ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევმა საქართველოში უკრაინის წარმომადგენელი დაითხოვა


უსახელო ძალები ცდილობენ შეარყიონ საქართველოსა და უკრაინის ისტორიულად ძლიერი ურთიერთობები, ამბობს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა, რომელმაც თანამდებობაზე ახლახანს ჩაანაცვლა დიმიტრო კულება.

სიბიჰამ საქართველოში უკრაინის დროებითი წარმომადგენლის, მიხაილო ხარიშინის გრძელვადიანი მისია დაასრულა და აღნიშნა, რომ ხარიშინს ომის დროს დიპლომატიის რეალობა არ ესმის.

ხარიშინის შესახებ განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც. ირაკლი კობახიძის თქმით უკრაინის დროებითი რწმუნებულის გაწვევა სარეცხი მანქანების შეძენის საკითხს უკავშირდება.

"ამ შემთხვევაში, ჩვენი ინფორმაციით, ეს არ არის პოლიტიკური აქტი. კონკრეტულმა წარმომადგენელმა, თუ არ ვცდები, დიპლომატიური სტატუსი აქვს ამასაც, შეიძინა საყოფაცხოვრებო ნივთები. ეს ჩაითვალა არაადეკვატურად, მიმდინარე ომის ფონზე და ეს გახდა მისი გაწვევის მიზეზი. ეს არის ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს. ანუ, განსხვავებით ელჩის გაწვევისგან, ეს არ არის პოლიტიკური აქტი, უკავშირდება კონკრეტული საელჩოს წარმომადგენლის მიერ ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენას, რომელიც მას უკრაინის ხელისუფლების მოსაზრებით, ომის პირობებში არ უნდა შეეძინა, საუბარია სარეცხ მანქანებზე“, - ამბობს კობახიძე.

უკრაინის ინტერესებს საქართველოში დროებითი წარმომადგენელი მას შემდეგ იცავდა, რაც კიევმა საქართველოდან ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო, მალევე რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

უკრაინის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების სავარაუდო მიზეზი საქართველოს მთავრობის მხრიდან მოხალისე მებრძოლებისთვის დაბრკოლებების შექმნა იყო.

უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა, კიევი 2023 წლის ზაფხულში მას შემდეგ დატოვა, რაც მას ქვეყნის დატოვება უკრაინის პრეზიდენტმა და მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსთხოვეს.

4 ივლისს საქართველოს ელჩი უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით დაიბარეს, მას "გადაჭრით გამოუცხადეს პროტესტი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო",- წერია “რადიო თავისუფლების” მასალაში, რომელიც 2024 წლის 6 ივლისს გამოქვეყნდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG