„ჰიბრიდული ომები და ევრო–ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების ლანდშაფტის ცვლილება“ – ასე ეწოდება დოკუმენტს, რომელიც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ეკონომიკური პერსპექტივის ფარგლებში მომზადდა.
თანამედროვე მსოფლიო მშვიდობისმოყვარედ სულაც არ გამოიყურება. მისი ერთი ნაწილი, საკუთარ სიძლიერედ ლიბერალურ დემოკრატიას მიიჩნევს, მეორე კი ამ ღირებულებას სისუსტედ აღიქვამს და ბრძოლაში იწვევს. საქართველო ჰიბრიდული ბრძოლის ველად უკვე დიდი ხანია იქცა.
რას ნიშნავს ჰიბრიდული ომები, როგორ ცდილობს რუსეთი „ქაოსის შექმნის“ თეორიის გამოყენებით უპირატესობის მიღწევას. რას ნიშნავს „პერმანენტული ომის“ ვითარებაში ყოფნა, რა გამოწვევების წინაშე დგება განსხვავებული ინტერესების ჭიდილში მსოფლიო და საქართველოც მასთან ერთად, ამის შესახებ ზემოთხსენებული პოლიტიკის დოკუმენტის ავტორებს ამერიკის ხმა ესაუბრა.
ბათუ ქუთელია, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელი ჩვენთან საუბრისას ამბობს: “რეალობა, რომლის წინაშეც დღეს მსოფლიო დადგა, ერთ დღეში არ ჩამოყალიბებულა. ეს ნელ–ნელა ხდებოდა და ამ ტაქტიკის ნაწილი გახლდათ წითელი ხაზების გადასინჯვა, რომ ისინი უფრო მკრთალი გამხდარიყო. თუკი პოსტ მეორე მსოფლიო ომისეულ მსოფლიოში წითელი ხაზი იყო ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისო სამართალი, კონვენციები შეიარაღებაზე კონტროლის და განიარაღების, რაზეც იდგა ევროპული და მსოფლიო უსაფრთხოება, რუსეთმა ნელ–ნელა ამ ზღვრების მოშლა დაიწყო და ტესტავდა რეაგირებას. სამწუხაროდ, ევროპას, ევრო–ატლანტიკურ თანამეგობრობას, დემოკრატიულ მსოფლიოს არ ჰქონდა სწრაფი და მყისიერი სტრატეგიული რეაქცია ამაზე. არ იყო ეს განხილული, როგორც მზარდი საფრთხე, ილუზორულად, რუსეთთან დათბობის თუ მისი ცივილიზებულ სამყაროში ჩართვის მცდელობამ მოიტანა ის, რომ რუსეთს გაუჩნდა დრო და სივრცე, რათა ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილები წინასწარ განელაგებინა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებში. ამ შემთხვევაში, იგივე ტანკების განლაგება მხოლოდ ფიზიკური სამხედრო საფრთხის შესაქმნელად არ ხდებოდა. სანამ ტანკებს განალაგებდა, რუსეთი გამოვიდა „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების კონტროლის ხელშეკრულებიდან“. იმ ხელშეკრულებიდან, რის საფუძელზეც, თავის დროზე მან რუსული სამხედრო ბაზები გაიყვანა საქართველოდან, რაც შემდგომში პუტინმა რუსული დიპლომატიის დიდ დამარცხებად აღიარა...“
კვლევის ერთ–ერთი ავტორი, ნინო ევგენიძე ამერიკის ხმასთან აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ნაკლებად ხედავს და აანალიზებს საფრთხეებს, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს, შესაბამისად, არც გარკვეული დღის წესრიგი, გეგმა არ აგვაქვს, სადაც საფრთხეებთან გამკლავების მექანიზმები იქნება შემუშავებული. „ჰიბრიდული ომი მაშინაა წარმატებული, მაშინ აღწევს მიზანს, როდესაც სახელმწიფო ინსიტუტები ქვეყანაში სუსტია. სახემწიფოებრივი მოწყობის პოსტულატები არამყარია. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ინსტიტუტები უნდა გვყავდეს ძლიერი, რომ ამ შემოტევას გაუკლავდეს. ჩვენი დაკვირვებით, პირიქით ხდება: მიმდინარეობს მათიმიზანმიმართული შესუსტება,“– აცხადებს ნინო ევგენიძე.
ბათუ ქუთელია მიიჩნევს, რომ მსოფლიო ამჟამად ცივი ომის ვითარებაშია. მისი პროგნოზით, ეს მდგომარეობა კლასიკური ომის ფორმას არ შეიძენს. „თუ ავიღებთ წმინდა სამხედრო ბალანსს და შევადარებთ ცივილიზებული სამყაროს: ნატოს და აშშ–ს, მათი მოკავშირეების სამხედრო პოტენციალს და რუსეთს, საერთოდ არათავსებადია. მრავალ ათეულჯერ აღემატება სამხედრო შესაძლებლობები დემოკრატიული სამყაროსი რუსეთის, ან რუსეთის და ეგრეთ წოდებული მოკავშირეების სამხედრო პოტენციალს. მაგრამ აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სწორედ ნატოს, აშშ და მისი მოკავშირეების კარგად ჩამოყალიბებულ საერთო სტრატეგიას. ამ საერთო სტრატეგიის ამოცანა ისაა, რომ სუსტი რგოლი ვერ იპოვოს რუსეთმა ასეთ ალიანსში. სუსტი რგოლი კი შეიძლება აღმოჩნდნენ სუსტი სახელმწიფოები შემდეგი მახასიათებლებით: ინსტიტუტების მოშლა შიგნით სახელმწიფოში და დისკრედიტაცია, ეროვნული კონსენსუსის არქონა ფუნდამენტურ სტრატეგიულ საკითხებზე, კორუფცია და სტრატეგიის არქონა საერთო მიზნების მისაღწევად. თუკი ეს პირობები არ იქნება უზრუნველყოფილი, წარმოუდგენელია რუსეთს ჰქონდეს ცდუნება მაინც, დაიწყოს ღია სამხედრო დაპირისპირება, რადგან იმ ჰიბრიდული ომის სხვა კომპონენტების განხორციელება გაუჭირდება. სწორედ ამიტომ ცდილობს საბრძოლო ველის მომზადებას საინფორმაციო პოლიტიკით, ეკონომიკური პენეტრაციით, ფინანსური შესვლით, ბაზრის კორუპმირებულობის რელსებზე გადაყვანით, რაც ასევე მისი მოკავშირეა. საინფორმაციო ველს რაც შეეხება, უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი ასეთი აქტივობა არაა მხოლოდ კომერციული. ესაა ერთი პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი და ერთ საერთო მიზანს ემსახურება. როდესაც შემოდის რუსული კომპანია, იქნება ეს გაზპრომი თუ ვიმპელკომი, მათ მთავარი ამოცანაა ჯერ კონტროლის აღება და პლუს, იმ არხების ხელში ჩაგდება, რითაც ადვილად მოახერხებენ ჯერ ფინანსური სისტემის კორუმპირებულობას და ასევე ზოგადად, საინფორმაციო სივრცის კონტროლს, რადგანაც, რეალურად, ეს ომი მიმდინარეობს ვირტუალურ სივრცეში და საინფორმაციო საშუალებებს, ინტერნეტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს,“– მიიჩნევს ბათუ ქუთელია.
ჰიბრიდული ომის პირობებში ბრძოლის არასამხედრო საშუალებებიც ისეთსავე მნიშვნელობას იძენს და ისეთივე ეფექტის მიღწევა შეუძლია, როგორც სამხედროს. ეგრეთ წოდებული რბილი ძალა, პროპაგანდა, ვაჭრობა, მაგალითად ენერგომატარებლებით და სხვა მისი შემადგენელი ნაწილებია.