პროცენტთან შედარებით 16.7 პროცენტზე შემცირდა, ხოლო პროგნოზი 2014 წლისთვის კი 17.3 პროცენტია;

ექსპერტები აცხადებენ, რომ ეკონომიკური ზრდა შედარებითია. ამ ფონზე, მიუხედავად შენელებული ტემპისა, ჩინეთის ეკონომიკა ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად რჩება და წელს 7.6 პროცენტით იზრდება. ინდოეთი, სადაც ეროვნული ვალუტის სწრაფი დევალვაცია გრძელდება, 5.1 პროცენტით იზრდება.

შეერთებული შტატების ეკონომიკა წელს 1.6 პროცენტით გაიზარდა. ეს ტენდენცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკურ გაურკვევლობას ქმნის. საერთაშორისო სავალუტო ფონდი აცხადებს, რომ მომავალ წელს ამერიკის ეკონომიკა უფრო მაღალი მაჩვენებლით გაიზრდება, რადგანაც ქვეყნის ბიუჯეტის ავტომატური შეკვეცების შედეგები უკვე დასრულებული იქნება.

ბლანშარდი აცხადებს, რომ ამერიკის მთავრობის ნაწილობრივმა გათიშვამ და ქვეყნის ვალის ზედა ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებულმა პოლიტიკურმა ბრძოლამ, შესაძლოა სამომავლო ეკონომიკურ წინსვლაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს.

„თუ ამერიკამ ვალის გადახდა ვერ შეძლო, ამის უარყოფითი შედეგები დაუყოვნებლივ დაეტყობა ფინანსურ ბაზრებს არა მხოლოდ ამერიკაში არამედ მთელს მსოფლიოში.“

ამერიკის ხაზინა ამბობს, რომ ქვეყნის ვალის ზედა ზღვარი ამჟამად 16.7 ტრილიონი დოლარია. თუ კონგრესმა ეს ზღვარი არ გაზარდა, 17 ოქტომბერს ამერიკას არ ექნება იმის სახსრები, რომ ნაკისრი ფინანსური ვალდებულებები შეასრულოს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი დარწმუნებულია, რომ ამერიკელი კანონმდებლები კრიზისის თავიდან აცილებას შეძლებენ. ეკონომისტები კი აცხადებენ, რომ თუ ვალის ზედა ზღვრის გაზარდაზე შეთანხმება არ მოხდა, ამერიკის ერკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდება, ქვეყნის კრედიტუნარიანობა ჩამოქვეითდება. ამან, შესაძლოა, ამერიკასა და მის პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური რეცესია გამოიწვიოს, რომელიც გაცილებით მძიმე იქნება, ვიდრე წინა რეცესია იყო.

ია მეურმიშვილი, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი
XS
SM
MD
LG