“ჰუმან რაითს ვოჩმა“ რუსეთს დაჟინებით მოსთხოვა სამი ინციდენტის გამოძიება, რომლის დროსაც, უკრაინაში მოსკოვის არაპროვოცირებული შეჭრის შემდეგ, რუსულმა ძალებმა სამოქალაქო ავტომანქანებს ცეცხლი გაუხსნეს, ექვსი უკრაინელი მოკლეს და სამი დაჭრეს.
ერთი ინციდენტის დროს, მამაკაცი ავტომანქანიდან გადმოიყვანეს და უცერემონიოდ დახვრიტეს, განაცხადა“ჰუმან რაითს ვოჩმა“ 30 აპრილს.
სამი ინციდენტი 29 თებერვლიდან 3 მარტამდე პერიოდში მოხდა. ორი შემთხვევა იყო ქალაქ ჰოსტომელში, კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 20 კილომეტრის მოშორებით. მესამე ინციდენტი კიევიდან აღმოსავლეთით, 70 კილომეტრით მოშორებულ ჩერნიჰივის რეგიონის სოფელ ნოვა ბასანში მოხდა.
28 თებერვალს მომხდარი პირველი ინციდენტის დროს, რუსულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნა 2 ავტომანქანას, რომლითაც ცხრა სამოქალაქო პირი იმ ადგილის დატოვებას ცდილობდა.
3 მარტს ესროლეს ავტომანქანას, რომელშიც ოთხი მამაკაცი იმყოფებოდა. ისინი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების თაობაზე მოლაპარაკებას აპირებდნენ.
მესამე ინციდენტის დროს, რუსულმა ძალებმა ესროლეს ავტომანქანას, რომლითაც ორი მამაკაცი მგზავრობდა და ერთი მათგანი დაჭრეს. ჯარისკაცებმა მეორე მამაკაცი ავტომანქანიდან გადმოიყვანეს და იქვე დახვრიტეს, დაჭრილმა კი გაქცევა მოახერხა.
„ჰუმან რაითს ვოჩმა“განაცხადა, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონი და ომის კანონები კრძალავს სამოქალაქო პირების შეგნებულად სამიზნედ ამოღებას და ვინც ამის ბრძანებას გასცემს, ასეთ ქმედებას შეგნებულად სჩადის, ან ამაში ეხმარება, ომის დანაშაულზეა პასუხისმგებელი.
„რუსეთმა უნდა ჩაატაროს ამ მკვლელობების მიუკერძოებელი, სრული და გამჭვირვალე გამოძიებები და უკანონო თავდასხმების მსხვერპლთა კომპენსაცია მოახდინოს“, ნათქვამია ორგანიზაცის განცხადებაში.