ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალატის რესპუბლიკელებმა ჩეინის პოსტი დაატოვებინეს


შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში, რესპუბლიკური უმცირესობის ხელმძღვანელებმა კანონმდებელი ლიზ ჩეინი პარტიის რანგით მე-3 ლიდერის პოსტს ჩამოაცილეს. ამის მთავარი მიზეზი ჩეინის მიერ ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საჯარო გაკრიტიკება გახდა, განსაკუთრებით კი - ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული ტრამპის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდებების კრიტიკა.

დღეს, დახურულ კენჭისყრაზე გადაწყდა, რომ ვაიომინგის წარმომადგენელმა ლიზ ჩეინიმ პოსტი უნდა დატოვოს. ის ამერიკის ყოფილი რესპუბლიკელი ვიცე-პრეზიდენტის, დიკ ჩეინის შვილია.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერების დიდი უკმაყოფილება ჩეინიმ პირველად მაშინ გამოიწვია, როცა მან 2021 წლის 6 იანვარს მომხდარ კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო, ხმა მისცა ტრამპის იმპიჩმენტს. სამშაბათს გაკეთებულ მიმართვაში ჩეინიმ თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დელეგიტიმიზაციის თაობაზე ტრამპის მიმდინარე მცდელობა, წარმოადგენს "საფრთხეს ამერიკისთვის, რომლის მსგავსიც ქვეყანას აქამდე არასდროს უნახავს".

დიდი ალბათობით, ლიზ ჩეინის პოსტს ტრამპის ენთუზიაზმით სავსე მხარდამჭერი ელიზ სტეფანიკი დაიკავებს. ტელეკომპანია "ფოქსთან" ინტერვიუში, სწორედ მას დაუჭირა მხარი კევინ მაკკართიმ, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG